GE

„თითოეულის გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსს ღირსეული გამარჯვებული ეყოლება“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების ემოციები და მოლოდინები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. ათი ნახევარფინალისტიდან ხუთი რჩეულის დასახელება, ჟიურისთვის ადვილი სულაც არ აღმოჩნდა. თბილისელ, მარნეულელ და პანკისელ კონკურსანტებს შორის გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება.

მანამდე კი EDU.ARIS.GE თითოეულ მათგანს ესაუბრა და იმ ემოციებისა და განცდების შესახებ მოისმინა, რომლებიც მათ რჩეულებს შორის დასახელების დროს გაუჩნდათ. ქვეყნის საუკეთესო 5 პედაგოგად აღიარებულმა ქალბატონმა ფინალთან დაკავშირებით თავიანთი მოლოდინებიც გაგვიმხილეს და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რომლებიც მათთვის კონკურსში მონაწილეობამ და ფინალში გადასვლამ გააჩინა.

თითოეულის გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსს ღირსეული გამარჯვებული ეყოლება“ – ესაა ფრაზა, რომელიც, ფაქტობრივად, ხუთივე ფინალისტისგან და აგრეთვე, ორგანიზატორებისგან მოვისმინეთ. თითოეული კონკურსანტი დაუღალავად საუბრობს კოლეგების ღირსებებსა და მიღწევებზე და აცხადებს, რომ კონკურსში მონაწილეობამ მათ საოცარი გამოცდილება შესძინა. რაც მთავარია, დააკისრა პასუხისმგებლობა, რომელსაც აქამდე ჯეროვნად ვერც კი აცნობიერებდნენ.

კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი სოფიო ბაჩილავაა. 31 წლის პედაგოგი თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელია. ამბობს, რომ ფინალისტობის სიხარულს თან ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა სდევს, რადგან ეს სტატუსი ირგვლივ შექმნილი მოლოდინების გამართლებას მოითხოვს – „ჩემი ახლანდელი განწყობა სიხარულისა და პასუხისმგებლობის ნაზავია“, – გვეუბნება სოფიო.

კითხვაზე, თუ რა მიაჩნია იმის მთავარ მიზეზად, რომ ფინალისტებს შორის მოხვდა, სოფიო შემდეგნაირად გვპასუხობს: „ამ კონკურსში ჩართვიდან მოყოლებული ჩემს საქმიანობას ძალიან გულწრფელად წარვადგენ. ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ღიად ვსაუბრობ ყველაფერზე, რაც მიკეთებია, დაბრკოლებებზე, რომლებიც გზაზე შემხვედრია და მათი გადაჭრის გზებზეც. ვცდილობ მუდმივად დავუგდო ყური ჩემი მოსწავლეების მოსაზრებებს, ფიქრებს და ჩემი სასწავლო პროცესიც ამის მიხედვით ავაწყო“.

ხუთი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე, რომელსაც პედაგოგად მუშაობის უკვე 22 წლიანი სტაჟი აქვს, გვიმხელს ემოციებს, როდესაც ფინალში გადასვლის შესახებ ოჯახთან ერთად შეიტყო – „ამ ემოციას სახელსაც ვერ ვარქმევ – ეს არის სიხარული, მომავლის რწმენა და გამარჯვება!“

კონკურში მეორედ მონაწილებს. პირველად 2019 წელს მიიღო მონაწილეობა, მამის დიდი სურვილით, თუმცა მაშინ ფინალისტებში ვერ მოხვდა. მამა გარდაიცვალა, თუმცა მისი ოცნების ასრულებისთვის ბრძოლა პედაგოგმა ამის შემდეგაც არ შეწყვიტა და ამბობს, რომ თუკი გაიმარჯვებს, ამ გამარჯვებას მამის ხსოვნას მიუძღვნის.

„როცა გავიგე, რომ ფინალისტებში მოვხვდი, ჩემს ფიქრებში, პირველ რიგში, მამას ვულოცავდი. პირველ ჯერზე, როცა ვერ გავედი, დამირეკა და მითხრა – მამიკო, შენ ჩემთვის მაინც საუკეთესო მასწავლებელი ხარო და ამ სიტყვებმა მომცა შემართება, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ხუთეულში მოხვედრას ვიმსახურებ“, – აცხადებს ხათუნა რაზმაძე.

მამის სურვილის შესრულების გარდა, კონკურსში მონაწილეობაცა და გამარჯვებაც მას კიდევ ერთი მიზნისთვის უნდა – სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ცენტრის დაარსებას აპირებს.

„ჩემი მეხუთე შვილი შშმ პირია – სმენადაქვეითებული და ხუთეულში გასვლით მივხვდი, რომ ამ მიზანთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე ვიყავი. მგონია, რომ ესაა ის ახალი შესაძლებლობა და ახალი გამოწვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მასწავლებლის პროფესიით შეპყრობილი ვარ. ჩემი პროფესიისა და ბავშვების ანთებული თვალების გარეშე ერთი დღე არ შემიძლია“, – გვიმხელს პედაგოგი.

„ავღელდი და დავმუნჯდი, ნამდვილად არ ველოდი“ – ეს უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლამარა ბოლქვაძის ემოციებია, რომელიც ფინალისტებს შორის საკუთარი სახელისა და გვარის გაგონებისას დაეუფლა. საუკეთესო ხუთეულში მოხვედრას, მით უფრო გამარჯვებას, უდიდეს პასუხისმგებლობას უწოდებს და დასძენს, რომ კონკურსმა მის ცხოვრებასა და საქმიანობაში ბევრი რამ უკვე შეცვალა.

„როცა მეგობრებმა ამ კონკურსში მონაწილება შემომთავაზეს, სასტიკ უარზე ვიყავი. თუმცა, ჩემმა ერთ-ერთმა წარმდგენმა დამარწმუნა, უარი არ უნდა მეთქვა, რადგან ეს ჯილდო ჩემს სკოლასა და თემში უფრო მეტი პროექტისა და იდეის განხორციელების შესაძლებლობას მომცემდა. ამიტომაც დავთანხმდი, თუმცა, პასუხისმგებლობა მომემატა. თემში პროექტებს აქამდე ჩემთვის, ჩუმად ვახორციელებდი ახლა კი მგონია, რომ გაჩერების უფლება აღარ მაქვს. სულ წინ უნდა ვიარო და რაღაც ახალი ვაკეთო. ეს პასუხისმგებლობა თან მაშინებს და თან მსიამოვნებს. ვფიქრობ, ჩემი მაგალითი ნამდვილად იქნება თემის წევრი სხვა ქალებისთვის მოტივატორი. სხვა სოფლებში, სხვა მასწავლებლებიც დაინახავენ, რომ ერთ მასწავლებელს, ერთ მოსწავლეს, ერთ იდეას შეუძლია თემის ცხოვრება შეცვალოს“, – აღნიშნავს პედაგოგი მარნეულიდან.

ხუთეულში მოხვედრას მოულოდნელ სიხარულს უწოდებს თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი გიტა თვალაბეიშვილიც. ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღებას არც ის აპირებდა, რომ არა მისი წარმდგენი, რომელმაც მისი დარწმუნება შეძლო. ჰყავს ფავორიტები, რომელთა გამარჯვებასაც განსაკუთრებულად გულშემატკივრობს და მიიჩნევს, რომ ასეთი პედაგოგების გვერდით დგომა უკვე ძალიან დიდი მიღწევაა.

„ისე მოხდა, რომ ფინალისტების გამოვლენის დროს სახლში არ ვიყავი და როცა შევედი, ყველაზე კარგად ჩემი შვილის ემოცია დამამახსოვრდა. კიოდა – დედა, ხუთეულში დაგასახელესო. ვერ ვიჯერებდი, ჩანაწერი სამჯერ გადავახვიე. ახლაც კი მიჭირს გაცნობიერება. თუმცა, შინაგანად უხერხულობის განცდა მაინც მეუფლება, რადგან საოცარი გუნდი იყო. ერთმანეთი გავიცანით, მიმოწერა გვქონდა და საოცარი გარემო შეიქმნა. ძალიან სასიამოვნოა ასეთი ადამიანების გაცნობა.

გამარჯვებაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ჩემთვის უკვე დიდი მიღწევაა ის ეტაპი, რომელზეც ახლა ვიმყოფები. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რომ ვაცნობიერებ, ცოტა მაშინებს კიდეც. აქამდე უბრალოდ ჩემთვის ვაკეთებდი საქმეს, რომელიც მიხაროდა, მიყვარდა, ახლა კი უკვე ვხვდები, რომ მოდუნების უფლება არ მაქვს. ჩემი ბავშვებისთვის მუდმივად ახალი უნდა ვაკეთო“, – ამბობს გიტა თვალაბეიშვილი.

„ახლა უკვე მეტს მოვითხოვ ჩემი თავისგან“ – ეს კიდევ ერთი ფინალისტის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლებისა და სპორტის მასწავლებლის, აზა ხანგოშვილის სიტყვებია, რომელიც ამბობს, რომ ახალ სტატუსს საკუთარი სკოლის განვითარებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის გამოიყენებს. იგი უკვე 22 წელია პედაგოგია.

„ჩემი სახელი ბოლოს დაასახელეს. უკვე ვფიქრობდი, რომ ვერ გადავედი. მეხუთე ფინალისტად რომ გამომაცხადეს, სასწაული იყო. ჩემს შვილს დავუძახე, მეზობლები გამოვიდნენ… ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო. პირველ რიგში, ჩემი მოსწავლეები მგულშემატკივრობდნენ, მერე კი მთელი ხეობა, თემი, მასწავლებლები და მშობლები. ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ეროვნული ჯილდო უკვე სხვა რამაა. ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რატომ მოხვდი მე და რატომ ვერ მოხვდნენ სხვები, რომლებიც ასევე იმსახურებდნენ. ჩემთვის, ხეობის წარმომადგენელი ქალისთვის, სოფელში მცხოვრები მასწავლებლისთვის, ასეთ კონკურსში მონაწილეობა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, ჩემი შემთხვევა მოტივაცია გახდება დანარჩენი მასწავლებლებისთვის, რათა კონკურსებში მონაწილეობა მიიღონ“, – აცხადებს იგი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში.

საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაარსების იდეა კოალიციას „განათლება ყველასათვის“ ეკუთვნის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით კონკურსის ორგანიზებას 2017 წლიდან სწორედ ის ახდენს. ჩვენთან ინტერვიუში კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე და ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირინა ხანთაძე ამბობს, რომ წლიდან წლამდე მონაწილეობის მსურველი პედაგოგების რაოდენობა იზრდება. ამავდროულად, პედაგოგები კონკურსს სულ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და სულ უფრო მაღალ მზაობას იჩენენ.

ირკვევა, რომ ათეულიდან ფინალისტების შერჩევის დროს ჟიურის მთავარი კრიტერიუმი იყო, თუ რამდენად კარგად ახერხებს მასწავლებელი წარმოაჩინოს ის გავლენა, რაც მას და მის პედაგოგიურ საქმიანობას მოსწავლეებზე აქვს. ასევე, რამდენად დიდია მისი გავლენა უფრო ფართო სასკოლო საზოგადოებაზე, ან პროფესიულ ჯგუფებზე. ყურადღება ექცევა გამორჩეულ და საინტერესო პროფესიულ პრაქტიკასაც.

„წელს სიახლე გვქონდა – ათეულის გამოვლენის შემდეგ, პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენცია მოეწყო, სადაც პედაგოგებს თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაზე საუბრის საშუალება ჰქონდათ. ეს კონფერენცია კიდევ უფრო დაეხმარა ჟიურის მასწავლებელთა პედაგოგიურ პრაქტიკას კარგად გაცნობოდა და გადაწყვეტილების მიღებაში გარკვეული წვლილი ამანაც შეიტანა. მინდა აღვნიშნო, რომ ათეულის ყველა წევრი იმსახურებს დაფასებასა და გამორჩეული მასწავლებლის სტატუსს.

„ჟიურის ახლაც რთული კვირები ელის წინ – მან გამარჯვებულის საკითხზე უნდა დაიწყოს მსჯელობა. ვფიქრობ, ამაში ძალიან დაეხმარება ის შეხვედრები, რომლებიც ხუთეულის წევრი მასწავლებლების კოლეგებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან გაიმართება. ამ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის შედეგად კი ჟიურის გადაწყვეტილების მიღება და გამარჯვებულის გამოვლენა მოუწევს“, – ამბობს ირინა ხანთაძე და დასძენს, რომ კონკურსი ყოველწლიურად განიცდის გარკვეულ ცვლილებას, რათა იგი დინამიურად განვითარდეს და გამონაკლისი არც მომავალი წელი იქნება.

„მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ 2017 წლიდან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აფინანსებს. ფონდში კონკურსს ერთ-ერთი წარმატებული პროექტს უწოდებენ და დასძენენ, რომ ამას წლიდან წლამდე გაზრდილი პრესტიჟი და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც მოწმობს.

„უკვე მეხუთე წელია პროექტი საშუალებას გვაძლევს საზოგადოებამ გაიცნოს სამაგალითო და საამაყო მასწავლებლები, რომლებიც ცვლიან არა მხოლოდ მიკრო სამყაროს საკუთარ კლასსა და სკოლაში, არამედ ნერგავენ ინოვაციურ მიდგომებს, უყვართ საკუთარი საქმე და მოტივაციას უჩენენ კოლეგებსა და სტუდენტებს გააგრძელონ ის მისია, რასაც პედაგოგობა ჰქვია. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდეს კერძო, არასამთავრობო, სახელმწიფო, თუ დონორი ორგანიზაცია ერთი მიზნის გარშემო.

განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ საერთო ძალისხმევით შესაძლებელია არა მხოლოდ მასწავლებლის პროფესია გახადო მისაბაძი, არამედ შეცვალო ინდივიდების, თემისა და საზოგადოების დამოკიდებულებაც და ამ ცვლილების ელჩები, სწორედ, გამარჯვებული მასწავლებლები არიან. ფონდის მიერ დაფინანსებული ასეთი წარმატებული პროექტები გვარწმუნებს არჩეული გეზის სისწორეში და მოტივატორია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა – მცირედი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში განათლების გაუმჯობესების საქმეში“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021-ის გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება, მას  გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს კი ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm