GE

თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ბანკებში გაივლიან

ქალაქ თელავის საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს, მემორანდუმები გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. მემორანდუმის თანახმად, ბანკები პასუხისმგებლობას იღებენ დაასაქმონ უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტები და მაგისტრანტები.

დასაქმება გულისხმობს სტაჟირებას ქალაქ თელავში მოქმედ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ასევე, ბანკების საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლბელია წარმატებულმა სტუდენტებმა მუშაობა ბანკებში განაგრძონ. ამ დროისთვის ბანკმა „რესპუბლიკამ“ 8 სტუდენტი შეარჩია სტაჟირებისთვის, მათგან ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტისთვის შტატი გამოყო და დაასაქმა.

სტუდენტებს ზაფხულის არდადეგების პერიოდში პრაქტიკის გავლას ბანკები – „რესპუბლიკა“, „ვითიბი“, „თიბისი, „კორსტანდარტი“, „პროკრედიტი“, „კონსანტა“, „ქართუ“, „საქართველოს ბანკი, „ლიბერთი ბანკი“, „ბაზის ბანკი“, „ტაოპრივატბანკი“ სთავაზობენ.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მინისტრი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე მინისტრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური