GE

ტექსტის რედაქტირების დავალება და სტილისტური შეცდომები – პრაქტიკული მითითებები აბიტურიენტებს გამოცდების წინ

ავტორი: ნათია იასაღაშვილი, საგნობრივი ექსპერტი, წამყვანი მასწავლებელი. 

ძვირფასო აბიტურიენტებო, გამოცდებამდე ცოტა დრო დაგრჩათ. მინდა, ტექსტის რედაქტირების ნაწილთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევა მოგცეთ. ამ დავალებაში სხვადასხვა ტიპის შეცდომები შეგხვდებათ: მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, მექანიკური, სტილისტური ხარვეზები და ტექსტური უზუსტობები. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ დაშვებული თითო შეცდომა თითო ქულის დაკლებას ნიშნავს.

საწყის ეტაპზე, ჩემი რჩევაა, თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ ტექსტი და შემდეგ დაიწყოთ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება. ზოგიერთ შეცდომას ადვილად იპოვით, ზოგს კი კარგად დაკვირვება დასჭირდება. გირჩევთ, რომ ორიენტირდეთ შეცდომების აღმოჩენაზე(და არა მათ რაოდენობაზე).

რა თქმა უნდა, ყველა ტიპის შეცდომის აქ განხილვა შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას.

ტექსტში რამდენიმე მძიმე იქნება დასასმელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, იცოდეთ მისი სწორად გამოყენება. აქვე ვიტყვი, რომ ყველაზე მეტ შეცდომას, მოსწავლე იქნება, აბიტურიენტი თუ სტუდენტი, უშვებენ მძიმის გამოყენებისას.

მძიმე

– მძიმეს ვიყენებთ ჩართულ სიტყვებთან. თუ ის წინადადების თავში ან ბოლოშია, მძიმით გამოიყოფა, ხოლო თუ შუაშია – მძიმეებით. ასეთი სიტყვებია: მგონი, ჩანს, ვფიქრობ, როგორც წესი, რასაკვირველია, რა თქმა უნდა, ცხადია, მართლაც, მახსოვს, ალბათ, ჩვეულებრივ, საზოგადოდ, როგორც წესი, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, როგორც ამბობენ, ამბობენ, უფრო სწორად, ამრიგად, ამგვარად, როგორც აღვნიშნეთ, როგორც გითხარი, მაგალითად, პირიქით, სამაგიეროდ, რასაკვირველია, ერთი მხრივ, ასე რომ, ერთი სიტყვით, დავუშვათ, სხვათა შორის, მოკლედ, მით უმეტეს, გეთაყვა, შენი ჭირიმე… მაგ. მეც, სხვათაშორის, ძალიან გამიკვირდა.

– ამ პრინციპით ვიყენებთ მძიმეებს მიმართვასთან, შორისდებულთან (უი, ეჰ, ოჰ, აჰ, ეუჰ, იფ…). მაგ. ეკა, შენც მოდიხარ? უი, არ ვიცოდი.

– მძიმე დაისმის კავშირების წინ: ხოლო, მაგრამ, თუმცა, თორემ, თუ, ოღონდ, არამედ, რომელიც, ვინც, რაც, როგორიც, როგორც, სადაც, საიდანაც, თითქოს, ვიდრე… მაგ. აიღეთ, ოღონდ გაუფრთხილდით.

– მძიმეს ვიყენებთ დანართთან: მე, როგორც მასწავლებელი, ვეთანხმდები.
განკერძოებულ განსაზღვრებასთან: ბოლოს გამოჩნდა ქალი, ძლიერი და გაბედული. განკერძოებულ ადგილის გარემოებასთან: აქ, სოფელში, ჩვენს სახლთან ვიპოვეთ.
განკერძოებულ დროის გარემოებასთან: ხვალ, 9 საათზე, დაიწყება გამოცდა.
განკერძოებულ ვითარების გარემოებასთან: მეც კარგად ვარ, ძველებურად.

– მძიმე დაისმის შერწყმულ წინადადებაში ერთგვარ წევრებს შორის, თუ მათ არ აერთებს და ან თუ კავშირი. მაგ. ბავშვებმა მოიტანეს თეთრი, მწვანე, წითელი და ყვითელი ბუშტები.

– მძიმე უნდა დაისვას რომ კავშირის წინ, თუ ის არ იწყებს დამოკიდებულ წინადადებას. ამის გასარკვევად კიდევ ერთი ხერხი არსებობს: თუ რომ კავშირის წინ ზმნაა, მაშინ მის წინ მძიმე აუცილებელია. მაგ. ნინოს გაახსენდა, რომ დედა ელოდებოდა. თუმცა: მე რომ მოვედი, სტუმრები აღარ იყვნენ.

მსგავსი წინადადებები შეიძლება, უკავშიროდ შეგვხვდეს: ნინომ გაიხსენა, დედა ელოდებოდა. აქ რომ გამოტოვებულია, თუმცა მძიმე მაინც დაისმის.

რიგობითი რიცხვითი სახელის მართლწერა

რიგობითი რიცხვი სახელი იწარმოება მე- თავსართისა და -ე ბოლოსართის დართვით. გამონაკლისია პირველი. თუ რიგობითი სახელი მე-თი იწყება, მაშინ იწერება ჯერ მე-, შემდეგ სათანადო რიცხვი, – ბოლოსართი არ სჭირდება: მე-17. -ე ბოლოსართი ესაჭიროება მაშინ, როდესაც მე- თავსართი და- კავშირიანი რთული რიცხვითი სახელის მეორე კომპონენტს დაერთვის, ე.ი. როცა რიგობითი რიცხვითი სახელი მე- თავსართით არ იწყება: 25-ე. გაითვალისწინეთ, შეცდომაა ორივე მაწარმოებლის ერთდროულად გამოყენება. მაგ. მე-13-ე, მე-23-ე.

თუ რიგობითი რიცხვითი სახელი რომაული ციფრებით წერია, მაშინ თავსართ-ბოლოსართი არ იწერება. სწორია: X, XXI… არასწორია: მე-X, XXI-ე…

რაც შეეხება პირველს, არაბულად უნდა დაიწეროს ასე: 1-ელი და არა 1-ლი.

ნაცვალსახელთა მართლწერა

დაიმახსოვრეთ, სწორია: ჩემკენ, ჩემ მიერ, შენ შესახებ, მათ გამო. შეცდომაა: ჩემსკენ, შენს შესახებ… თანდებულიან I და II პირის ნაცვალსახელებს არ დაერთვის.

გაითვალისწინეთ, არასწორია გავრცელებული გამოთქმა: ჩემ და შენ შორის. როცა ორი პირის ნაცვალსახელიდან ერთია მე და დგას პირველ ადგილას, სწორია მე და შენ შორის. ხოლო თუ მეორე ადგილზეა მე, მაშინ მის ნაცვლად იქნება ჩემ და სწორია: შენ და ჩემ შორის.

დაიმახსოვრეთ, სწორია: ჩვენგანი, თქვენგანი… არასწორია: ჩვენთაგანი, თქვენთაგანი…

თავისი თუ მისი?

თუ საგანი მოქმედი პირის კუთვნილებას წარმოადგენს, მაშინ სწორია თავისი, თუ სხვისია, სწორია მისი.

მაგ. გიორგიმ მისი მანქანა გაყიდა. ამ შემთხვევაში გიორგის ვიღაცის, სხვისი მანქანა გაყიდა.
ხოლო: გიორგიმ თავისი მანქანა გაყიდა. ამ შემთხვევაში კი გიორგიმ საკუთარი მანქანა გაყიდა.

ვიღაცები თუ ვიღაცეები?

რადგან მხოლობითშია ვიღაცა (და არა ვიღაცე), სწორია ვიღაცები (და არა ვიღაცეები). ასევე სწორია: რაღაცა – რაღაცები, კვირა – კვირები(და არა კვირეები), დღე – დღეები, თვე – თვეები.

დან/გან

თუ სიტყვა პასუხობს კითხვებს: რისგან? ვისგან? ამ სიტყვას დაერთვის -გან. მაგ. სწორია: თიხისგან დაამზადეს (არასწორია: თიხიდან დაამზადეს)

თუ სიტყვა პასუხობს კითხვებს: საიდან? რა დროიდან? ამ სიტყვას დაერთვის -დან თანდებული. სახლიდან მოდის.

რადგან/რათა

იმისათვის, რომ სწორად გამოიყენოთ ეს სიტყვები, უნდა განსაზღვროთ, რას გამოხატავს წინადადება – მიზეზს თუ მიზანს. კავშირი რადგან გამოიყენება მაშინ, თუ მიზეზია გამოხატული(რატომ?). გარეთ ვერ გავედი, რადგან წვიმდა.

ხოლო რათა გამოიყენება მაშინ, როცა მიზანია გამოხატული (რისთვის?). ყველაფერს ვაკეთებ, რათა თასი მოვიპოვო.

ზმნიზედების მართლწერა

ვითარებითი ბრუნვის ფორმისგან მიღებულ ზმნიზედებთან იწერება -დ (და არა -თ): კარგად, ხშირად, მოულოდნელად, ცუდად, უეცრად, უცბად…

მოქმედებითი ბრუნვის ფორმისგან მიღებული ზმნიზედების ბოლოს იწერება -თ (და არა -დ):
შიგნით, უნებლიეთ, ზევით / ზემოთ, ქვევით / ქვემოთ, წინათ, გარეთ…

გაითვალისწინეთ, სწორი ფორმაა ალბათ და არა ალბად.

დაიმახსოვრეთ!

  • თუ ზმნის მეორე ნაწილი ვარ ზმნაა, მაშინ პირის ნიშნები ზმნას თავშიც დაერთვის: ყოფილვარ, წავსულვარ.
  • თუ ზმნის მეორე ნაწილია ყოფა და ის პირიანი ფორმითაა, მაშინ პირისნიშნებს დაირთავს ყოფა ზმნა და არა პირველი ნაწილი: უარყოფ.
  • თუ ზმნის მეორე ნაწილია მიმღეობა ან სახელი, პირის ნიშნები თავში დაერთვის: ავადმყოფობ.
  • სწორია: იპოვა/იშოვა, უპოვია/უშოვია. არასწორია: იპოვნა/იშოვნა, უპოვნია/უშოვნია.
  • სწორია: მან ქალაქი დააარსა. არასწორია: მან ქალაქი დაარსა.
  • სწორია: ჰყავს, ჰგონია, ჰქონია, ჰკითხა, ჰკადრა, ჰპარავს, ჰქვია, ჰბაძავს, ჰკითხა, შეჰპირდა (და არა ყავს, გონია…). გაითვალისწინეთ, ზმნის ირიბობიექტური პირი ჰ- თავსართს აჩენს გ ქ კ ბ ფ პ ყ ბგერების წინ.
  • თუ ზმნას დაესმის კითხვა: რას შვრებოდნენ? მაშინ ბოლოსართი ექნება ნენ და არა ენ. სწორია: ჭამდნენ, მოვიდნენ, აწერინებდნენ და არა ჭამდენ, მოვიდენ, აწერინებდენ.

არასწორია სწორია – გავრცელებული შეცდომები

პირველი დებიუტი – დებიუტი

შეფასება მისცა – შეაფასა

ბოდიში გადაუხადა – ბოდიში მოუხადა

მადლობა მოუხადა – მადლობა გადაუხადა

გამოძიებულ იქნა – გამოიძიეს

ორი წლის უკან – ორი წლის წინ

ახალი ჯიშის გამოყვანა აწარმოეს – ახალი ჯიშის გამოიყვანეს

შეძენა მოახდინა – შეიძინა

დახმარებას უწევდა – დაეხმარა

გავლენა მოახდინა – გავლენა იქონია

ამ საკითხთან მიმართებაში – ამ საკითხთან მიმართებით

ჩარიცხვა მოხდა – ჩაირიცხა

წარმატებებს გისურვებთ ძვირფასო აბიტურიენტებო!

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური