GE

სწარფი კითხვის მეთოდები და რჩევები

თამარ კაციტაძე

ანბანის სწავლის შემდეგ ადამიანს სწრაფად კითხვის სურვილი უჩნდება. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, სწარაფად კითხვა საკმაოდ ბევრ ადამიანს უჭირს. სპეციალისტთა მტკიცებით, ეს არ არის პრობლემა და მისი დაძლევა სხვადასხვა მეთოდებით არის შესაძლებელი, მთავარია მონდომება და ვარჯიში. ცნობილი ფაქტია, რომ ჯიმი კარტერი და ჯონ კენედი სწრაფი კითხვის შემსწავლელ კურსებზე დადიოდნენ.

ზომიერი სისწრაფით მკითხველ ადამიანს 1 წუთში 100-დან 250-მდე სიტყვის წაკითხვა შეუძლია, სწრაფი მკითხველი კი იმავე დროში 500-დან 1000-მდე სიტყვას კითხულობს. სწრაფი კითხვის მსოფლიო ჩემპიონ ანა ჯონსს კი წუთში 4700 სიტყვის წაკითხვა შეუძლია.

სწრაფი კითხვის პრობლემა 1950 წელს ეველინ ვუდმა გადაჭრა (ერთ-ერთი ვერსიით ის ჯონ კენედის და სხვა ცნობილი ადამიანების ადვოკატი იყო, სხვა ვერსიით – სკოლის მასწავლებელი). ვუდმა შეიმუშავა სწრაფი კითხვის მეთოდი, რომელსაც ჯერ – “ვუდის”, მერე “სწრაფი კითხვის” მეთოდი უწოდეს. მისი მეთოდის მიხედვით, თუკი ადამიანი კითხვის დროს ტექსტს საჩვენებელ თითს გააყოლებს, ეს დაეხმარება ტექსტის ფოკუსირებაში, ასე გაცილებით ადვილად გაიაზრებს კითხვის სისწრაფეს და მცირე დროში გაცილებით მეტი ინფორმაციის დამახსოვრებას შეძლებს. მოგვიანებით ჰოვარდ სტეფან ბერგმა, რომელიც სწრაფი კითხვის ექსპერტი იყო, “მაქსიმალური სიმძლავრით კითხვის მეთოდი” შეიმუშავა. 1990 წელს ის გინესის წიგნში მოხვდა. მისი მეთოდი მოსწავლეებს ტექსტის კითხვასთან ერთად მის ზედმიწევნით დამახსოვრებაში ეხმარებოდა, რითაც ბერგი მათ არამარტო კითხვას, არამედ მახსოვრობის უნარსაც უვარჯიშებდა.

ფსიქოლოგების და განათლების სპეციალისტების განმარტებით, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გაწვრთნას გონება. სპეციალისტები ამბობენ, რომ როდესაც ადამიანს აქვს თითო სიტყვის ამოკითხვის ჩვევა, ამ დროს გონება “უქმადაა”. მას გაცილებით დიდი ინფორმაციის აღქმა და გადაამუშავება შეუძლია. მკითხველთა უმეტესობა პატარა ფრაგმენტებად კითხულობს, მათ კითხვისას ძალიან პატარა ფოკუსი აქვთ და ბუნებრივია კითხვის პროცესიც უფრო ხანგრძლივია.

სწრაფად კითხვის დაუფლების რამდენიმე რჩევა

ყველაზე უფრო გავრცელებული და ეფექტური მეთოდებია:

1.უმნიშვნელო სიტყვების გამოტოვება.

ამ დროს მკითხველის თვალი ფოკუსირებას ახდენს ერთდროულად სიტყვათა ჯგუფზე. გამოირიცხება “უმნიშვნელო სიტყვები”, როგორიცაა არტიკლები უცხო ენებში, კავშირები და სხვა.

2. სიტყვების გამოთქმის აკრძლვა, ანუ არ უნდა წაიკითხოთ ხმამაღლა. ეს კითხვის მთავარი პრობლემაა.

ასე გონებას მეტად უჭირს კონცენტრაცია და დამახსოვრება. ფსიქოლოგების რჩევაა გადაეჩვიოთ ამ წესს, მაგრამ სანერვიულო არაფერია, რადგან ის ბევრს ჩვევია.

3.სტრიქონებზე თითის ან ფანქრის გაყოლება.

ამ დროს თვალის მოძრაობა გაცილებით უკეთესია და მზერაც უფრო კონცენტრირებული. თუკი კითხვისას ადამიანი იყენებს საჩვენებელ თითს, რომელსაც ტექსტს აყოლებს, ეს მას თვალის ფოკუსირებაში ეხმარება.

4.პერიფერიული მხედველობის გამოყენება.

მზერა ფიქსირდება ერთ სიტყვაზე. მან მხედველობით უნდა აღიქვას გარშემო სიტყვები. ჩვეულებრივი მკითხველი ხედავს 5-6 სიტყვას ერთდროულად. კარგი მკითხველი ვარჯიშის შემდეგ 8-9 სიტყვას, ანუ მთელ ხაზს. ამ დროს თვალებიდან ტექსტი ცოტა მოშორებით უნდა იყოს.

5. მთლიანი ხაზის კითხვა.

ეს მაშინ, როცა მზერა მხოლოდ ერთ შუა წერტილზე დაფიქსირება და მთლიანი ხაზის აღქმა გვერდითი მხედველობით ხდება – ეს საკმაოდ ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი. ვარჯიშისთვის კარგია გაზეთების კითხვა, რადგან იქ უფრო მოკლე ხაზებია.

6. მთელი გვერდის სწრაფი აღქმა ანუ სკანირება.

ამ დროს ხდება ფურცლის კიდეზე (მინდორზე) ან ტექსტის შუაში თითის ჩაყოლება.

7. კითხვაზე ფოკუსირება.

8. იმ ნაწილების, თუნდაც მთლიანი თავების გამოტოვება, რომლებიც საჭირო არ არის.

კიდევ ერთი ხერხი, რომელიც ხელს შეგიწყობთ გაზარდოთ კითხვის სიჩქარე – ეს არის არასაჭირო ინფორმაციის გამოტოვება. ეს ხერხი სწრაფად კითხვის შესაძლებლობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს, და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საუკეთესო ხერხი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, ის გამოსადეგია მეცნიერთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამა თუ იმ წიგნის კონკრეტული ნაწილით, რომლის გამოყენებითაც დროის ეკონომიას აკეთებენ.

ა) დაიწყეთ შესავალით ან წინასიტყვაობით. ყურადღებით წაიკითხეთ ისინი იმისათვის, რომ გაიგოთ რაში მდგომარეობს წიგნის მთავარი აზრი და სად არის თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

ბ). წაიკითხეთ ბოლო თავი ან ბოლოთქმა.

გ). მიყევით ყველა თავს და წაიკითხეთ პირველი და ბოლო პარაგრაფები.

ცხადია, რომ ასე არ უნდა მოიქცეთ ყველა წიგნის კითხვისას. ამას არც ჩვენ გირჩევთ. “სქიმინგი”-ის გამოყენება მაშინაა ეფექტური, როცა არ გსურთ წიგნის სრულად წაკითხვა ან უბრალოდ გინდათ გაეცნოთ მას. ასევე იმ შემთხვევაში, როცა გაინტერესებთ თქვენთვის კონკრეტული ინფორმაცია ან გინდათ წიგნის ზოგადი შინაარსის გაგება იმისათვის, რომ მომავალში სრულად წაიკითხოთ ის.

9. როცა კითხვა არ შეგიძლიათ, უსმინეთ აუდიოწიგნებს.

როცა მგზავრობთ, ამზადებთ სადილს, სპორტით ხართ დაკავებული ან რაიმე სხვა მიზეზით ვერ კითხულობთ, მოუსმინეთ აუდიო წიგნებს. ეს დროის ეფექტურად გამოყენების შესანიშნავი საშუალებაა.

10. წაიკითხეთ ერთდოულად რამდენიმე წიგნი

რამდენიმე წიგნის ერთდროულად კითხვის ხერხი გულისხმობს, რომ ადამიანს სხვადასხვა წიგნში ამოკითხული მასალა ერთმანეთში არ აერიოს. თუკი საქმე გვაქვს ამ უკანასკნელ შემთხვევასთან, მაშინ უნდა მოხდეს მეთოდის ადაპტირება: ერთდროულად სხვადასხვა ჟანრის და ფორმატის წიგნების წაკითხვა (მაგალითად: კომიქსი, რომანი და აუდიოწიგნი).

11. უარის თქმა წიგნებზე, რომლებიც მკითხველისთვის არ “მუშაობს”.

ეს რჩევა ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა რჩევა ასეთია. თუკი თქვენ წაიკითხეთ წიგნის რამდენიმე თავი და კითხვისგან ვერ მიიღეთ სიამოვნება და სარგებელი, უბრალოდ შეეშვით ასეთი წიგნის კითხვას. ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს ისეთ წიგნებზე, რომლებიც არ მოგწონთ.

12. დიდი რაოდენობის ტექსტის კითხვის დროს თვალები საგრძნობლად იღლება, ამიტომ დროთა განმავლობაში საჭიროა მათი დასვენება.

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური