თეორიები სწავლის სტილის შესახებ
ანა ჯანელიძე
სწავლობენ თუ არა ადამიანები განსხვავებულად? სწავლობს თუ არა უკეთ ბავშვი იმ შემთხვევაში, როდესაც მას ცოდნა რომელიმე კონკრეტული სტიმულის საშუალებით მიეწოდება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ. გაგაცნობთ იმ თეორიებს, რომლებიც სწავლის სტილის შესახებ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მეტ-ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.
რას გულისხმობს სწავლის სტილი?
სწავლის სტილი კოგნიტური და ქცევითი სქემაა, რომელიც მეორდება სხვადასხვა დავალებაზე მუშაობისას სხვადასხვა დროში. სწავლის სტილი ეფუძნება თითოეული ინდივიდის აღქმის სხვადასხვაგვარობას. ამ განსხვავებულობის უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვითი ასოციაციების სავარჯიშო. მაგალითად, რა მოგდით აზრად პირველ რიგში, როდესაც მოისმენთ სიტყვას „სკამი”? ეს შეიძლება იყოს დასაჯდომი საშუალება, ავეჯი, რომელიმე კონკრეტული სკამი და ა.შ. განსხვავებული ინტერპრეტაციის ეს მარტივი მაგალითი ნათელს ხდის, თუ რატომ აფასებენ და ესმით ადამიანებს კომპლექსური სიტუაციები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად. კლასში ხშირად ბავშვებს მასწავლებლის სხვადასხვა მითითება „ესმით”. მასწავლებელი ტრენინგ-სესიის ბოლოს, იმ დღეს გავლილი თემების ნაწილს ადვილად გაიხსენებს, ნაწილს კი-ვერა. ეს მაგალითები აღწერს აღქმისა, ინფორმაციის გააზრებისა და დახსომების სპეციფიურობას ყველაზე იდეალურ სიტუაციაშიც კი, სადაც ცოდნის თუ ინფორმაციის მიმღები სწავლაზე კონცენტრირებულია. უმცროსი ასაკიდანვე ბავშვებს ეს განსხვავებულობა სასწავლო სიტუაციაშიც გადააქვთ. სწავლის განსხვავებული სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვასწავლის ჩვენთვის „საუკეთესო” გზებს სწავლისათვის წარმატებით თავის გასართმევად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია და წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს ის, თუ როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ თვისებებს. ზოგიერთი სტილის სფეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ დავალებებზე მუშაობა მოსწავლისთვის უფრო მარტივი ან უფრო რთული აღმოჩნდეს; როდესაც მოსწავლე მისი სტილის ძლიერ მხარეებს იყენებს, ის უფრო ეფექტურად ეუფლება ცოდნას თუ უნარებს.
თანამედროვე თეორიები
1960-იანი წლებიდან მეცნიერები აქტიურად იწყებენ სწავლასა და ინდივიდუალიზმთან დაკავშირებულ კვლევებს და ნელ-ნელა მკვიდრდება ტერმინი „სწავლის სტილი”. შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავთ. ბევრი მკვლევარის აზრით კი, რთულია მათ ჭეშმარიტება-მცდარობაზე საუბარი, სანამ შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით კვლევები არ ჩატარდება.
·შვეიცარიელი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის, თეორია ფსიქოლოგიური ტიპების შესახებ გამოყენებული იქნა კატერინ მაიერსისა და იზაბელ მაიერს ბრიგსის მიერ. მათ შეიმუშავეს სპეციალური ინსტრუმენტი „მაიერს- ბრიგსის ტიპის ინდიკატორი”. იუნგის თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის მიღების პროცესში: 1. შეგრძნებით აღქმა-ხუთი გრძნობის საშუალებით ინფორმაციის მიღების პროცესი; 2. ინტუიტური აღქმა- სენსორული ინფორმაციის მიღმა კავშირებისა და დასკვნების გაკეთების პროცესი. აგრეთვე, თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში: 1. გონებრივი მსჯელობა – ინფორმაციის ობიექტური და ლოგიკური კრიტერიუმების საშუალებით შეფასების პროცესი; 2. გრძნობითი მსჯელობა – ინფორმაციის სუბიექტური მნიშვნელობის საფუძველზე შეფასების პროცესი.
·რიტა და კენეტ დანებმა საკლასო ოთახში მოსწავლეთა ქცევაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად აღწერეს მოსწავლეთა გარემოს, ემოციური, სოციოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების სხვადასხვა მოდელები. მაგალითად, გარემო საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია- ხმაურის მიმართ მგრძნობელობა; ზოგიერთ ბავშვს დავალებების შესრულება მხოლოდ სიჩუმეში შეუძლია, ზოგს კი ხმაური საერთოდ არ აწუხებს. სოციოლოგიური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა- ზოგ ბავშვს დავალებაზე მარტო მუშაობა უადვილდება, ზოგს კი პირიქით- თანატოლებთან ერთად. ფიზიკური საჭიროების ერთ-ერთი კომპონენტია აღქმის ძლიერი მხარები: ბავშვები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორი ფორმით – ვიზუალური, აუდიო, ტაქტილური თუ კინესთეტური- მიღებულ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებენ და გამოიყენებენ.
აღნიშნული მოდელი ავტორებმა შეიმუშავეს რათა მასწავლებლებს შეძლებოდათ თავინთი მოსწავლეების სწავლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.
· ენტონი გრეგორი განასხვავებს და აღწერს აღქმისა და გააზრების სხვადასხვა სტილს. ის გამოყოფს აღქმის კონკრეტულ და აბსტრაქტულ ხარისხს, და ინფორმაციის ორგანიზების თანმიმდევრულ და არათანმიმდევრულ სტილს. მეცნიერის მიხედვით, თითოეულ ინდივიდს გააჩნია როგორც კონკრეტული, ასევე აბსტრაქტული აღქმის უნარი, აგრეთვე ინფორმაციის თანმიმდევრულად და არათანმიმდევრულად ორგანიზების სტილი, თუმცა თითოეული ადამიანი უფრო წარმატებულად იყენებს ერთ-ერთს.
·უოლტერ ბარბიმ და რეიმონდ სვასინგმა შექმნეს მოდელი, რომელიც კონცეტრირებულია სწავლის აუდიტორულ, ვიზუალურ და კინესთეტურ მოდალობაზე და მასწავლებლებს სთავაზობს მოდელის პრაქტიკაში დანერგვის პრინციპებს. მეცნიერთა აზრით, უსამართლობაა, როცა ბავშვებს სწავლისას მუდმივად უხდებათ თავიანთი სწავლის სტილის (მოდალობის) სუსტ მხარეებთან შეჯახება, მაშინ როდესაც ძლიერი მხარეები შესაძლოა სრულიად იგნორირებული იყოს. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადრეულ ასაკში უფრო მკვეთრად დომინირებს ერთ-ერთი მოდალობა. მოწიფულობასთან ერთად ადამიანს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სხვა მოდალობების გაძლიერება, თუმცა სტრესულ სიტუაციებში ზრდასრულებიც დომინანტურ მოდალობას უბრუნდებიან.
ვიზუალური მოდალობა. ადამიანები, რომლებიც უკეთ იგებენ და იმახსოვრებენ ვიზუალური ფორმით მიწოდებულ ინფორმაციას, ხშირად საუბრის დროს ხატოვნად წარმოიდგენენ ნათქვამს; კითხვის დროს მონიშნავენ ტექსტს და ა.შ. მათ სწავლაში ეხმარება თვალსაჩინოებები- სურათები, ცხრილები, გრაფიკები და ა.შ.
აუდიტორული მოდალობა. პიროვნება, რომლის ძირითადი მოდალობა აუდიტორულია, ფიქრის დროს ხშირად ხმამაღლა გამოთქვამს აზრებს. საკუთარი აზრების მოსმენით, ის უკეთ იმახსოვრებს; ესწრაფვის დაზუთხვასა და გამეორეობას და როგორც წესი, დავალების შესრულებისას მოითხოვს სიჩუმეს, რადგან ხმაური ხელს უშლის დავალებაზე კონცენტრირებაში.
კინესთეტური მოდალობა. ბარბი და სვასინგი კინესთეტურ მოდალობას განმარტავენ, როგორც მსხვილი და ნატიფი მოტორიკისა და შეხების გრძნობის აქტიურ გამოყენებას სწავლის პროცესში. კინესთეტური მოდალობის მქონე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს გაკვეთილზე ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა. ისინი ბევრად მეტს სწავლობენ მაშინ, როდესაც მშვიდად არ ზიან, რადგან ასეთ დროს მათ ყურადღებას არ ფანტავს ადგომისა და მოძრაობის სურვილი.
შერეული მოდალობები. მოსწავლის დომინანტური მოდალობა არის ის, რომლის საშუალებითაც ის ყველაზე ეფექტურად გადაამუშავებს ინფორმაციას. დომინანტური მოდალობა ცხადად ჩანს ადრეულ ასაკში, თუმცა ზრდასრულებში უკვე რთული ხდება მისი გამოცალკევება. მოსწავლეებში შერეული მოდალობები (ანუ ერთდროულად ორი ან სამი ძლიერი მოდალობა) გვხვდება მაშინ, როდესაც მათ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები თითოეული მოდალობის გასავარჯიშებლად (მაგ. მოსასმენი აქტივობები, თვალსაჩინობები, საკუთარი ხელით ჩატარებული ექსპერიმენტები და ა.შ.).
·ჰოვარდ გარდნერმა 80-იან წლებში შეიმუშავა და შემდგომ განავითარა მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. გარდნერი ინტელექტს განმარტავს, როგორც პრობლემების გადაჭრის ან ისეთი პროდუქტის შექმნის უნარს, რომელიც ღირებულია ამა თუ იმ კულტურულ გარემოცვაში. თეორია ეწინააღმდეგება წარმოდგენას, რომ ადამიანებს დაბადებიდან აქვთ „ერთი” ინტელექტი, რომელიც არ იცვლება და ფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით გაზომვადია. ინტელექტის ტესტების უმრავლესობა ზომავს ვერბალურ-ლინგვისტურ და ლოგიკურ-მათემატიკურ ინტელექტს, გარდნერი კი მათ გარდა კიდევ ექვსს გამოყოფს: სივრცითი ინტელექტი, სხეულებრივ-კინესთეტური ინტელექტი, ინტერპერსონალური ინტელექტი, ინტრაპერსონალური ინტელექტი, მუსიკალური ინტელექტი და ნატურალისტური ინტელექტი. გარდნერი თვლის, რომ თითოეული ადამიანს გააჩნია რვავე ინტელექტი, თუმცა დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი მეტად უვითარდება, სხვა კი ნაკლებად და შესაბამისად, სწავლისას უკეთ ართმევს თავს იმ სფეროებს რასაც „წარმატებული” ინტელექტი მოიცავს.
თეორიული ცოდნის გამოყენება საკლასო ოთახში
სწავლის სტილთან დაკავშირებული ზემოთ აღწერილი თეორიები და მოდელები იმდენად მრავალმხრივია, რომ შესაძლოა ბევრმა მასწავლებელმა იმთავითვე ჩათვალოს, რომ მათი გათვალისწინება პრაქტიკაში შეუძლებელი იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ თეორიასთან დაკავშირებით რიგ მეცნიერებსაც მსგავსი შეხედულება აქვთ და მიაჩნიათ, რომ სწავლების პროცესში თითოეული მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო მისი ეფექტურობის შესახებ კი სათანადო კვლევების შედეგები არ არსებობს. არც იმის განსაზღვრა არის ადვილი, თუ სწავლის რომელი სტილია (და რომელი კლასიფიკაციით!) დომინანტური თითოეული მოსწავლისათვის. მიუხედავად ამისა, მასწავლებელს ნამდვილად შეუძლია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე ბავშვებისთვის სწავლას გაამარტივებს და უფრო სახალისოს გახდის:
·მიეცით ბავშვებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური დავალებები; რიგ შემთხვევებში მიეცით საშუალება თავად აირჩიონ დავალებაზე მარტო იმუშავებენ თუ თანაკლასელებთან ერთად;
·ბავშვებთან ერთად რეგულარულად განახორციელეთ გონებრივი იერიში ახალ საკითხთან დაკავშირებით; ასეთი აქტივობის დროს თითოეული ბავშვი შეიძლება თანაბარი ინტერესით ჩაერთოს მასში. გონებრივი იერიშის დროს მოსწავლეები სპონტანურობასა და შემოქმედებითობას ავლენენ;
·მოსწავლეებისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდებისას გამოიყენეთ სხვადასხვა მანიპულატივები, თვალსაჩინოებები; მიეცით საშუალება ბავშვებს მოახდინონ მანიპულაციები შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების/საგანმანათლებლო თამაშების საშუალებით და ა.შ;
·ნუ დაუშლით ბავშვებს, განსაკუთრებით უმცროს ასაკში, კითხვისას თითი გააყოლონ ტექსტს, ან ფერადი ფანქრებით გააკეთონ წიგნში მონიშვნა;
·ახალი ინფორმაციის მიწოდების დროს შეეცადეთ ხატოვნად გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, ისე რომ, ბავშვებმა მეტი ყურადღებითა და ინტერესით მოგისმინონ;
·ზოგიერთ მოსწავლეს უყვარს ისეთი დავალებები, სადაც ზედმიწევნით გაწერილი რა ევალება მას, სხვებს კი ურჩევნიათ მეტი თავისუფლება ჰქონდეთ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გარკვეული დავალებების მიცემისას (მაგ. პროექტზე მუშაობა) მკაფიოდ განუსაზღვრეთ მოსწავლეს დავალების მიზანი, მაგრამ შესთავაზეთ რესურსების, დავალების ჩაბარების თარიღის და სხვ. არჩევანი.
წყარო: mastsavlebeli.ge
იხილეთ ორიგინალი