ტექსტის რედაქტირება, წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება – როგორ უნდა იმეცადინოს აბიტურიენტმა სწორად ქართულის ტესტის დავალებებზე
2023 წლის აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელ ერთ-ერთ მთავარ საგანს – ქართულ ენასა და ლიტერატურას წელს ცვლილებები არ შეხებია. მიუხედავად ამისა, ქართულში მეცადინეობას აბიტურიენტები ყველაზე დიდ დროს უთმობენ.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წელს ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში შემდეგი ტიპის დავალებები იქნება : I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია წაკითხულის გააზრების დავალებების შესასრულებლად). ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასებაა 60 ქულა, გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი.
EDU.ARIS.GE, ამ სამი დავალების შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ქართულის სპეციალისტის მითითებებს წარმოგიდგენთ, სადაც ახსნილია როგორ უნდა იმუშაოს აბიტურიენტმა ამ დავალებებზე ისე, რომ საკუთარი შედეგით კმაყოფილი დარჩეს და რა შეცდომის დაშვებას როგორ უნდა აარიდოს თავი.
ტექსტის რედაქტირება
გამოცდების ცენტრი: ამ დავალების შეფასებისას ნათლად ჩანს, რომ აბიტურიენტთა ნაწილი ტექსტის რედაქტირების ნაცვლად მექანიკურად ეძებს და ასწორებს ცალკეულ ფორმებს, რაც განსაკუთრებით გაუმართლებელია სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომებისა და სტილისტური ხარვეზების გასწორებისას. ფორმა, რომელიც შეცდომაა ერთ შემთხვევაში, სხვა კონტექსტში შეიძლება სწორი იყოს, ამიტომ ამ დავალების შესრულებისას ძალზე მნიშვნელოვანია აბიტურიენტმა ყურადღებით წაიკითხოს ტექსტი და შეცდომების გასწორებისას კარგად გაიაზროს კონტექსტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რედაქტირებულის ნაცვლად ბუნდოვანი, ფაქტობრივი შეცდომებითა და ხარვეზებით სავსე ტექსტი მიიღოს. გაითვალისწინეთ, სხვადასხვა წელს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ქულათა განაწილება შესაძლოა ოდნავ განსხვავებული იყოს, თუმცა ჯამური ქულა უცვლელი რჩება.
ნინო ანთაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ტექსტის რედაქტირების დროს აუცილებელია, აბიტურიენტმა ზუსტად იცოდეს რამდენი შეცდომის პოვნა ევალება ტექტში, თუ იმაზე მეტი შეცდომა ნახა, ვიდრე ამას პირობაში ითხოვდნენ, კიდევ ერთხელ გულისყურით წაიკითხოს ის ნაწილი, რომელშიც ეჭვი ეპარება. ამასთან, აკონტროლოს დრო. ამ დავალების შესასრულებლად სრულიად საკმარისია 12 წუთი, მაქსიმალური ქულა კი არის 16 და უნდა იყვნენ მოტივირებულნი, მოიპოვონ თექვსმეტივე ქულა.
ტექსტის რედაქტირების შეფასების კრიტერიუმები: ტექსტის რედაქტირება (16 ქულა).
I. მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები, მექანიკური შეცდომები 8ქ.
ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე მაქსიმალურ შეფასებას (8) აკლდება თითო ქულა.
II. სტილისტური ხარვეზები და ტექსტური უზუსტობები 2ქ.
ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (2) აკლდება თითო ქულა
III. პუნქტუაციური შეცდომები 6ქ.
ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე მაქსიმალურ შეფასებას (6) აკლდება თითო ქულა
წაკითხულის გააზრება
გამოცდების ცენტრი: წაკითხულის გააზრების შესრულებისას აბიტურიენტმა ჯერ ყურადღებით უნდა წაიკითხოს მოცემული ტექსტი, რათა გაიაზროს მისი მთავარი სათქმელი და ავტორის მიზანდასახულობა; ამის შემდეგ გაეცნოს შეკითხვებსა და ასარჩევ პასუხებს, დაუბრუნდეს ტექსტს და თავიდან, დაკვირვებით გაიაზროს ის კონკრეტული მონაკვეთი, რომელსაც ესა თუ ის შეკითხვა ეხება. ასარჩევი ოთხი პასუხიდან შესაძლოა ოთხივე პირდაპირ ტექსტიდან იყოს ამოღებული, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი არის კონკრეტული შეკითხვის პასუხი და, ამდენად, სწორი პასუხის მიგნება ტექსტის სიღრმისეულ გაგებასა და დაკვირვებულ ანალიზს მოითხოვს.
ნინო ანთაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: წაკითხულის გააზრება ამოწმებს მოსწავლის სააზროვნო უნარ-ჩვევებს, სწორად ესმის თუ არა ის, რასაც ეკითხებიან. თუ რომელიმე შეკითხვამ დაგაბნიათ ან კარგად ვერ გაიგეთ რას გეკითხებიან, კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხოთ, რომ არ აცდეთ კითხვას და მთავარ აზრს. ნუ ჩათვლიან, რომ რაღაც ურთულესთან გაქვთ საქმე და რომ თქვენი პასუხი ვერ იქნება სწორი, რადგან დავალება მარტივია.
წერითი დავალება
გამოცდების ცენტრი: აბიტურიენტებმა კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ მხატვრულ ლიტერატურას. გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ მათ საფუძვლიანად შეისწავლონ და ღრმად გაიაზრონ საპროგრამო ნაწარმოებები. აბიტურიენტს უნდა შეეძლოს საპროგრამო ტექსტების ანალიზი, მათში წამოჭრილი პრობლემატიკის გამოკვეთა და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო ტექსტების სწორად გააზრებასა და სიღრმისეულ ანალიზს.
წერითი დავალება მოითხოვს ტექსტის ანალიზს დავალების პირობით განსაზღვრული კონკრეტული პრობლემის მიხედვით და ამ პრობლემის აქტუალურობაზე მსჯელობას. ამდენად, აბიტურიენტები ყურადღებით უნდა გაეცნონ დავალების პირობას, კარგად გაიაზრონ ის და პირობის ადეკვატურად შეასრულონ დავალება. გარდა ამისა, უნდა მოერიდონ ფუჭსიტყვაობას, იმსჯელონ მკაფიოდ და გასაგებად. აუცილებელია გითვალისწინონ, რომ ტექსტის ანალიზის ნაცვლად მისი შინაარსის გადმოცემა ან პერიფრაზი, თუნდაც სრულიად უშეცდომო, დადებით შეფასებას ვერ დაიმსახურებს.
ნინო ანთაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: წერით დავალებაშიც მთავარია, სწორად გაიგოთ დავალების პირობა და თემას არ აცდეთ. არგუმენტირების დროს კი იყოთ თამამად და თავისუფლად გადმოსცეთ თქვენი აზრი იმ მაგალითებით, რომელიც გახსენდებათ. არ გააყალბოთ თქვენი აზრი და დაწერეთ ის, რასაც ნამდვილად ფიქრობთ.
წაკითხულის გააზრებისა და წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.
ასევე იხილეთ:
ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება