თბილისის 5 სამოდელო სკოლაში ახალი პროექტის დანერგვა დაიწყო
პროექტი “სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში” ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა: მათი მონაწილეობა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებში და ჩართვა სპორტულ აქტივობებში. საპოლოტე პროექტი ხორციელდება თბილისის №10, №21, №60, №87 და №180 საჯარო სკოლებში.
პროექტის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა პროექტში ჩართული სკოლების დირექტორებსა და სპორტის პედაგოგებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროექტების ხელმძღვანელი, ქ-ნი მაია ყუფარაძე და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ბ-ნი ლევან კიკალიშვილი.
პროექტის პირველ ეტაპზე სკოლებში ჩატარდა შეფასება, გამოვლინდა პრობლემები და განისაზღვრა საჭირო სასპორტო ინვენტარის ჩამონათვალი. გარდა ამისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სპორტის გაკვეთილებში ჩართვის პროცესის დაწყებამდე, დაზუსტდა მათი რაოდენობა, ასევე დადგინდა მათი საჭიროებები და მოთხოვნები, რომელთა საფუძველზე მათთვის შემუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატრენინგო მოდულის შექმნა პედაგოგთათვის და ადმინისტრაციის წარმომადგენელთათვის, გარდა ამისა, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებთან.