GE

თემურ ჩხეიძის სახელოსნო– რა უნდა გადაიხადონ უფასო სწავლებაში სახელოსნოს კურსდამთავრებულებმა?!

ასზე მეტი დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე ოქტობრიდან მისივე სახელობის სახელოსნოს ჩაუდგება სათავეში. სახელოსნო ერთგვარად ნიჭის სამჭედლოსაც შეიძლება შევადაროთ, ადგილს სადაც უამრავი პრემიის ლაურეატი წლებით ნაგროვებ გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებს.
სახელოსნოს შექმნის იდეა მისია, მისია კი ნიჭიერი კადრების პოვნა და მათი კიდევ უფრო დახელოვნებაა.

სახელოსნოში მიღება სამ მიმართულებაზეა: რეჟისურა, დრამატურგია და თეატრმცოდნეობა.
განცხადებების მიღება 25 აგვისტოს დაიწყო და რეჟისორის სტუდენტობის სურვილი უკვე 30–ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა. საბუთების მიღება 5 სექტემბერს დასრულდება. სწავლა კი ოქტომბრის თვეში დაიწყება. სასწავლო სივრცედ თემურ ჩხეიძემ სამეფო უბნის თეატრი შეარჩია.

ის რომ რეჟისორი უფასო სასწავლო კურსებს ხსნის მედიაში უკვე გაჟღერდა თუმცა მსახიობი და პროექტის თანაავტორი ნიკა თავაძე Aris.ge-განათლებას ამ კურსის ძირითად მიზნებსა და პერსპექტივაზე დეტალურად ესაუბრა.

ბატონო ნიკა რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალგაზრდა რომელსაც სახელოსნოს სტუდენტი დაერქმევა?

– აუცილებელი მოთხოვნა ბაკალავრის ხარისხია, სასურველია იმ სპეციალობის რომელზეც მიღება გვაქვს. აპლიკანტები უნდა ფლობდნენ უცხო ენას და წარმოგვიდგინონ თავიანთი მანამდე გაკეთებული ნამუშევრები. ადგილი 8 გვაქვს: 4 რეჟისორის, 2 დრამატურგის და 2 თეატრმცოდნის.

როგორ მოხდება მათი შერჩევა?

– შერჩევა მოხდება მათი ინტელექტიდან, ფანტაზიის უნარიდან, სამუშაო მასალის გაანალიზებისა და რაც მთავარია, მათი ინდივიდუალური ხედვიდან გამომდინარე.

ბატონო ნიკა როგორ გაჩნდა სახელოსნოს შექმნის იდეა?

– აუცილებლობიდან გამომდინარე, რამაც ბოლო წლების განმავლობაში დაგვანახა თუ რა ეტაპზეა მომავალი ქართული სათეატრო ხელოვნება. ამის ინდიკატორი, სამეფო უბნის თეატრში ჩატარებული ახალგაზრული თეატრალური ფესტივალი, “არდი ფესტი” იყო. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედი გამოაჩინა ამ ფესტივალმა და ასევე დაგვანახა ისიც, თუ რაოდენ აუცილებელია მათი პროფესიული ხელობის განვითარება.

რას ელოდებით პროექტისგან?

– სწორად დაგეგმილი ღონისძიებები, მრავალი წლის გამოცდილება და რაც მთავარია მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი და პედაგოგი, რომელიც სათავეში უდგას ამ პროექტს – დიდ ოპტიმიზმს გვიჩენს.

ვინ წაიკითხავს ლექციებს სამეფო უბნის თეატრში?

– დიახ, ლექციები სამეფო უბნის თეატრში ჩატარდება. ძირითადად კურსს ბატონი თემური უხელმძღვანელებს. ასევე ჩატარდება ვორქშოფები და მასტერკლასები… მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ თემატურ ლექციებს და ასევე მოხდება პროფესიული ლიტერატურის თარგმნა და წიგნად გამოცემა.

როგორც ვიცით სწავლა ორ წლიანია და უფასოა?

– დიახ ასეა. სწავლა უფასოა, ამ შემთხვევაში ჩვენთვის უმთავრესია არა ფინანსური მხარე, არამედ თეატრისთვის აუცილებელი პროცესების განხორციელება, რომელიც მომავალ თაობას სერიოზულ პროფესიულ ეტაპზე გადაიყვანს. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტის განხორციელება ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და აქ კულტურის სამინისტროს უნდა ვუმადლოდეთ. ერთ რამეში მინდა დავარწმუნო ადამიანები, რომლებიც ბატონი თემურის სახელოსნოში მოხვდებიან – მათ დაუვიწყარი პერიოდი ელით. მსახიობების უფროსი თაობა დღემდე იხსენებს მასთან გატარებულ შემოქმედებით პერიოდს, როგორც ყველაზე საუკეთესოს მათ ცხოვრებაში და საკუთარი გამოცდილებითაც გეტყვით, რომ ეს მართლაც ასეა.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური