აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
2026 წლის აბიტურიენტის მამა, განათლების საკითხების სპეციალისტი “კოალიცია ცვლილებებიდან” ვანო წერეთელი ამბობს, რომ უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმას უკვე აქვს პრობლემები და ეს, პირველ რიგში, განათლების ხარისხზე აისახება.
აბიტურიენტის მამა ამბობს, რომ 10-წლიანი საშუალო განათლების, სამწლიანი ბაკალავრიატისა და ერთწლიანი მაგისტრატურის შედეგად, ჩვენ 22 წლის ასაკში მივიღებთ ადამიანებს, მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ არათუ სრულფასოვანი, ნახევარი ცოდნაც კი, ვინც არ იქნება მზად არათუ საერთაშორისო კონკურენციისთვის, არამედ იმ ადამიანებთან კონკურენციაში შესასვლელად, ვინც სრულყოფილ განათლებას მიიღებს.
ასე გამოეხმაურა ვანო წერეთელი მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2028-2029 სასწავლო წელს, რადგან სკოლას და ასევე უნივერსიტეტში სამწლიან ბაკალავრიატს მოსწავლეებისა და სტუდენტების გაორმაგებული რაოდენოვა დაასრულებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კვოტებიც გაორმაგდება.
“რეალურად, აქ განათლების ხარისხი არავის აინტერესებს, არაფერი გათვლილი არ არის და სპონტანურად მოქმედებენ. ხარისხის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, მაგალითად, მე უნივერსიტეტში ვასწავლი, მყავს ჯგუფი და უნდა მითხრან, რომ 2028-2029 წელს უნდა ასწავლო არა ოც ადამიანს, რამედ 40 ან 50 ადამიანს.
მე მშობელი ვარ და ჩემი შვილი ახლა აბარებს, მან ჯერ კიდევ არ იცის რა კონკურენციაში უნდა შევიდეს, სად ჩააბაროს, რა უნდა შემოხაზოს, სად რამდენი ადგილი გამოცხადდება და ა.შ.
კიდევ ერთი წინააღმდეგობის წინაშე ვდგავართ, წლევანდელ წლამდე, ანუ შარშანდელის ჩათვლით, აბიტურიენტებს შეეძლოთ შემოეხაზათ როგორც სპეციალობა, ასევე ფაკულტეტიც, რომელშიც შედისი ეს სპეციალობა. მაგალითად, მე კულტურის კვლევების მიმართულების წარმომადგენელი ვარ, რომელიც შედის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ანუ ადამიანებს შეეძლოთ შემოეხაზათ კონკრეტულად კულტურის კვლევებიც ჩამონათვალში და ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიც. ახლა არავინ საუბრობს ამაზე, ამის გაკეთების უფლება აბიტურიენტებს აქვთ, თუ არა. ანუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს მთლიანობაში შემოხაზავს, თუ არა. ახლა რატომ აქვს ამას მნიშვნელობა: საბოლოო ჯამში, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ სტუდენტებს შეუზღუდონ არამხოლოდ საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა, მობილობის საშუალება, არამედ ფაკულტეტის შიგნითაც უკარგავენ მობილობის შესაძლებლობას.
მე, როგორც სტუდენტს, უნდა მქონოდა შესაძლებლობა, პირველი წელიწადნახევარი გამევლო შესავალი კურსები, მომესმინა სხვადასხვა – ფილოსოფიის შესავალი, არქეოლოგიის შესავალი, კულტურის კვლევების შესავალი და ამის მიხედვით მიმეღო გადაწყვეტილება, რომელ სპეციალობაზე მესწავლა. ეს არის თავისუფალი არჩევანი, საბოლოო ჯამში, განათლების სისტემის მთავარი მიზანი ხომ სოციალიზაციაა და იმაში ხელშეწყობა, რომ ადამიანებმა საკუთარ თავში აღმოაჩინონ, ნიჭი და სურვილები დაამთხვიონ ერთმანეთს, იმისათვის, რომ რეალიზაცია მოხდეს სწორად და მივიღოთ შემდგარი, ჭკვიანი ადამიანები”, – განაცხადა ვანო წერეთელმა 25 მარტს, პირდაპირ ეთერში საუბრისას.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ვანო წერეთელი საუბრობს პრინციპის – “ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი” დარღვევას ეხება:
“მაგალითად, კულტურის კვლევათ ინსტიტუტს, ანუ ჩვენს მიმართულებას დაუწესეს 25 ადამიანი, ანუ ჩვენი კვოტა არის 25. თუკი აბიტურიენტებს არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აირჩიონ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ არ უნდა ვასწავლოთ 25 ადამიანზე მეტს, ეს არის შეზღუდვა.
მეორე პრობლემა ის არის, რომ ე.ი. სადღაც ორი წლის თავზე, მე უკვე მომთხოვენ, რომ მივიღო იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მანამდე ვასწავლიდი. თუ არსებობს რაღაც დათვლა, რომ 25 ადამიანზე მეტი არ სჭირდება წელიწადში კულტურის კვლევების მიმართულებით ადამიანი, რომელიც დიპლომს აიღებს, მაშინ იმ დროს რატომ სჭირდება? რა გაჩნდება?”, – კითხულობს განათლების საკითხების სპეციალისტი.
აბიტურიენტის მამა ფიქრობს, რომ რეფორმის ავტორებმა არ იციან განსხვავება ფაკულტეტსა და პროფესიას შორის:
“თავიდან, როდესაც განაცხადეს “ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი”, რეალურად უნდოდათ, რომ ეგულისხმათ ერთი სპეციალობა – ერი ქალაქი, მაგრამ ეს ასე ბევრი მიმართულებით არ გამოუვიდათ. მაგალითად, ილიაუნის ხომ უტოვებენ მასწავლებლების გაზრდის შესაძლებლობას, შეეძლებათ თუ არა იმ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მაგისტრატურაში სხვაგან ჩაბარება? თუ ამის უფლებას მისცემენ, მაშინ ირღვევა ერთი “ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” სტრუქტურა. რატომ, იმიტომ, რომ ჩააბარებს ადამიანი ილიაუნიში ისტორიის მიმართულებაზე, სადაც მასწავლებელიც გამოვა და მერე გააგრძელოს მაგისტრატურაზე სხვაგან და მაშინ აზრს კარგავს ის, რომ ილიაუნიში სხვადასხვა სპეციალობები გააუქმეს, ვითომ ამ პრინციპის საფუძველზე”.
ასევე იხილეთ:
-
რატომ ვერ (ვ)აქებთ უმაღლესი განათლების რეფორმას?
by ARIS.GE-განათლება
-
„ვიტყვი, რას უნდა მიაქციონ აბიტურიენტებმა ყურადღება არჩევანის გაკეთებისას“ – NAEC-ის დირექტორის მითითებები
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
როდის შეუწყდებათ სტუდენტის სტატუსი და რა პირობებით ისწავლიან პროფესიულ პროგრამებზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება