მოსწავლის დედის სათქმელი: „მასწავლებლებო, გვასწავლეთ, ნუ გეზარებათ!“
EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის “თავისუფალი ტრიბუნა” დღევანდელი წერილის ავტორი გახლავთ სამი შვილის დედა, რომელთაგან ორი საჯარო სკოლის მოსწავლეა.
მე სესილი ვარ, სამი შვილის დედა, სკოლა წლების წინ დავამთავრე, მაგრამ რატომღაც, ისევ სკოლაში ვსწავლობ. ადრე ამას „სკოლაში ჩარჩენა“ ერქვა, მე კი სკოლაში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დავბრუნდი. ეს იყო დიდი და გრანდიოზული დაბრუნება. მას თვალები აციმციმებული ჰქონდა, მე უბედნიერესი ვიყავი, ჩემი შვილი პირველკლასელი იყო. დიდი ენთუზიაზმიც გვქონდა, ბედნიერებიც ვიყავით, მაგრამ სკოლა ვარდისფერი გარემოს ნაცვლად, ნაცრისფერი ციხე აღმოჩნდა!…
სკოლა არ აღმოჩნდა ადგილი, სადაც მასწავლებლებს უნდათ, რომ გასწავლონ. აქ მხოლოდ იმას გიკონტროლებენ თეთრი პერანგი გაცვია თუ ფერადი, დეტალებიანი მაისური. ჰო, ამის კონტროლი თავად დირექტორს აქვს საკუთარ თავზე აღებული. იმიტომ, რომ სწავლისთვის, პედაგოგებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისთვის და შესაბამისად, მათგანაც ხარისხიანი განათლების გაცემის მოთხოვნისთვის დრო აღარ რჩება.
დრო არ რჩება არც იმის დასაგეგმად, საკუთარი პედაგოგები გადაამზადოს, მოამზადოს ახალ თაობასთან სწორი კომუნიკაციისთვის, სწორი სისტემის შექმნისთვის, სწორი განათლების ჯაჭვის ჩამოყალიბებისთვის.
დრო მას საერთოდ არაფრისთვის რჩება, პატარა საქმე არაა 2000-მდე მოსწავლეს მკაცრად გაწერილი (და არა დაწერილი) „დრესკოდი“ უკონტროლო.
მაგრამ ახლა დირექტორებზე არ ვწერ, ახლა სულ სხვა რამეზე ვწერ. ახლა მასწავლებლებზე ვწერ, რომელთაც გაკვეთილის ჩატარება ეზარებათ და ახლა იმ მასწავლებლებზეც ვწერ, რომელთაც ბავშვები არ უყვართ! ეს ორი შეიძლება, ზოგჯერ სხვადასხვა კატეგორია იყოს, თუმცა გარჩევა ძალიან გაჭირდეს.
ისინი მუდმივად აყვედრიან მოსწავლეებს გაკვეთილის ჩატარებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოფიციალური არდადეგები იწყება და ბავშვები კი არდადეგების წინა და მომდევნო კვირაში, ნაცვლად იმისა, რომ არდადეგები გაიხანგრძლივონ და შინ დარჩნენ, სკოლაში დადიან!
გესმით? მოსწავლეები სკოლაში დადიან! როგორ შეიძლება? გაუმართლებელია!
ამ წნეხს ზოგი მოსწავლე ვერ უძლებს რჩება შინ, ზოგის მშობელს ეზარება შვილის სკოლაში გაშვება და ვინც არც ერთ კატეგორიაშია და არც მეორეში, მიდის სკოლაში და ისმენს პედაგოგისგან საყვედურს, მუქარას: „რომ ამ დროს სკოლაში არ უნდა დადიოდეს“, „რომ 3-4 ბავშვისთვის გაკვეთილის ჩატარება მას არ უნდა უწევდეს“ და „რომ ახლა მათ მთელი წლის პროგრამას გამოჰკითხავს“! ხელში ხელკეტი აკლიათ, თორემ ფილმებში ნანახ, ციხის ბოროტ მანდატურებს არაფრით ჩამოუვარდებიან!
ჰო, ცხადია, ამაზე არავინ იღებს ხმას და ამ დროს მე რას ვაკეთებ? ვიცი, სისტემა მხოლოდ მე გამჭყლეტს, გამსრესს, გადამივლის, ამიტომ ჩემს შვილს ვასწავლი პასუხს, სწორს, ზრდილობიანს და ღირსეულს ადამიანთა მსგავს კატეგორიასთან „საბრძოლველად“. დღეს ის ცდილობს „ბოროტ ხელკეტიან მანდატურებს“ ისე დახვდეს, თავად ისინი გასკდნენ ბრაზისგან, რადგან გაკვეთილის ჩატარება მაინც მოუწევთ და არც იმაზე მეტი ცოდნა ექნებათ, ჩემი შვილი კითხვებით რომ „ჩაჭრან“! შვილების ამაში გაწვრთნა მშობლებს არ უნდა გვიწევდეს!
ჰო, სხვათა შორის, არც ჩვენ უნდა გვიწევდეს დავალებების შესრულება, მათ შორის, არც კომპლექსური დავალების სახელით შენიღბული დავალებების. არ უნდა უწევდეს მშობელს სახლში ჭრა და კერვა იმ მოტივით, რომ ვითომ ამას იდეალურ შემთხვევაში, ოჯახი ერთად გააკეთებს, დატკბება ამ პროცესით. არა, მეგობრებო, ჩვენ, მშობლები, აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა, უმრავლესობა მაინც, ამ პროცესით ვერ ვტკბებით. პროცესი ჩვენთვის ტანჯვაა. ხშირ შემთხვევაში, ტანჯვაა ბავშვებისთვისაც. ისინი ტირიან, ბრაზობენ, მასწავლებლების მიერ მათთვის დავალებულ პროექტებს მშობლებს გვავალებენ და ეს არის დაუსრულებელი წრე. შედეგად მშობლები ვეჯიბრებით ერთმანეთს, ბავშვები კი ისევ თამაშგარე მდგომარეობაში არიან. ჰო, ბავშვები, სკოლაში, თამაშგარე მდგომარეობაში არიან! ბავშვები მოედანზე, „ძირითად დროში უნდა თამაშობდნენ“! უნდა „დარბოდნენ“, „დაფრინავდნენ“ და ცოდნის, ადამიანობის „გოლიც“ გაჰქონდეთ!
და დიახ, მე სკოლა წლების წინ დავასრულე და დიახ, მე სკოლაში ახლა წესით აღარ უნდა ვსწავლობდე.
და დიახ, აღარც თქვენ უნდა „მიწერდეთ ნიშანს“!
და დიახ, სწორედ თქვენ, თქვენ და თქვენ, უნდა ასწავლიდეთ ბავშვებს ან ინდივიდუალურად თითოეულ ბავშვს! თუნდაც ამისთვის მთელი გაკვეთილის დათმობა დაგჭირდეთ!
თქვენ უნდა ასწავლოთ, დიახ, უნდა ასწავლოთ! მე კი უნდა დაგეხმაროთ, ესაა სწორი. და მე თქვენ აუცილებლად დაგეხმარებით, იმიტომ, რომ ჩემი შვილია. ისინი ჩვენი ყველას შვილები არიან და ვალდებულები ვარ მათ ღირსეული განათლება მივცეთ, სხვაგვარად არაფერი გამოვა! ამიტომაც მასწავლებლებო, გვასწავლეთ, ნუ გეზარებათ!
ნუ ეცდებით გონების დაძაბვას, ვარ თუ არა თქვენი რომელიმე მოსწავლის მშობელი და ნურც შვებით ამოისუნთქავთ, თუ მე თქვენი მოსწავლის მშობელი არ აღმოვჩნდები, რადგან, დიახ, მე ყველა მოსწავლის მშობელი ვარ, თბილისშიც და რეგიონებშიც. დიახ, თქვენ, თქვენც და თქვენც, ხართ ის მასწავლებლები, ვისზეც ზემოთ დავწერე!
ასევე იხილეთ:
-
არაეთიკური საქციელი? – მოსწავლეები, მშობლები და კოლეგები მენტორი მასწავლებლის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ
by ARIS.GE-განათლება
-
ერთჯერადი გადაწყვეტილებით, 2026 წელს პირველ კლასში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები დარეგისტრირდებიან
by ARIS.GE-განათლება
-
ესეების კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის – „ჰაერის გზავნილი ადამიანებს“
by ამბები ზოგადი განათლებიდან