GE

თეატრალური წარმოდგენის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში – განხორციელებული პროექტის მაგალითი

ავტორი მაია თურქიაშვილი, ქ. თბილისის #24 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

ოცდამეერთე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიური რევოლუციის პერიოდში, როდესაც ჩვენ გარშემო უკეთესი, ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად უამრავი რესურსი არსებობს,  შეუძლებელია, პედაგოგი სწავლების ტრადიციული მეთოდების ალტერნატიული, თანამედროვე სასწავლო-საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვა-გამოყენებას არ ცდილობდეს. პედაგოგიკა ხომ მუდმივი ძიების პროცესია. ჩვენ ვსწავლობთ იმისთვის, რათა სხვას ვასწავლოთ. ამ რთულ გზაზე უამრავ საშუალებას ვეძებთ, რათა ცოდნის გადაცემის გზები და ხარისხი შესაფერისი იყოს ჩვენი თანამედროვე თაობისთვის, ეპოქის გამოწვევებისთვის და რაც მთავარია, მოსწავლის უკეთეს შედეგზე ფოკუსირებული.

სწავლის თანამედროვე სტრატეგიები გვეხმარება, უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და ხალისიანი იყოს სასწავლო პროცესი, სადაც ყოველი მოსწავლე შეძლებს თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზებას. დიფერენცირებული სწავლების მიზანიც ხომ ეს გახლავთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, ჩვენი სათქმელი თითოეულ მოსწავლემდე მივიტანოთ და სწავლის პროცესი მათთვის სასურველი და საინტერესო გავხადოთ.

ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშნელოვანია პროექტებით სწავლება. ნებისმიერი პროექტი მოსწავლეს აძლევს საშუალებას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს, ასწავლის მას გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობას, პასუხისმგებლობის გაზიარებას, უძლიერებს საკუთარი თავის რწმენას და რაც მთავარია -ეხმარება მას სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია როლური თამაში სწავლა-სწავლების პროცესში. ეს გახლავთ ერთგვარი შემოვლითი გზა, გააუმჯობესო სწავლის ხარისხი და შედეგი, ხოლო პირდაპირი გზა, რომ უზრუნველყო მოსწავლეთა სრული ჩართულობა სასწავლო პროცესში, გაუღვივო მათ მოტივაცია, გაააქტიურო მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები და გახადო სწავლის პროცესი მათთვის უფრო სასურველი. როლური თამაშის დროს, მოსწავლე ხდება უფრო შემოქმედებითი, მიზანზე ორიენტირებული. იგი ცდილობს, პერსონაჟის სათქმელი მოიტანოს თქვენამდე და ამავდროულად, იყოს ძალიან დამაჯერებელი და ცოცხალი. იგი ხდება უფრო ემპათიური, ცდილობს, თანაუგრძნოს იმ პერსონაჟს, ვის როლსაც ირგებს, სწავლობს თანამშრომლობას და გუნდურობას, უკეთ შეიგრძნობს ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას.

ჩემ მიერ განხორციელებული პროექტი სწორედ ამ სტრატეგიის აქტიურ გამოყენებას გულისხმობს. თეატრალური წარმოდგენა იდეალური გზაა სასწავლო პროცესში როლური თამაშის გამოყენების თვალსაზრისით.

პრაქტიკული მაგალითი პირადი გამოცდილებიდან

ყველაფერი დაიწყო ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე, როდესაც გაჩნდა იდეა, რაღაც განსახვავებული და სახალისო შემეთავაზებინა ჩემი მოსწავლეებისთვის. პედაგოგიკა ხომ მუდმივი ძიების პროცესია მასწავლებლისთვის. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ნებისმიერი აქტივობა ჩვენი მოსწავლეების ინტერესებზე, შესაძლებლობებზე, უნარებსა და საჭიროებებზე იყოს მორგებული. მათი ინტერესების გათვალისწინებით კი ვახერხებთ, სასწავლო პროცესი უფრო მეტად სასურველი, სახალისო და დინამიური იყოს. სამიზნე კლასთან მუშაობის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ჩემი მოსწავლეებიც მუდმივი ძიების, სიახლეების მოლოდინში იყვნენ, მათი თვალები მეუბნებოდნენ ამას. მასწავლებელს ეს ნიშანი შეუმჩნეველი არასდროს დარჩება. ჰოდა, გავბედე და გავუმხილე ჩემი იდეა. პირველი შთაბეჭდილება იყო აღტაცება, მზაობა და მხარდაჭერა. ეს სრულიად საკმარისია მასწავლებლისთვის საიმისოდ, რომ ბოლომდე დაიხარჯოს თავისი მოსწავლეებისთვის.

და ჩვენ დავიწყეთ… წინ საკმაოდ დიდი ამოცანა იდგა… დავსხედით მე და ჩემი პატარა მეგობრები (დიახ, მეგობრები, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, ცოდნას და ერთად ვიზრდებით) და გადავხედეთ ერთმანეთის შესაძლებლობებს, ვის რისი გაკეთება შეეძლო ჩვენი გრძელვადიანი პროექტის სასარგებლოდ.

ანამ თქვა: „მას, მე შემიძლია, დავხატო სპექტაკლის პერსონაჟი გოჭები და გადავაქციო ისინი თოჯინებად”. ანასტასიამ, თამარმა, ელენემ და ნინიმ არ დაიზარეს და შექმნეს სპექტაკლის სხვა პერსონაჟები: სამი მთხრობელი თოჯინა, მგელი და სხვა. შექმნეს მსუბუქი ნათქვამია, შექმნეს არა, საუცხოოდ შექმნეს. ისე, რომ ბევრი კოლეგისთვის, თანატოლისთვის ჯერ კიდევ დაუჯერებელია როგორ შეიძლება, მეხუთე კლასელმა ბავშვმა ასეთი ოსტატობით შექმნას გრძელვადიანი რესურსი კონკრეტული აქტივობისთვის. დიახ, მათ ეს შეძლეს და მე ამაყი ვარ ამით.

მოსწავლეებმა თოჯინები სულ მოკლე დროში დაამზადეს, იმდენად დიდი იყო მათი მოტივაცია და ენთუზიაზმი, რამე ახალი და სახალისო გაეკეთებინათ ერთმანეთისთვის.

დადგა როლების გადანაწილების დრო. არც ეს გახლდათ ჩვენთვის დიდი დილემა. კიდევ ერთხელ დავსხედით და დავფიქრდით, ვის უფრო მეტად მოუხდებოდა ესა თუ ის როლი. ბავშვებმა თავად მოარგეს ერთმანეთს სპექტაკლის გმირის ხასიათი და საკმაოდ გონივრულადაც. სულ რვა პერსონაჟი გვჭირდებოდა. ვეცადეთ, ისე გაგვენაწილებინა სათქმელი, რომ სურვილის გათვალისწინებით, სპექტაკლში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველას ჰქონოდა. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენის შექმნაში საკმაოდ ბევრი მოსწავლის წვლილი წარმოჩინდა: გვყავდა მხატვარ-დეკორატორები, პერსონაჟები, სცენის მუშები, სცენარის ავტორი და ბევრი მაყურებელი.

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს თავიანთი სათქმელი მეორე გაკვეთილზევე დასწავლილი ჰქონდათ, პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვე გაგვიგრძელდა. ვცდილობდით, რეპეტიციებზე საშემსრულებლო ოსტატობა დაგვეხვეწა. რომ იცოდეთ, როგორ ელოდებოდნენ გაკვეთილის ბოლო 10 წუთს რეპეტიციისთვის…ზოგჯერ ვირუსიც გვიტევდა… მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

ახლოვდებოდა პრემიერის დღე. გვჭირდებოდა სცენა, თანაც ისეთი, რომ მოსწავლეებს „კულისებში“ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გამახსენდა, რომ დედის მიერ წლების წინ ნაყიდი და აწ უკვე უძვირფასეს მოგონებად ქცეული საპალტოე, სქელი, დიდი ქსოვილი მქონდა, თანაც იმხელა, რომ პატარების მოძრავ ფეხებს კულისებს მიღმა ჩინებულად დამალავდა. ახლა ფარდის დამაგრება დაგვჭირდა ისე, რომ პატარებს სპექტაკლის დროს ხელი არ შეშლოდათ. აქაც ჩემ ორ ოქროს გოგონას -ანას და ნინიკოს ვთხოვე დახმარება. ცხადია, ისინი სიამოვნებით დამთანხმდნენ. ტანწერწეტა ნინის ფარდის ერთი ბოლო ეჭირა, ხოლო ანას-მეორე.

დადგა პრემიერის ნანატრი დღე. გვყავდა ბევრი მაყურებელი (თანაკლასელები, თანატოლები) პატარების გულებმა სხვაგვარად დაიწყეს ძგერა. დიახ, ჩვენ ეს შევძელით, თანაც ძალიან კარგად გამოგვივიდა. იყო ბევრი აპლოდისმენტები, ოვაცია და კეთილი სიტყვა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიზარდეთ ერთად…

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება სასარგებლო იქნება ჩემი კოლეგებისთვის, ვინაიდან პროექტზე მუშაობამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დამანახა, რომ სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია სწავლის მიმართ ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი მოსწავლეებიც კი გავხადოთ უფრო მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული.

ასევე იხილეთ:

„სამუზეუმო გაკვეთილებით“ სწავლების მეთოდიკა და მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილის მაგალითი ქიმიაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური