GE

ტრანსპორტი და უტრანსპორტობა – სერიოზული დაბრკოლება სტუდენტებისათვის

როგორ უნდა უწყობდეს სახელმწიფო სტუდენტს ხელს სწავლაში? ამ კითხვაზე ალბათ პასუხი ყველასთვის შემდეგია: უნივერსიტეტით, იქ არსებული შესაბამისი გარემოთი, კვალიფიციური პროფესურით, ადეკვატური ფასებითა და ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოებით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ჩამონათვალი არაა საკმარისი  იმისათვის, რომ განათლების მიღების უფლება უზრუნველყოფილი იყოს, რადგან სტუდენტებისათვის სირთულე ლექციაზე მისვლამდე იწყება. ამ სირთულეს ტრანსპორტი ჰქვია. ის ტრანსპორტი, რომელიც უნივერსიტეტებამდე დადის, ან უნდა დადიოდეს.

EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა მკითხველს ამ კუთხით არსებული სიტუაცია გააცნოს და აჩვენოს თუ რამდენად ადვილად დადიან მსხვილ, სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები თბილისის სხვადასხვა უბნიდან. არსებობს თუ არა პირდაპირი მარშრუტები და რამდენად გამართულად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პირველ ეტაპზე ქვეყნის ყველაზე დიდი უნივერსიტეტები და ის გამზირი ავიღეთ, სადაც ეს უნივერსიტეტებია განთავსებული და სადაც ყოველდღიურად ათასობით სტუდენტი დადის. საუბარია ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე და ილიაუნის ორი კორპუსი მდებარეობს.

აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. სტუდენტების დიდი ნაწილი, ისინი, ვინც მიმდებარე ქუჩებზე არ ცხოვრობენ, უნივერსიტეტამდე მისასვლელად რთულ გზას გადიან. მათ უმეტესობას რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა და საკმაოდ დიდი მანძილის ფეხით გავლა უწევთ, რადგან პირდაპირი მარშრუტები ან არ არსებობს, ან ტრანსპორტი იმდენად სავსეა, რომ ასვლას ვერ ახერხებენ. ეს კი მათგან საკამოდ დიდ დროსა და სტუდენტისათვის სოლიდურ ხარჯებს მოითხოვს.

ნანა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. იგი გლდანის მე-5 მიკრო რაიონიდან ყოველ დილას ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ის მეექვსე კორპუსში დადის. სახლიდან უნივერსიტეტამდე მისასვლელად მას მინიმუმ  ერთი საათი სჭირდება. უმეტეს შემთხვევაში კი უფრო მეტიც.

„გლდანიდან ჭავჭავაძის მიმართულებით #51 ავტობუსი დადის, რომელიც მთელ ჭავჭავაძეს გაივლის და თსუ-ის ყველა იმ კორპუსს, რომელიც აქ მდებარეობს. მე ლექციები მეექვსე, მეოთხე და მესამე კორპუსში მიტარდება ხოლმე, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. წესით, ჩემთვის  #51 ავტობუსი მოსახერხებელი უნდა იყოს, რადგან ჩაჯდები შენს  უბანში და ჩამოხვალ უნივერსიტეტთან, მაგრამ რეალურად ასე არაა. ჯერ ერთი,  ჩემი სახლიდან ეს ავტობუსი საკმაოდ შორს ჩერდება. 10-12 წუთი მაინც მინდა გაჩერებამდე რომ მივიდე და იქ კიდევ კაცმა არ იცის რამდენ ხანს დამჭირდება ლოდინი. როცა მოვა, დიდი შანსია ვერ ავიდე, რადგან დილას, პიკის საათებში ფაქტობრივად ბოლო გაჩერებებზე ივსება ტრანსპორტი და ჩვენამდე უკვე გატენილი მოდის.

„თუ გამიმართლა და ავედი, ისეთ ჭყლეტვაში ვყვები, თავბედს ვიწყევლი ხოლმე. თანაც ძალიან ნელა დადის, გლდანიდან ჭავჭავაძემდე დაახლოებით 1 საათი და 15 წუთი უნდება და ეს ძალიან დიდი დროა. მითუმეტეს როცა ჭყლეტვაში დგახარ. ანუ, გამოდის, რომ თუკი ამ ავტობუსს გავყვები, სახლიდან უნივერსიტეტამდე მინიმუმ საათნახევარი მჭირდება, სახლიდან 7 საათზე უნდა გამოვიდე. ზამთარში ეს რთულია. ამიტომ უფრო ხშირად მეტროთი დავდივარ და ამის გამო სამ ტრანსპორტს ვიცვლი – მეტრომდე მარშუტკას მივყვები, შემდეგ მეტროში ვჯდები და მეტროდან თსუ-მდე უკვე ავტობუსით მივდივარ. ესეც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია“,- ამბობს ნანა.

მარიამ წიკლაური აფრიკის დასახლებაში ცხოვრობს და ილიაუნის პირველი კურსის სტუდენტია. იმის გამო, რომ მისი უბნიდან უნივერსიტეტების მიმართულებით ტრანსპორტი არ დადის, მარიამი ყოველ დღე რამდენიმე ტრანსპორტს იცვლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ყოველდღიურად მინიმუმ 2,5 საათს (ორივე გზა) გზაში ატარებს და 5 ლარი გზის ფულისათვის სჭირდება.

„ჩემი უბნიდან უნივერსიტეტამდე არაფერი დადის.  ამიტომ ორი ან სამი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს. ძირითადად „მარშუტკებით“ დავდივართ. ჯერ აფრიკიდან ვარკეთილში მივდივარ და იქიდან #170 „მარშუტკას“ მივყვები, რაც პირდაპირ ჭავჭავაძეზე მიდის.

“მეორე გზა მეტროთი წასვლაა. ამისათვის ჯერ მეტრომდე მივყვები „მარშუტკას“, მერე მეტროს ვარკეთილიდან რუსთაველამდე და რუსთაველიდან ილიაუნიმდე ფეხით ავდივარ ხოლმე. რუსთაველის მეტროდან ილიაუნიმდე კი საკამოდ შორია, მაგრამ ავტობუსები იმდენად სავსეა ხოლმე, რომ ვერ ავდივარ და ისევ ფეხით მიწევს.  მოკლედ, მინიმუმ  1 საათი და 15 წუთი მჭირდება გზაში“, – ამბობს მარიამი.

ნინო თორიაშვილიც ილიაუნელია. ის თემქაზე ცხოვრობს და უნივერსიტეტამდე მისვლა მისთვის ყოველდღიური, ძალიან დიდი პრობლემაა. ამბობს, რომ თემქიდან ჭავჭავაძემდე პირდაპირი მარშრუტი არ არსებობს – არც ავტობუსი და არც მიკროავტობუსი. ამის გამო ნინოს უკეთეს შემთხვევაში სამი ტრანსპორტის გამოცვლა, უარეს შემთხვევაში კი კილომეტრების ფეხით გავლა უწევს.

„ჯერ სახლიდან სარაჯიშვილის მეტრომდე ავტობუსს მივყვები, მერე მეტროში ჩავდივარ და რუსთაველიდან ილიაუნიმდე ისევ ავტობუსს. მაგრამ დილას, როცა პიკის საათია, ეს საკმაოდ რთულია. ჩემი სახლიდან მეტრომდე მიმავალი და რუსთაველიდან ვაკისაკენ მიმავალი ავტობუსები ყოველთვის გადაჭედილია. რამდენჯერმე ამინდის გამო ავტობუსით წავედი და მართლა საშინელებაა, ვერც მოეჭიდები ვერაფერს, ვერც ნორმალურად დადგები, გაჭედილი ხარ ხალხში და უჰაერობაა, მაღალიც არ ვარ და სულ ვიღაცების ზურგზე ვარ მიჭყლეტილი.

„საშინელი სიტუაციაა,  ამიტომ თითქმის სულ ფეხით დავდივარ. რუსთაველის მეტროდან ილიამდე ფეხით 15-20 წუთი მჭირდება. მომდევნო წლიდან ჩემი ფაკულტეტი ილიაუნის მეორე კორპუსში გადადის, რომელიც ვაკის პარკთან მდებარეობს და მერე რა მეშველება არ ვიცი. რუსთაველის მეტროდან ვაკის პარკამდე ფეხით როგორ უნდა ვიარო?

„სახლიდან სარაჯიშვილის მეტრომდე ჩასვლაც პრობლემაა. მხოლოდ ერთი ავტობუსი დადის – #75 და ისიც მხოლოდ ნახევარ საათში ერთხელ. მის გასვლის დროს უნდა დაემთხვე. თუ არ მაწყობს მისი გასვლის დრო, ან გამასწრო, ფეხით მიწევს ჩასვლა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ასე იშვიათად დადის, სულ ხალხითაა გატენილი“, – ამბობს ნინო.

მარი ზუმბაძე: „დიდ დიღომში ვცხოვრობ და ყოველ დღე ვაკეში, ჭავჭავაძეზე უნივერსიტეტში დავდივარ. აქედან #73 „მარშუტკაც“ დადის და #21 ავტობუსიც. ვერ ვიტყვი, რომ ლოდინი არ მიწევს და სავსე არ არის ხოლმე, მაგრამ ასე თუ ისე მოწესრიგებულია. ავტობუსი მითუმეტეს არც ისე ხშირად დადის, ამიტომ ძირითადად „მარშუტკით“ დავდივარ. მოკლედ, იდეალური სიტუაცია არ არის, მაგრამ მისაღებია.“

სტუდენტები ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობენ, რომ ტრანსპორტისა და საცობების გამო ლექციებზეც ხშირად აგვიანდებათ, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური