GE

„ტრადიციულად, პედაგოგებს უცხო ენის გამოცდაზე ლაპარაკის და წერის ნაწილი უჭირთ“

პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის საგნის გამოცდები გრძელდება. დღეს მასწავლებლებმა უცხო ენის გამოცდა ჩააბარეს, რომელიც 4 საათიანი იყო. გამოცდის მაქსიმალური ქულა 120-ია, ხოლო უცხო ენის პედაგოგებს 73 ქულის აღება მოუწევთ იმისთვის, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ. ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული და ქართული, როგორც მეორე ენა – პედაგოგები დღეს გამოცდას ამ საგნებში აბარებდნენ. ქართული როგორც მეორე ენა იმ პედაგოგებისთვის არის, ვინც არაქართულენოვან სკოლებში ქართულს ასწავლის.

როგორც  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების გამოცდის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე Aris.ge-განათლებასთან ამბობს, ინგლისურ ენის გამოცდაზე 1072 პედაგოგი იყო დარეგისტრირებული,  რუსულზე – 514, გერმანულზე –  61, ფრანგულზე კი 11. დარეგისტრირებული პედაგოგების 38% უცხოური ენის გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადებულა.

„გამოცდა ნორმალურად წარიმართა, ვიწყებთ მოსმენის ნაწილით, ტექნიკურად უფრო საფრთხილოა. პრობლემები არ ყოფილა, მოსმენის ნაწილი ლოჯისტიკურად კარგად წავიდა. იმედია, ხვალაც ასევე წარიმართება ლაპარაკის ნაწილი. ტესტები არ იყო გართულებული ნამდვილად, იმ სირთულის იყო, როგორიც წინა წლებში, ანუ შედგებოდა ენობრივი და მეთოდური ნაწილისაგან. უფრო  დიდი წილი მოდის ენობრივ ნაწილზე. ენობრივი ნაწილი შედგება მოსმენის, ლაპარაკის, წერის და კითხვის უნარებისგან. ლაპარაკის ნაწილი ხვალ გამოიცდება. რაც შემიძლია ვთქვა კიდევ ის არის,  რომ გამოცდაზე დიდი რაოდენობა მასწავლებლებისა არ გამოცხადდა –  38 %,  ხვალაც, ალბათ, იმდენივე არ მოვა ზეპირ გამოცდაზე“, – აღნიშნა რუსუდან ტყემალაძემ.

გამოცდიდან გამოსულ პედაგოგები Aris.ge-განათლებასთან ამბობენ, რომ უცხო ენის გამოცდის დაწერა არ გასჭირვებიათ:

ირინა კოჭლამაზაშვილი – „რუსულს ვასწავლი სიღნაღის რაიონში, ილიაწმინდაში. ულიანოვკა ერქვა ადრე ამ სოფელს. წელს პირველად გავედი გამოცდაზე. მშვიდ გარემოში, კომფორტულად ჩატარდა ყველაფერი. არ იყო რთული საკითხები. სკოლაში თუ მუშაობ წლების განმავლობაში, პრაქტიკა გამოგადგება. მოსასმენი ტექსტი იყო და არც ეგ იყო რთული. მოსმენისას გამოტოვებული სიტყვები უნდა ჩაგესვა წინადადებებში. მეორე დავალებაში 4 მოსაუბრე გამოთქვამდა აზრს ერთსა და იმავე თემაზე და სათაურები უნდა შეგერჩია ამისთვის. საკმაოდ საინტერესო თემა იყო დასაწერი – „კარგია თუ არა ისტორიულ ადგილებზე თანამედროვე შენობების აშენება“ – საკუთარი აზრი უნდა დაგეფიქსირებინა. მე დავწერე, რომ საზღვრის გავლება ძველსა და ახალს შორის არ  შეიძლება. ძველი და ახალი ერთმანეთს ისე უნდა შეერწყას, რომ არ დაირღვეს არც ძველის იერსახე და არც ახლის“.

ნათია გეჯაძე – „ადვილი იყო გამოცდა, კითხვებიც არ იყო რთული. ადვილად დავძლიე. მომზადებით არ ვემზადებოდი. ფიზიკურად ვერ ვნახე ტრენერი. წელს მასწავლებელთა სახლში გაუქმებული იყო ტრენინგები, ჩემი პრაქტიკული ცოდნით გამოვედი და იმედია, ჩავაბარებ. ინგლისურს ვასწავლი კერძო სკოლაში „დეა“ და მოსწავლეთა სახლში ვარ კიდევ წრეებზე. კოლეგებს ვურჩევდი, გამოიყენონ პრაქტიკული ცოდნა და გავიდნენ გამოცდებზე“.

ციცინო ქუმელაშვილი – „ინგლისურის გამოცდაზე ვიყავი გასული. თბილისის 173-ე სკოლაში, ყველა საფეხურზე ვასწავლი ამ საგანს. დღეს წერითი ნაწილი იყო, ხვალ ზეპირი ნაწილი იქნება. პირველი იყო მოსმენა, შემდეგ კითხვითი და მეთოდური  ნაწილი, ბოლოს ესე. მე მგონი, ყველაფერი კარგად გავაკეთე. წარმატების იმედი მაქვს. წელს პირველად გავედი გამოცდაზე. მთავარია, ხვალ ზეპირზე  რა იქნება. გამოცდისთვის მე თვითონ მოვემზადე, გასული წლების გამოცდის ნიმუშებით ვიხელმძღვანელე.  გამოცდა არ იყო ძალიან რთული და დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჩემს კოლეგას არ გაუჭირდებოდა. მე მგონი, ყველას აქვს იმდენი ცოდნა, რომ ეს ტესტები დაძლიოს. თავიდან საგამოცდო ცენტრში რომ შევედი, ცოტა შემეშინდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არაფერი იყო სანერვიულო. 4 საათი გვქონდა დრო გამოცდის საწერად, მაგრამ მე ერთი საათით ადრე გამოვედი“.

ნინო სიმონიშვილი – „არაქართულოენოვან სკოლაში ვასწავლი ქართულს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯაში. აზერბაიჯანულენოვან სკოლაში. მე ჩავაბარე ქართული როგორც მეორე უცხო ენა. პირველად გავედი გამოცდაზე და ნორმალური იყო. არაფერი ისეთი არ იყო, რაც პედაგოგმა არ უნდა იცოდეს. არ აღემატებოდა პედაგოგის კომპეტენციას“.

როგორც რუსუდან ტყემელაძემ აღნიშნა, უცხო ენების გასწორებაში ჩართულია, დაახლოებით, 60 გამსწორებელი. ინგლისურში უფრო მეტია, ტრადიციულად, რადგან მეტი პედაგოგი ირჩევს ამ საგნის ჩაბარებას. უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით,  მეშვიდე წელია ტარდება უცხო ენის გამოცდები და ტრადიციულად, ყველაზე მეტად პედაგოგებს ლაპარაკის და წერის ნაწილი უჭირთ.

რაც შეეხება შედეგებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პედაგოგთა გამოცდების შედეგები ეტაპობრივად, აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური