თბილისში 56 საბავშვო ბაღი დახურული რჩება – ინფიცირებულია 400-ზე მეტი თანამშრომელი
თბილისში არსებული 187 ბაღიდან, 14 თებერვლის მონაცემებით, კოვიდ პანდემიის გამო 56 ბაღი მთლიანად დახურულია. როგორც EDU.ARIS.GE-ს ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კორონავირუსით ინფიცირებულია 415 თანამშრომელი და 36 აღსაზრდელი. იმ ბაღებში კი რომელიც ისევ ფუნქციონირებს 61 ცალკეული ჯგუფია დახურული.
ამჟამად სკოლებსა და ბაღებში შეზღუდვები მხოლოდ წერტილოვანია და მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალი რეგულაციები არ დაუწესებია.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი აღსაზრდელთა მშობლების საყურადღებო განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ომიკრონი ბავშვებში ძირითად სურდოთი, ყელის ტკივილითა და მაღალი ტემპერატურით ვლინდება, თუმცა ამ ყველაფერს ზოგჯერ ღებინებაც ერთვის.
„თუ ბავშვს პირღებინება აქვს და სითხეს საერთოდ ვერ იღებს, ამ შემთხვევაში ჩვენი სამიზნე არა მარტო ტემპერატურის დაკლება, არამედ ორგანიზმის სითხით უზრუნველყოფაა. ამისთვის კი აუცილებელია წყლისა და ელექტროლიტების ხსნარის მიცემა, იმ შემთხვევაში კი თუ ამას ვერ ვახერხებთ – უმჯობესია ბავშვის ჰოსპიტალიზაცია მოვახდინოთ“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ კოვიდსიტუაციას, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 14 თებერვლის მდგომარეობით ყველაზე მაღალია.
„სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომიკრონის ცირკულაციის ფონზე, თანდათანობით დაიწყება კლება. დღეს არის 4 000 შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება. ეს ინფიცირების ციფრი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40%“, – განაცხადა დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ასევე იხილეთ:
„ყველანაირი აზრი დაკარგა ვირუსის შემთხვევის აღმოჩენისას კლასის დაკეტვამ“
მოამზადა თეკლა ტაბატაძემ
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19