GE

პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“

მასწავლებლებისთვის  სადამრიგებლო დანამატის ზრდა, განსხვავებული, ღირსეული პენსია, ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი და ფინანსური და სოციალური შეღავათები – ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვასა და უზრუნველყოფას პედაგოგები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სპეციალური განცხადებით სთხოვენ და იმედს იტოვებენ, რომ საკითხები რეაგირების გარეშე არ დარჩება.

საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი განცხადება საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანებამ მარტის თვეში შეიტანა და როგორც EDU.ARIS.GE -მ 27 მარტს გაარკვია, ახლა რეაგირების მოლოდინში არიან. განცხადება ჯანდაცვის კომიტეტს უკვე დაეწერა, კიდევ ერთი ადრესატი კი განათლების კომიტეტი უნდა იყოს.

ორგანიზაცია წერს, რომ ამ საკითხებზე თანამშრომლობა მინისტრ გივი მიქანაძის უწყებასთანაც სცადეს, თუმცა განათლების სამინისტრო არ თანამშრომლობს.

4 პრობლემური საკითხი, რომლის გადაჭრის თხოვნითაც პარლამენტს მიმართავენ:

“მოგმართავთ განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანება, საჯარო სკოლის მასწავლებელთა იმ ნაწილის სახელით, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ორგანიზაციის წევრებს და არამხოლოდ, მათი სახელითაც ვისგანაც ძალიან დიდია მომართვიანობა ქვემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან მიმართებაში. ჩვენი პროფესიული გაერთიანება დაფუძნდა 2024 წელს და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს გვერდში დაუდგეს განათლების სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს შრომითი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მას შემდეგ რაც დავარსდით, გვაქვს მცდელობა ვითანამშრომლოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი მხრიდან არანაირი სურვილი თანამშრომლობის არ ჩანს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ირღვევა კანონი პროფესიულ გაერთიანებებთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც სამინისტრო ვალდებულია, მის სფეროში არსებულ ყველა პროფესიულ გაერთიანებას შეუქმნას ერთნაირი პირობა. ამიტომ, იძულებულებული ვართ, მოვმართოთ პარლამენტს და შესაბამის კომიტეტებს, ჩვენს სფეროში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშრიებით.

გვსურს ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ და მწვავე პრობლემაზე, რომლებიც წლების განმავლობაში დაურეგულირებელი რჩება და მნიშვნელოვნად აზიანებს მასწავლებლის პროფესიის სოციალურ ღირსებასა და მდგრადობას.

I. დამრიგებელ მასწავლებელთა სადამრიგებლო დანამატი

ამჟამად საჯარო სკოლის დამრიგებლის სადამრიგებლო დანამატი შეადგენს 80 ლარს თვეში, რაც აშკარად არ შეესაბამება არც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას და არც დამრიგებლის რეალურ შრომით დატვირთვასა და პასუხისმგებლობას.

დღეს, როდესაც საქართველოში მკვეთრად არის გაზრდილი პირველადი მოხმარების პროდუქტების, ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და სხვა აუცილებელი სერვისების ფასები, 80-ლარიანი სადამრიგებლო დანამატი ვერ პასუხობს დამრიგებლის რეალურ ხარჯებსა და პასუხისმგებლობას. აღსანიშნავია, რომ დამრიგებლის მოვალეობები არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური პროცესის ზედამხედველობით. ისინი მოიცავს მოსწავლეთა სოციალურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, მშობლებთან მუდმივ კომუნიკაციას, ადმინისტრაციულ ანგარიშგებასა და კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებას.

მშობლებთან რეგულარული სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია დამრიგებლის პირდაპირი მოვალეობაა, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, განსაკუთრებით რეგიონებში, მასწავლებლებისთვის ტრანსპორტის შეღავათიც არ არსებობს, რაც მათ დამატებით ხარჯებს უქმნის.

ასევე აუცილებელია აღინიშნოს სოციალური ფონი, რომელშიც სწავლობს არაერთი მოსწავლე. ხშირია შემთხვევები, როდესაც დამრიგებლებს საკუთარი სახსრებით უწევთ მოსწავლეებისთვის ელემენტარული დახმარების გაწევა (საკვები, ჰიგიენური საშუალებები), რაც მათი პროფესიული ეთიკისა და ადამიანური პასუხისმგებლობის შედეგია, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის გარეშე რჩება.

დამრიგებლის პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მაღალია მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. 30–35 მოსწავლის ყოველდღიური ზედამხედველობა, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მუდმივ სტრესსა და გადატვირთულობას იწვევს, რაც არ არის ადეკვატურად ანაზღაურებული.

შესაბამისად, სადამრიგებლო დანამატის მნიშვნელოვანი ზრდა, აუცილებელ, გარდაუვალ საკითხს წარმოადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს სახელმწიფოს ჩართულობით. სხვა შემთხვევაში ვერავითარი რეფორმა ვერ გამოიღბეს აუცილებელ და საჭირო შედეგს.

II. მასწავლებელთა საპენსიო უზრუნველყოფა

შემდეგი საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, არის მასწავლებელთა განსხვავებული პენსია.

აუცილებელია მასწავლებლებისთვის განსხვავებული, პრიორიტეტული საპენსიო მოდელის შემუშავება, როგორც ეს მიღებულია ევროპის არაერთ ქვეყანაში, მაგალითად, სამხედროებისთვის, სამართალდამცავებისთვის და სხვა მძიმე პროფესიების ჯგუფებისთვის. ეს არის იმის აღიარება, რომ ისეთი პროფესიები, რომლებიც ხარჯავენ ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რესურსს, საჭიროებს განსხვავებულ საპენსიო წესებს.

პარალელურად საქართველოში ასეთი მიდგომა არ არსებობს — მასწავლებლებიც, რომლებიც ყოველდღე იტვირთებიან კლასის მართვით, ფსიქოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობით, ამ სისტემური მხარდაჭერის გარეშე რჩებიან. ეს ქმნის სოციალურ უსამართლობას იმ პროფესიულ ჯგუფებთან შედარებით, რომლებსაც საზოგადოების მაღალი მოთხოვნის გამო აქვთ უკეთესი საპენსიო გარანტიები.

რატომ უნდა ჰქონდეთ ქართველ მასწავლებლებს განსხვავებული, პრიორიტეტული პენსია?
განსხვავებული საპენსიო მოდელის შემუშავება ქართველი მასწავლებლებისთვის არ ნიშნავს მათ პრივილეგირებას, სხვა პროფესიებთან მიმართებაში— ეს არის ისტორიული, სოციალური და მორალური სამართლიანობის აღდგენა.

1990-იან წლებში, ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსის პირობებში, მასწავლებლები ფაქტობრივად უსასყიდლოდ მუშაობდნენ

  • მასწავლებლები თვეების განმავლობაში არ იღებდნენ ხელფასს ან იღებდნენ სიმბოლურ ანაზღაურებას;
  • მიუხედავად ამისა, მათ არ მიატოვეს სკოლები, არ შეწყვიტეს სწავლების პროცესი და არ „უღალატეს“ განათლების სისტემას;
  • სწორედ ამ თაობამ შეინარჩუნა საბაზისო განათლება სახელმწიფოსთვის, მაშინ, როცა სხვა სფეროები პრაქტიკულად პარალიზებული იყო.

დღეს მოქმედი საპენსიო სისტემა არ ითვალისწინებს იმ წლების შრომით დანაკარგს, რადგან პენსია დამოკიდებულია ოფიციალურად დაფიქსირებულ შენატანებზე, რომლებიც იმ პერიოდში ხშირად საერთოდ არ არსებობდა.

მოქმედი პენსია ვერ ასახავს რეალურად გაწეულ შრომას

დღეს ქართველი მასწავლებლები იღებენ ერთსა და იმავე საბაზისო პენსიას, მიუხედავად იმისა, რომ, კრიტიკულ პერიოდში განათლების სისტემა გადაარჩინეს.

მასწავლებლობა არის მაღალი სოციალური და ფსიქოლოგიური დატვირთვის პროფესია
მასწავლებლობა არ არის მხოლოდ სამუშაო საათები:

  • ეს არის ხანგრძლივი ფსიქოლოგიური სტრესი, პასუხისმგებლობა ბავშვების უსაფრთხოებაზე, განვითარებასა და მომავალზე;
  • განსაკუთრებით დამრიგებლებისთვის — მუდმივი ემოციური ჩართულობა, მშობლებთან ურთიერთობა, სოციალური პრობლემების მართვა.

ევროპის ქვეყნებში სწორედ ასეთი პროფესიები მიიჩნევა სოციალურად მძიმე შრომად, რაც საპენსიო პოლიტიკაშიც აისახება (ადრეული პენსია, გაზრდილი კოეფიციენტები ან დამატებითი სოციალური გარანტიები).

განსხვავებული პენსია არის სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღიარება
განსხვავებული საპენსიო მოდელი:

  • იქნება სახელმწიფოს მხრიდან მორალური ვალის აღიარება იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც 90-იან წლებში სისტემა გადაარჩინეს;
  • აღადგენს ნდობას სახელმწიფოსა და განათლების მუშაკებს შორის;
  • გააძლიერებს მასწავლებლის პროფესიის სოციალურ სტატუსს.

ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვისაც თუ სახელმწიფო არ აღიარებს წარსულში გაწეულ შრომას:

  • ახალგაზრდები ვერ დაინახავენ განათლებაში მუშაობის გრძელვადიან პერსპექტივას;
  • მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო დაკარგავს მიმზიდველობას.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, განსხვავებული პენსიის შემოღება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს და გააღრმავებს რეფორმის ეფექტურობას.

III. ჯანდაცვის გაუმჯობესებული პაკეტები

რატომ არის აუცილებელი საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გაფართოებული და სუბსიდირებული ჯანდაცვის პაკეტების დანერგვა (მედიკამენტების ჩათვლით)
საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გაფართოებული და სუბსიდირებული ჯანდაცვის პაკეტების დანერგვა წარმოადგენს შრომითი უსაფრთხოების აუცილებელ ელემენტს და არა დამატებით სოციალურ ბენეფიტს.

მასწავლებლის პროფესია დაკავშირებულია მაღალ ფსიქოემოციურ და ფიზიკურ დატვირთვასთან. ისინი ყოველდღიურად მუშაობენ მრავალრიცხოვან კლასებთან, მუდმივ ხმაურში, მაღალი პასუხისმგებლობის პირობებში, მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მშობლებთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე სრული პასუხისმგებლობით. ეს იწვევს სტრესთან დაკავშირებული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების, ნევროლოგიური დარღვევებისა და ქრონიკული გადაღლის მაღალ რისკს.
მიუხედავად ამისა, დღეს საჯარო სკოლის მასწავლებლები სარგებლობენ მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის მინიმალური პაკეტით, რომელიც:

  • არ ფარავს პროფილაქტიკურ კვლევებს;
  • არ უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;
  • არ მოიცავს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას.

განსაკუთრებით მძიმე პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მასწავლებლებს არ უნაზღაურდებათ არც მედიკამენტები, მათ შორის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო აუცილებელი პრეპარატები. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ მრავალი მასწავლებელი იძულებულია:

  • შეწყვიტოს ან შეამციროს მკურნალობა ფინანსური მიზეზების გამო;
  • იცხოვროს გამოუკვლეველი ჯანმრთელობის პრობლემებით;
  • გააგრძელოს მუშაობა გაუარესებული ჯანმრთელობის ფონზე.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა იწვევს დაავადებების გართულებას, შრომისუუნარობის ზრდას და პროფესიული გადაღლის გაღრმავებას, რაც პირდაპირ აისახება სასწავლო პროცესის ხარისხსა და სტაბილურობაზე.

გაფართოებული და სუბსიდირებული ჯანდაცვის პაკეტები, მათ შორის მედიკამენტების ნაწილობრივი ან სრულად ანაზღაურება, წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ეკონომიკურად უფრო ეფექტიან გადაწყვეტილებას, რადგან პრევენცია მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე და ხანგრძლივი დაავადებების მკურნალობის ხარჯებს, ამცირებს კადრების გადინებას და ზრდის განათლების სისტემის მდგრადობას.

ამგვარი პოლიტიკა ევროპულ ქვეყნებში განიხილება როგორც ინვესტიცია განათლების ხარისხში და არა როგორც სოციალური ხარჯი. შესაბამისად, მასწავლებლის ჯანმრთელობა უნდა იყოს აღიარებული ეროვნული მნიშვნელობის საკითხად.

სწორედ ამიტომ მოვითხოვთ საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გაფართოებული და სუბსიდირებული ჯანდაცვის პაკეტების დანერგვას.

IV. ფინანსური და სოციალური შეღავათები

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბანკებთან თანამშრომლობით შეღავათიანი სასესხო პროგრამების შექმნა და კომუნალურ გადასახადებზე სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
საჯარო სკოლების მასწავლებლების შემოსავალი ბევრ შემთხვევაში ვერ ფარავს სრულად ოჯახის, ცხოვრების საჭიროებებსა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, განსაკუთრებით თბილისში ან რეგიონებში, სადაც კომუნალური გადასახადები და საცხოვრებელი გაძვირებული აქვს. შეღავათიანი სასესხო პროგრამები და კომუნალურ გადასახადებზე სოციალური მხარდაჭერა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს გაუმკლავდნენ ფინანსურ პრობლემებს, შეინარჩუნონ სტაბილური ცხოვრების დონე და სრულად დაკავდნენ პროფესიული მოვალეობებით, რაც პირდაპირ ასახავს განათლების ხარისხსა და მოსწავლეთა კეთილდღეობაზე.

ვფიქრობთ, ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული პრობლემა საჭიროებს აუცილებელ, გადაუდებელ განხილვას. ვიმედოვნებთ, რომ აუცილებლად შეიქმნება შესაბამის საკითხების შემსწავლელი კომისიები და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით დაიწყება მუშაობა აღნიშნულ საკითხებზე.

ამ საკითხების მოგვარების გარეშე გამორიცხულად მიგვაჩნია ყოველგვარი რეფორმის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბარი. განათლების ხარისხი კი სწორედ ის გრძელვადიანი პერსპექტივაა, რომელზეც, რეფორმის ფარგლებში, ისევ უნდა დაიხარჯოს რესურსები და დრო, რომელთა მიზნობრივმა და ეფექტურმა ხარჯვამ უნდა ჩამოაყალიბოს საზოგადოების დამოკიდებულებულება ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი და რომელიც უნდა გახდეს სახელმწოფოს განვითარების გრძელვადიანი გარანტი”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური