GE

თბილისის #89 ბაგა-ბაღის მუშაობა გაურკვევლი ვადით შეწყდა

გლდანის რაიონში 89-ე ბაგა-ბაღის მუშაობა გაურკვეველი ვადით შეწყდა. აღსაზრდელების მშობლებს განუცხადეს, რომ შენობა ავარიულია და იქ ბავშვების ყოფნა საფრთხეს წარმოადგენს. ადგილობრივების  თქმით, ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი და 650 -მდე ბავშვის ბაღის გარეშე დატოვება სწორედ ამას უკავშირდება. ბაგა-ბაღების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ დედაქალაქში ყველა ბაღის შემოწმება მიმდინარეობს და ავარიული შენობების დახურვა ხდება.

გადაწყვეტილება ბაღის დახურვის შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა მშობლებისთვის, ინფრომაცია მათ ბაგა-ბაღების სააგენტომ სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა.

„დიდი ხანია სამსახურს ვეძებდი, ვიპოვე და უცებ ბაღში მიცხადებენ რომ დაიხურა და ვეღარ ვატარებ შვილს.  დამტოვებელი არავინ მყავს, იძულებული გავხდი სამსახურზე უარი მეთქვა. თუ შენობა ავარიული იყო და არ შეიძლებოდა შესვლა აქამდე სად იყვნენ? ვფიქრობ, ხელისუფლებას სხვა გეგმები აქვს მაგ ტერიტორიასთან დაკავშირებით, ადგილი აღარ დარჩა გლდანში კორპუსი რომ  არ აშენდეს და ალბათ მანდაც ეგ გეგმაა“, – უთხრა EDU.ARIS.GEს ერთ ერთმა მშობელმა.

„ძალიან მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია, ეს ბაღი ერთადერთი იყო გლდანში რომლითაც A და მე–2 მიკრო რაიონების მაცხოვრებლები სარგებლობდნენ. ბაღების შენობები კი ბევრია, მაგრამ ყველგან დევნილები არიან შესახლებული. გვითხრეს, რომ ალტერნატიულ ფართს ეძებენ და დროებით იქ გადავა დაწესებულება, მაგრამ რამდენი დრო დასჭირდება ამ პროცესს არ ვიცი, არადა, ბავშვი წელს სკოლაში შედის.  საახალწლო ღონისძიება ხო გაუქმდა თავისთავად, გამოშვების ამბავი როგორ იქნება არ ვიცი“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი სოფიო სილაგაძე.

თბლისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ხმები კორპუსის მშენებლობის შესახებ სიცრუეა და 89-ე ბაგა-ბაღის შენობის ექსპლუატაცია სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე შეწყდა.

„ბაღი რომ ავარიუილა გავიგეთ ერთი კვირის წინ.  შენობას გარეგნულად რომ შეხედავთ კარგი ჩანს, რადგან ეზო მოწესრიგებულია, თუმცა ნაგებობას ორივე სართულზე აქვს ბზარები  და საფრთხის შემცველია. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მოვიდა დასკვნა, რომ იქ ბაღის ფუნქციონირება დაუშვებელია. საჭიროა დამატებითი კვლევა, რომ განისაზღვროს ეს ბაღი დემონტაჟს ექვემდებარება თუ გამაგრებას. ბაღის დახურვა მოხდა იმ დრომდე, სანამ ალტერნატიული ფართი მოიძებნება და მოეწყობა, რომ დაწესებულებამ იქ გაარძელოს ფუნქციონირება. ყველა თანამშრომელს ანაზღაურება შენარჩუნებული აქვს. მშობლებს შევხვდით, ავუხსენით სიტუაცია, იქ არანაირი პროტესტი არ გამოუხატავთ.  სექტემბერში ვერ დავხურავდით, რადგან დასკვნა არ გვქონდა. ეს არ არის პირველი ბაღი რომელიც დაიხურა, თითქმის ათამდე ავედით. სააგენტოს მოთხოვნით ყველა შენობის  შემოწმება მიმდინარეობს”, -განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური