GE

პიროვნება და სახელმწიფო „დიდოსტატის მარჯვენის“ მიხედვით, გიორგი I და კონსტანტინე არსაკიძე – აბიტურიენტის საკითხავი (განხილვა)

ავტორი ნოდარ გრიგალაშვილი: ფილოლოგი, მწერალი, პოლიტიკოსი

პიროვნება და სახელმწიფო „დიდოსტატის მარჯვენის“ მიხედვით

ფილოსოფოსები ასეთ დასკვნას გვთავაზობენ: სახელმწიფოს არ აქვს მორალი, სახელმწიფოს არ გააჩნია ზნეობა. სახელმწიფოს რაობას სხვა ეთიკური კატეგორიები მიესადაგება – სამართლიანობა ან უსამართლობა,

პიროვნება შეიძლება იყოს ზნეობრივი ან უზნეო, სამართლიანი ან უსამართლო. სახელმწიფო არ შეიძლება. იყოს ზნეობრივი ან უზნეო, იგი მხოლოდ სამართლიანია ან უსამართლო და როცა ჩვენ ხშირად სახელმწიფოს ზნეობაზე ვლაპარაკობთ, მექანიკურად ტოლობის ნიშანს ვსვამთ სამართლიანობასა და ზნეობას შორის.

ის, რაც უზნეობად ითვლება პიროვნებისათვის, შეიძლება სამართლიანობად ჩაითვალოს სახელმწიფოსათვის. მაგალითისათვის, – კაცის მიერ კაცის მოკვდინება ყველაზე საშინელი ცოდვაა, მაშინ როცა იმავე აქტს სახელმწიფო სამართლიანობის სახელით ჩადის.

ამ მომენტის გათვალიწინების გარეშე, ალბათ, არ უნდა ვიმსჯელოთ დიდოსტატის მარჯვენის იმ პერსონაჟებზე, რომელნიც სახელმწიფოებრივი იდეით, საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სურვილითა და რწმენით არიან შეპყრობილნი, რომელნიც თავად განასახიერებენ ამ იდეას.

ეს მომენტი, პიროვნებისა და სახელმწიფოს მორალურ-ზნეობრივი კატეგორიების რაღაც მომენტებში არათანხვედრილობა, ზოგჯერ პიროვნების სახელმწიფოსთან დაპირისპირებას იწვევს.

გაიხსენეთ შორენა, რომელიც ზნეობრივად მართალია გიორგი მეფისადმი განზრახულ შურისძიებაში, ვინაიდან მის თვალწინ ამოუშანთეს მამამისს თვალები, მაგრამ უსამართლოა იმავ მეფისა და სამშობლოს მიმართ, ვინაიდან თალაგვა კოლონკელიძე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სავსებით სამართლიანად დაისაჯა.

ზოგჯერ პირიქით, პიროვნებისაგან უახლოესი ადამიანების ინტერესების უგულვებელყოფას იწვევს.

კონსტანტინე არსაკიძე ფაქტობრივად განზე განუდგა შეთქმულებასთან დაკავშირებით საყვარელ ქალს, ვინაიდან შორენას ერთგულება ამ საქმეში ქვეყნის ორგულობას „ნიშნავდა.

და ბოლოს, პიროვნებისა და სახელმწიფოს ინტერესთა არათანხვედრილობა არცთუ იშვიათად პიროენების შინაგანი გაორების საფუძველია და პიროვნების რაობაც იმით მჟღავნდება, თუ საით გადაიხრება

მისი გრძნობათა ბარომეტრი, პიროვნულისა თუ სახელმწიფოებრივისაკენ.

გაიხსენეთ მეფე გიორგის სულის მდუღარება მისი საყვარელი შორენას მამის დასჯის წინ.

ახლა კი კონკრეტულად იმ პერსონაჟთა შესახებ, რომელნიც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის დიდი ვნებით არიან შეპყრობილი.

სვამს თუ სვავს, უნახია თუ უნახავს? – რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა თემის ნიშნების მართლწერასთან დაკავშირებით

გიორგი I

არათუ მეფე, თავისი ქვეყნის სიმბოლო, წარულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე უზარმაზარი პასუხისმგებლობის ტვირთწამოკიდებული, არამედ რიგითი მოქალაქეც კი, თუკი სხვებზე ნაადრევად დააწვება პასუხისმგებლობის ტვირთი, იძულებულია დაემშვიდობოს ყმაწვილკაცობის უფლებით მინიჭებულ სილაღეს.

„სიბერევ, სადა ხარ უშენოდ ვბერდები” – პოეტის ამ სიტყვებში გარემოებათა გამო ახალგაზრდობაწართმეულთა სატკივარი ხმიანობს,

თორმეტი წლის იყო, როცა მეფედ აკურთხეს:

„მეფე ხარ და ხამს”

„მეფე ხარ და გმართებს”

ჩაესმოდა დღენიადაგ გამზრდელის ხმა, მაშინ როცა მისი ტოლები ჯერაც ბეღურებს დასდევდნენ დასაჭერად…

ცოლიც უსიყვარულოდ შერთეს, ჩვეული პოლიტიკური ანგარიშიანობით.

ახალგაზრდობაში დაკარგული თავისუფლების ანაზღაურებას მოწიფულ ასაკში ცდილობს მეფე.

გლახუნა ავშანიძედ გარდასახული ხან სანადიროდ დაეხეტება თანშეზრდილ ყმებთან ერთად, ხან უზომოდ შეექცევა ღვინოს, ხანაც სასახლის ეტიკეტიდან და დედოფლის „მეურვეობიდან“ თავდაღწეული, მშვენიერ სქესთან ნებივრობს.

მოკვდავნი დიდებისკენ ილტვიან, დიდებულთ კი ხშირად ენატრებათ უბრალო მოკვდავთა უბრალო ცხოვრება.

გიორგი პირველი სწორედ იმით არის ახლობელი და მის განცდებთან მკითხველს იმიტომაც აქვს თანაზიარობის გრძნობა, რომ მისთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის, თუმცა, მეფის ტვირთი აიძულებს მოთოკოს ვნებანი და მხოლოდ დრო და დრო – სახით, სახელითა და სამოსელით სახეცვლილი

გავიდეს ხალხში. მაგრამ როლის გამოცვლა სულაც არ არის პირობა ხვედრის შემსუბუქებისათვის, რადგან სული მარტოკაცობის მძიმე განცდით შეპყრობილი, ძნელად ემორჩილება გარეგნულ ექსცესებს.

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მიწურულს მეფეს ნამდვილი სიყვარული ეწვია. ძლიერი მამაკაცური ვნებით შუყვარდა კოლონკელიძის ასული შორენა. ჭიდილი მეფის მოვალეობასა და სიყვარულს შორის პირველის გამარჯვებით დასრულდა ჯერ კიდევ კვეტარის ციხეში, როცა გიორგიმ უარი უთხრა შორენას, შეეწყალებინა თალაგვა.

მეფე ქვეყნის ინტერესს უქვემდებარებს პიროვნულ სურვილებს, თუნდაც ეს ინტერესი ამ სურვილებზე უარის თქმას აიძულებდეს.

როცა ამბობენ – რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარსო – უპირველესად იგულისხმება ის, რომ, თუ თავისი დიდი მოვალეობის წინაშე პირნათელია კაცი, ეპატიება იმათზე მეტი, ვისაც ამ ცოდვათა მოთოკვის გარდა სხვა რამ არცა-რა მოვალეობა აკისრია…

ცხადია, ეს „ცოდვათა გამართლებას არ ნიშნავს, გამართლების ნაცვლად უპრიანია აქ სიტყვა გაგება ვიხმაროთ.

ცხადია, დანაშაული იყო არსაკიძესთვის მკლავის მოკვეთა. მარგამ კურიოზია მტკიცება იმისა, რომ მეფის ამ საქციელის მიხედვით ვიმსჯელოთ ხელოვანის ბედზე ტირანულ სახელმწიფოში, ვინაიდან მეფემ არსაკიძე როგორც ხელოვანი კი არა, როგორც მეტოქე, რაყიფი, სიყვარულში მოცილე დასაჯა. ისე, როგორც გაიმეტა საკუთარი დეიდაშვილი, გირშელ ერისთავი, მოაწამვლინა ჭიაბერი. ამ ანალოგიით კი შეიძლება ვიმსჯელოთ მეფის დეიდაშვილების ან საწყალი ერისთავების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში, რაც აბსურდია.

როგორც ჩვეულებრივი მოქალაქის, ისე მეფის ადგილი ამ მზისქვეშეთში იმითაც განისაზღვრება, თუ რამდენად გრძნობს იგი საკუთარი მისიის პასუხისმგებლობას.

გიორგი I უპირველესად საკუთარი ღირსების შემგრძნები და ერის ღირსების დამცველია.

მონარქი, რომლის ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, მონასავით მოეგვარათ მისთვის ტყვედპყრობილი შორენა, უსაზღვროდ იტანჯება ამ ქალისადმი ცალმხრივი სიყვარულის გამო.

თავშეკავება მაშინ კი არ გამოხატავს ადამიანის ღირსებას, როცა იგი ამა თუ იმ საცთურის გამო გრძნობებს მოთოკავს, არამედ მაშინ, როცა დაუსჯელად შეუძლია სურვილთა აღსრულება და ამას არ ჩადის.

სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის მშენებლობაც შინააშლილობითა და გარეშე მტრების მუქარით შეჭირვებულ ქვეყანაში გიორგის ეროვნული ღირსების ხაზგასასმელად სჭირდებოდა.

ბიზანტიელებს, როგორც ითქვა, მედიდურობის ერთ არგუმენტად თავიანთი კულტურაც ჰქონდათ, რის წინაშეც ქედმოხრილი იყო მელქისედეკ კათალიკოსი და არაერთი ქართველი,

სვეტიცხოველი ეროვნული ღირსების გამოხატულება უნდა ყოფილილ, ანუ დასტური იმისა, რომ საქართველო არც კულტურელი მეტოქობის ასპარეზზე დაუდევდა ტოლს იმპერიას.

ახლა ისიც გაიხსენეთ, როგორ აცოფებდა გიორგის ქართველობის მიერ ბიზანტიელებისაგან მოძღვნილი. ჯინჯილებისა და ხარისხების ტარება, ვითარცა ეროვნული ღირსების ‘შელახვის ფაქტი.

კეისრისაგან ნაბოძები მწვანე ეტლი პირადად მას უქმად ეგდო სასახლის ეზოში და მხოლოდ ერთხელ ძაღლების გადასაადგილებლად გამოიყენა იგი.

გიორგიმ ბერძნულიც იცოდა, არაბულიც, მაგრამ სასახლეში მხოლოდ ქართულად ესაუბრებოდა უცხოელებს. ეს ეტიკეტიც პურიზმის კი არა, სახელმწიფოებრივი აზროვნების სანატრელი გამოხატულება იყო.

თავისთავად ის ფაქტიც, რომ გიორგი წუთისოფლის სიამეთა საძიებლად სახეცვლილი, გლეხის ტალავარით შემოსილი გადის სასახლიდან, მეფური ღირსების გაფრთხილებასაც ნიშნავს. ის არ არის ასკეტი, მას სწყურია ადამიანური, სისხლსავსე, გნებავთ ბოჰემური თავდავიწყება და დიაცთა ფერება, მაგრამ მან იცის: როგორც სახლი, მაღალ გორაკსა ზედა დაშენებული, ჩანს ოთხივე მხრიდან, ისე მეფის ცხოვრების ყველა წვრილმანი ჩანს ქვეყნის ოთხივე მხრიდან და მეფე ქვეშევრდომთა თვალში ყოვლი ღირსებით შემკულად უნდა გამოიყურებოდეს, ადაიანურ სისუსტეთა საქვეყნოდ დემონსტრირების უფლება მას არ აქვს.

გიორგი პირველი ამითაც განსხვავდება იმ გულნამცეცა მეფეთა თუ დიდებულთაგან, რომელთათვის ძალაუფლება უპირველესად შეუზღუდავი და მოურიდებელი განცხრომის საშუალებაა.

ქვეყნის თვალში გიორგიმ ბოლომდე ზიდა მეფის ჭაპანი, მაგრამ თავად ხომ კარგად იცოდა, რომ აბობოქრებულ ადამიანურ ვნებას მაინც ვერ მოერია. დეიდაშვილი გირშელის სიკვდილს მისი ჩუმი დასტურიც ახლდა, სვეტიცხოვლის ცუდად აგების გამო კი არა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკვეთა მარჯვენა არსაკიძეს და შორენას სიცოცხლეც მის ამ ქმედებას შეეწირა.

სიყავურლის ნიადაგზე გამოჩენილ სისუსტეს შეეწირა კიდეც გიორგი. იგი სიკვდილის საძებნელად გავარდა ტყეში და იპოვა კიდეც სიკვდილი.

ამ მოულოდნელი რაკურსით მეფის სახე გამსახურდიამ დაუვიწყარ მხატვრულ პერსონაჟად აქცია.

კონსტანტინე არსაკიძე

მეფის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე, ერთიანი საქართველოს იდეის განმასახიერებელია. პიროვნულად არსაკიძეს ჰქონდა მიზეზი მეფის ხელისუფლების სიძლიერეზე არ ეფიქრა, პირიქით, სწორედ იმის საფუძველი გააჩნდა, განაწყენებული ყოფილიყო, მაგრამ დიდმა ხელოვანმა იცის, რომ არ შეიძლება გაუბრაზდე სამშობლოს, მეფე კი ერთიანი სამშობლოსათვის იბრძოდა.

არსაკიძე ფხოვიდან გაკოჭილი წამოიყვანეს. მცხეთაში უპატრონოდ ეგდო და ავადმყოფობამ კინაღამ იმსხვერპლა. როცა მეფემ ნადირობისას ნახა და მისი პირვანდელი იერი გაახსენდა, გაიფიქრა, რას დამსგავსებია მშვენიერი ვაჟკაციო. ეს დეტალიც მკაფიოდ მეტყველებს რა დღეში იყო ტყვეობაში კოლონკელიძის კარზე ოდესღაც გალაღებული ახალგაზრდა. არსაკიძე თავისი ხარჭადყოფილის, ვარდისახარის, ღალატშიც დარწმუნდა და საყვარლის წაგვრაც მეფეს მიაწერა. რაც მთავარია, არსაკიძის მამა გიორგის ლაშქარს შეაკვდა ფხოვში. ერთი სიტყვით კონსტანტინე არსაკიძეს მეფე რომ არ ჰყვარებოდა, არაფერი იყო ამაში უცნაური, მით უფრო, რომ შინაგანად იგი სრულიადაც არ გრძნობდა თავს მეფის მონად და ყმად.

არსაკიძე ჭეშმარიტი ხელოვანი იყო შესანიშნავად იმეცნებდა საკუთარი თავის ფასს. მან კარგად უწყოდა, რომ მოკვდავ ადამიანს ჭეშმარიტი ხელოვნების ნაყოფი უკვდავებასთან ხდის წილნაყარს და შეუძლებელი იყო სვეტიცხოვლის შემოქმედს შინაგანი მეტოქეობის გრძნობა არ ჰქონოდა ამა სოფლის რაგინდარა ხორცით ძლიერი პირის მიმართ. ის კი არა, ღმერთთან მებრძოლი იაკობის სურათიც კი დახატა, სადაც იაკობში საკუთარი თავი მოიაზრა, ხოლო ღმერთი მელქისედეკის სახით გამოსახა…

აქედან გამომდინარე, ის არ არის უბრალო ხელოვანი, რომელიც შიშით შეიძლება ცახცახებდეს ვისიმე წინაშე. კონსტანტინე შემოქმედია, ახალი სამყაროს შემქმნელი მხატვარი და ხუროთმოძღვარი და მისი როგორც მეფის ტყვისა და მეფის ყმის მდგომარეობა, სრულიადაც არ არის ადექვატური მისივე სულიერი ყოფისა.

„განა მეფისა და კათალიკოსის წყალობის მოლოდინში შევალიე სვეტიცხოველს ჯანი? მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც განწირული მაქვს თავი“ – ეუბნება იგი შორენას

მან იცის საკუთარი თავის ფასი, ამიტომ იყო ტყვედყოფილმა იწყინა კიდეც, როცა მეფემ მიმინოებით იხმო სანადიროდ – “მე არ შემიძლია მლიქვნელისა და კარისკაცის მოვალეობა ოსტატის საქმესთან შევითავსო, თუ ხუროთმოძღვრის ხარისხი ბაზიერთუხუცესობასაც მოასწავებს, მაშინ იმ ტაძარს მოვამთავრებ და კირითხურო ვიქნები უბრალო” – ამ სიტყვებსაც არსაკიძეს ათქმევინებს მწერალი და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ თვით მწერალს ოფიციალური კარისკაცის სამსახურში არასოდეს უმუშავია.

და ბოლოს, კონსტანტინე არსაკიძეს უდგას ალტერნატივა: ხელოვნება, სვეტიცხოველი თუ შორენა? მაგრამ არასოდეს დასცდენია: მეფის შიში თუ შორენა? ქალის სიყვარულს იგი ისე ბუნებრივად ეწაფება, თითქოს მისი მეტოქე მეფე კი არა, ჩალადარი ყოფილიყო. ესეც ერთი მაგალითი იმისა, რომ კონსტანტინე შინაგანად ნამდვილად არ გრძნობს თავს დათრგუნულად და ხელოვანის თავისუფალი სული არც არავის ბატონობას ანებებს (გაიხსენეთ ხუროთმოძღვრის ადამიანური ურთიერთობა სვეტიცხოვლის მშენებელ მონებთან) და არც ქვეშევრდომობას.

არც ვაჟკაცობაში უდებს ტოლს არავის ხუროთმოძღვარი. ოთხი კაცის ასაწევი ქვა მარტომ შეიკავა სვეტიცხოვლის ხარაჩოზე, რათა ბოდოკიას არ დასცემოდა, ხოლო ჟამის გავრცელებისას იმ ფარდულში შევიდა, სადაც ავადმყოფი იწვა და საიდანაც ყველა თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა.

ამ სცენის შემდეგ მეფისა და ხუროთმოძღვრის შეხვედრა, როცა მეფე ძალით ჩამოართმევს ლაზს ხელს, რომელიც თავის მხრივ მეფეს უფრთხილდება, – ავადმყოფობა არ გადაედოსო, ორი დიდი ადამიანის წარუშლელ პორტრეტს წარმოგვიდგენს.

აი, ამ ღირსებებით შემკულ ლაზს მეფისადმი შიშის გრძნობა ვერ დააკავებდა, უკეთუ იგი პირადი განაწყენების გამო მეფის წინააღმდეგ შეთქმულთა ბანაკში გადასვლას მოინდომებდა.

ხურსისეულ სასახლეში არსაკიძე უნებლიედ შეესწრო შეთქმული ხევისბრებისა და შურისძიებით ანთებული შორენას საუბარს:

„დიაცი ვარ, მაგრამ მამაჩემის თვალების დაწვას მაინც არ შევარჩენ მეფე გიორგის. უჩემოდ ნუ დაიწყებთ ამბოხს… მამისეულ თორს გადავიცვამ, მის მუზარადს დავიხურავ, მის ხმალს შემოვირტყამ, მის საომარ ცხენზე შევჯდები, ლაშქარს გავუძღვები წითელის დროშით. მაშინ გამოჩნდება ქუდოსანთა სიმამაცე, ცხოველნო!”

ამ სიტყვების პასუხად მოგვიანებით არსაკიძე ეტყვის შორენას: “მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ და არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი, მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები შექმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ“.

როგორც ვხედავთ, არსაკიძეც მეფე გიორგივით ყველა მოვლენას ერთი დიდი გადასახედიდან უყურებს, – რამდენად წაადგება იგი სამშობლოს.

სვეტიცხოვლის მშენებლობის დროს ჟამიანობით დამფრთხალ ლაზებს ასე არიგებს ხუროთმოძღვარი: „რას იტყვიან იბერიელები? მშიშარანი ყოფილანო ლაზები, იცოდეთ, ყველაზე მეტად ძმების უნდა გვერიდებოდეს, ლაზებო, რადგან არავინ ისე საყვარელი არაა ამ ქვეყანაზე, როგორც დედა, არავინ ისე მოსარიდებელი, როგორც დედის ხსენის თანაზიარნი. საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო. ხოლო იბერიელები ძმებია ჩვენი“.

ამ მონოლოგის ავტორი და საქართველოს მეფე ერთნაირად და ერთი მიმართულებით იხედებიან, ამიტომ მათი პირადი ურთიერთობა მეათეხარისხოვანია. მათ ისეთი საერთო აქვთ, რის გამოც საყოველთაო სიყვარულს იმსახურებენ და, კაცმა რომ თქვას, რომანის მიხედვით არც ურთიერთ სიმპათიის დეფიციტს განიცდიან. რომანისა და არა კრიტიკის მიხედვით, რომელმაც მეფისა და მისი ხუროთმოძღვრის ურთიერთობა რატომღაც აბსურდული ფორმულირებით განსაზღვრა – ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოშიო.

კათალიკოსი კი, მაგრამ სვეტიცხოვლის მშენებლობისას მეფე არცკი ჩარეულა ხელოვანის შემოქმედებით საქმეებში. რაც შეეხება ეჭვიანობის ნიადაგზე არსაკიძის დასჯას, თუ ეს ფაქტი ხსენებული საკითხის წამოწევის საფუძველს იძლევა, ასეთივე წარმატებით უნდა ვლაპარაკობდეთ დეიდაშვილების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში (გირშელი), ან ერისთავების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში (ჭიაბერი).

გიორგი პირველიცა და კონსტანტინე არსაკიძეც ერთიანი საქართველოს დიდი მხედრები არიან, ამიტომაც უყვარს მკითხველს, როგორც მეფე ისე მისი ხუროთმოძღვარი.

ასევე იხილეთ:

„დიდოსტატის მარჯვენის ფაბულა“ – აბიტურიენტის საკითხავი (განხილვა)

„ვფიქრობდით, კერძო უნივერსიტეტი აგვერჩია და ახლა ამ საკითხზეც გაურკვევლობაში ვართ“ – აბიტურიენტის მშობელი გორიდან

აბიტურიენტის მშობელი: „ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური