„სწავლის დაწყება ისე ძალიან მიხარია, ვგიჟდები“ – ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების 15 სექტემბრის ემოციები
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს თითქმის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა თუ მშობელს სახეზე სიხარული დასთამაშებს. საზეიმო განწყობა ყველასთვის სხვადასხვა ემოციას მოაქვს. პირველკლასელები ახალი, შეუცნობელის მოლოდინში არიან, საზეიმოდ გამოწყობილები, გაბრწყინებული თვალებით, ჯერ ისევ უცნობ თანატოლებს აკვირდებიან. უფროსკლასელებს კი, ძირითადად, მონატრებულ მეგობრებთან შეხვედრა ახარებთ.
EDU.ARIS.GE სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს თბილისი 51-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ემოციები მოისმინა. მოსწავლეთა ემოციები თითქმის ერთი და იგივეა – ამ დღეს ყველა ბედნიერია.
ნია კერესელიძე – პირველი კლასის მოსწავლე: ისე ძალიან მიხარია, ვგიჟდები. მოვემზადე და ისე წამოვედი. ჩანთაში ჩავილაგე წიგნები, გავიპრანჭე და ძალიან მიხაროდა. წერა და კითხვაც ვიცი, სადღაც დავდიოდი და ვისწავლე. ახლა ძალიან მინდა, სწავლა მალე დაიწყოს. კარგად უნდა ვისწავლო.
ლილე სააძე – პირველი კლასის მოსწავლე: ისე მიხაროდა, ვერ ვიძინებდი. მერე ავდექი და ვთამაშობდი. მერე, მამიკო რომ მოვიდა, ჩამეძინა და სკოლაში მოსვლა დავაგვიანეთ, მაგრამ ბოლოს აღარ დავაგვიანეთ. ახლა ძალიან მიხარია აქ ყოფნა.
ნენე კვირკველია – პირველი კლასის მოსწავლე: დედამ სკოლის ნივთები მიყიდა და ჩანთაში მიდევს ახლა. მიხარია, სკოლის ნივთები რომ მაქვს. ლექსები ვისწავლე და ისე მოვედი. რომ მეტყვის მასწავლებელი, ვეტყვი ლექსს.
ლადო ბესელიძე – პირველი კლასის მოსწავლე: მიხაროდა სკოლის დაწყება, მაგრამ არ მინდოდა. მთელი ღამე არ მეძინა. მულტფილმების ყურება მიყვარს. ლეგოც ბევრი მაქვს და მე და დედა ვაწყობთ ხოლმე. სწავლაც არ მეზარება.
კესანე კუპრაშვილი – მეორე კლასის მოსწავლე: ძალიან ველოდებოდი სწავლის დაწყებას. მომენატრა ჩემი კლასელები და მასწავლებელი. ყველაფერი გავიმზადე. დედიკო დამეხმარა ჩანთის ჩალაგებაში. სასკოლოდ ყველაფერი ერთად შევარჩიეთ და ვიყიდეთ მე და დედიკომ.
ანასტასია კარიჭაშვილი – მე-7 კლასის მოსწავლე: ძალიან მიხარია სწავლის დაწყება. მიხარია, რომ ჩემი მეგობრები ვნახე. მასწავლებლებიც მენატრება და, რა თქმა უნდა, სწავლაც. მიყვარს მათემატიკა, ინგლისური ენა და ბუნება. დანარჩენ საგნებსაც კარგად ვსწავლობ.
მარიამ ებანოიძე – მე-7 კლასის მოსწავლე: ძალიან მიხარია სწავლის დაწყება, რადგან ჩემს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვხვდები ამ დღეს. ძალიან მენატრებოდნენ. ასევე მიხარია ახალი საგნების სწავლა. ძალიან მაინტერესებს, რას ვისწავლით გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ისტორიაში… რასთან იქნება სასწავლო მასალა დაკავშირებული. ასევე მომენატრა ჩემი კლასის დამრიგებელი და მაინტერესებს, ახალი მასწავლებლები როგორები იქნებიან. ზაფხულში წიგნებს ვკითხულობდი, დედა მათემატიკაში მამეცადინებდა. წუხელის კი ღამე ვერ ვიძინებდი, მინდოდა, ძალიან მალე გათენებულიყო.
კესო მგელაძე – მე-11 კლასის მოსწავლე: მიხარია დღევანდელი დღე, რადგან მომენატრნენ ჩემი კლასელები. სწავლის პროცესიც მომენატრა. მოვემზადე ამ დღისთვის, ვიყიდე ყველა საჭირო ნივთი… ბედნიერება კი მაინც კლასელებთან ურთიერთობას უფრო მოაქვს.
სწავლის დაწყების დღეს შვილებზე არანაკლებ ღელავენ მშობლები. ზოგისთვის სკოლაში შვილის შეყვანა კი ახალი სამსახურის დაწყებასთან ასოცირდება.
თეა მოსია – პირველკლასელი მოსწავლის მშობელი: ძალიან სასიხარულოა ყველა მშობლისთვის, როცა მისი შვილი პირველად მიდის სკოლაში. ჩემი გოგონა, ნიტა ფიფია დიდი სიხარულით ემზადებოდა ამ დღისთვის. გამოცდილება კი ჰქონდა ამ სკოლაში ყოფნის, რადგან უფროსი და-ძმები ჰყავს, რომლებიც აქ დადიოდნენ და ეს გარემო უცხოდ არ აღიქვა. პანდემიის ბავშვია – საბავშვო ბაღში არ უვლია და მაინც მეგონა, რომ გარკვეული სირთულეები ექნებოდა, მაგრამ, პირველივე დღეს ვატყობ, რომ ძალიან მეგობრული, კომუნიკაბელურია და მასწავლებელიც მოსწონს. ჩემი უფროსი გოგონა წელს სამედიცინო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა და სიხარულის წელი მაქვს – ერთი სტუდენტი გახდა, მეორე სკოლაში შევიდა. ზოგადად, ძალიან ამაღელვებელია სწავლის დაწყების პირველი დღე.
ნატო გოგატიშვილი – მოსწავლეების მშობელი: ამ სკოლაში ჩემი ორი შვილი დადის. ერთი მე-11 კლასშია, ერთი კი წელს შევიდა სკოლაში და ძალიან ბედნიერები ვართ ყველა. მინდა, ასეთი აღმატებული განწყობა გაგვყვეს მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით პირველი კლასელებისთვის არის ემოციური და ამაღელვებელი, რადგან სულ სხვა სამყაროში შემოდიან და მშობელი კი ისე აგრძელებს ცხოვრებას, თითქოს ისიც ახალ სამსახურში მიდის.
ნინა სამადაშვილი – მე-2 კლასელი მოსწავლის მშობელი: ამ დღეს განწყობა ძალიან ამაღელვებელია. დიდი ხანი ველოდით სკოლის დაწყებას, მაგრამ დღეს ისეთი საცობები იყო ქალაქში, დავიგვიანეთ პირველივე გაკვეთილზე. სიხარულით ვემზადებოდით. ერთად ვიარეთ სასკოლო ნივთებისა თუ სამოსის შესაძენად, ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინეთ და ბედნიერები მოვედით სკოლაში. იმედი გვაქვს, რომ კარგი წელი გვექნება.
მასწავლებლებისთვის, რომლებსაც EDU.ARIS.GE ესაუბრა, ახალი სასწავლო წელი, ახალი ცხოვრების დაწყებასთან ასოცირდება. ამ დღესა და ბავშებთან ურთიერთობაზე საუბრისას ისინი ჩვენთან ემოციებს ვერ იკავებდნენ.
ნატა დონდუა – დაწყებითი კლასის მასწავლებელი: საოცრებაა პირველკლასელებთან შეხვედრა. მერამდენე პირველი კლასია ეს უკვე ჩემთვის და მაინც ვღელავ – ბავშვის ემოცია სწორად უნდა მიიღო და საპასუხო დაუბრუნო. მშობლებს გავისტუმრებ და დავიწყებ მათთან ჩახუტებას. ძალიან მიყვარს და მიხარია სკოლის დაწყების დღე. ამ დღეს თავიდან ვიბადები ხოლმე. საოცარი განცდაა, რასაც ვერაფერი შეედრება. როგორი ცუდადაც არ უნდა ვიყო, ამ დღეს მაინც კარგად ვარ და ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ახალი ემოციებით, ახალი სურვილებითა და ფანტაზიებით. ბავშვებისგან მომდის ენერგია და მათ კითხვებზე ვაწყობ მერე ჩემს ცხოვრებას. მე არ მყავს ოჯახი და მთლიანად მოსწავლეებზე ვარ გადართული და მათი ემოციებით ვცხოვრობ. წინა ღამეს ფაქტობრივად სკოლაში ვათენებ, რომ ბავშებს მომზადებული დავხვდე.
თინათინ კვიტაიშვილი – ბიოლოგიის მასწავლებელი, მე-7 კლასის დამრიგებელი: იმდენად სასიხარულო და ემოციურია ეს დღე, მთელი ღამე არ მეძინა იმის განცდაში, რომ დღეს ბავშვებს უნდა შევხვედროდი. ჩემი სადამრიგებლო კლასს მე-5 კლასიდან მოვყვები. უკვე მე-7 კლასის მოსწავლეები არიან და თვითონაც ძალიან მონატრებულები იყვნენ სკოლაში სწავლას პანდემიის გამო. შესაბამისად, სხვა სტიმული და დატვირთვა ჰქონდა ამ სასწავლო წლის დაწყებას. ისეთი ბედნიერები ვართ, პირისპირ, საკლასო ოთახში რომ გვიწევს სწავლება, ვერ აღგიწერთ. სულ სხვა კომუნიკაცია გვაქვს, როდესაც ერთად ვართ.
ასევე იხილეთ:
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება