თსუ–ის თვითმმართველობის წევრებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს
თსუ–ის რექტორ ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრის შემდეგ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს. მათი მთავარი მოთხოვნა რექტორის გადადგომაა და არც ვლადიმერ პაპავას კაბინეტის მისაღები ოთახის დატოვებას აპირებენ.
ვლადიმერ პაპავა სტუდენტების ორივე მხარის წარმომადგენლებს შეხვდა და ორივე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გადადგომას გამორიცხავს. ამასთან პაპავას თქმით, მან პირობა მისცა თვითმმართველობის წევრებს, რომ მათ არც პოლიცია და არც დაცვა აკადემიური საბჭოს ოთახის დატოვებას არ მოსთხოვს.
გარდა ამისა, შიმშილობა გამოაცხადეს უნივერსიტეტის პროფესორებმაც, რომლებიც მოითხოვენ ვლადიმერ პაპავა რექტორის პოსტიდან არ გადადგეს.
პროფესორ–მასწავლებლები თვლიან, რომ რექტორის გადადგომა სასწავლო პროცესის ჩაშლას და ქაოსს გამოიწვევს.
რექტორის მხარდასაჭერ აქციას მართავენ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ის სტუდენტები, რომელთაც გასულ დღეებში აქციები კანცლერის კანდიდატურის მოხსნამდე გამართეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თვითმმართველობის ყველა წევრის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები “კრიმინალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობენ”. მათ შორის მათთან, ვინც გუშინ ნიღბებით შეიჭრა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, რასაც სტუდენტების ორ მხარეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
უნივერსიტეტში მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. გარეთ მყოფი სტუდენტები კი პრემიერ–მინისტრსა და შს მინისტრს უნივერსიტეტში მისვლისა და სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებენ.
თსუ–ში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება