GE

სწავლის ძირი მწარე არ არის…

ვიცი, რომ დილით ადრე ადგომა ძნელია და ხანდახან სკოლაში სიარული გეზარება.

ვიცი, რომ ეს შენი ბრალი არ არის და 12 წელი ყოველდღე ერთი და იგივე საქმის კეთება მოსაბეზრებელია.

ვიცი, რომ ყოველთვის გაკვეთილის ხასიათზე არ ხარ და არც  ყველა საგანი გაინტერესებს ერთნაირად.

ვიცი, რომ ზოგჯერ არც მასწავლებლები არიან გაკვეთილის ხასიათზე.

ვიცი, რომ ყველა მასწავლებელიც არ მოგწონს და არც შენ მოსწონხარ ყველა მასწავლებელს.

ვიცი, რომ გეწყინა, როცა გაკვეთილი ისწავლე და არ გაგიძახეს; როცა კარგად მომზადებულს ნიშანი დაგაკლეს.

ვიცი, რომ ისტის გაკვეთილის მოყოლასაც დაფასთან ზეპირად გთხოვენ.

ვიცი, რომ არ გესმის რატომ უნდა ისწავლო ზეპირად პაგანინის მშობლების სახელები.

ვიცი, რომ უინტერესოა ფიზიკის და ქიმიის სწავლა ლაბორატორიის გარეშე.

ვიცი, რომ შენი სკამი ხმელია და მოუხერხებლად დასაჯდომი.

ვიცი, რომ ზამთარში მერხთან ქურთუკით ზიხარ.

ვიცი, რომ გწყინს ფიზ. კულტურის ნაცვლად რომ მათემატიკა გიტარდება.

ვიცი, რომ გინდა სკოლას კარგი სპორტდარბაზი და საცურაო აუზი ჰქონდეს.

ვიცი, რომ დიდ დასვენებაზე სასიამოვნო მუსიკის გუგუნს და მოწესრიგებულ კაფეში ჯდომას ისურვებდი.

ვიცი, რომ გულისყური ჯიბეში, ხმაგათიშული სმარტფონისკენ გაგირბის.

ვიცი, რომ გაკვეთილებზე უფრო საინტერესო  ამბებიც ხდება შენ ცხოვრებაში.

ვიცი, რომ მეტი თავისუფლება გჭირდება ბედნიერებისთვის.

ვიცი, რომ გეზარება სახლში სასკოლო ამბების მოყოლა, ამიტომ მოკლედ პასუხობ, არაფერიც არ ხდებაო.

ვიცი, რომ გინდა გისმენდნენ, სჯეროდეთ და პატივს გცემდნენ.

ვიცი, რომ გინდა ისე გექცეოდნენ, როგორც უფროსები ერთმანეთს.

ვიცი, რომ გინდა მალე გაიზარდო.

ვიცი, რომ რეპეტიტორთან სიარული შენი არჩევანი არ არის.

ვიცი, რომ ძნელია კარგად ისწავლო იქ, სადაც სწავლა მოდაში არ არის.

ვიცი, რომ სხვა გზა აღარ გქონდა.

ვიცი, რომ მსხვერპლი ხარ. დიდი სისტემის პატარა მსხვერპლი.

შენ ღარიბი ქვეყნის უღარიბესი სკოლის მოსწავლე ხარ. შენ ხელი არ მიგიწვდება განათლების თანამედროვე მეთოდებზე. შენ გაბრაზებული, უკმაყოფილო უფროსები გახვევია გარშემო. მერწმუნე, არც თუ უსაფუძვლოდ არიან გაბრაზებულები. სკოლაში ისეთი სამუშაო პირობებია, ძნელია იყო კმაყოფილი. მაგრამ თუ ამ ყოველდღიურ ფაციფუცში ვინმე ზარალდება, ეს შენ ხარ!

შენი დრო მიდის.. მალე განათლების სისტემიდან გახვალ და თუ შენი თავი დროულად ვერ იპოვე და არც გავლენიანი “პატრონი” გყავს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაებარები. მოგცემენ მერე თვეში 60 ლარს და იცხოვრებ, როგორც ყველაზე ღარიბი, ყველაზე წარუმატებელი ადამიანები შენს ირგვლივ. და ეს მხოლოდ შენი წარუმატებლობა არ იქნება..

შენ ჯერ კიდევ გაქვს არჩევანი.

ნუ მიაქცევ წვრილმანებს იმაზე მეტ ყურადღებას, ვიდრე იმსახურებს. მერე რა თუ ერთხელ გამოგიჭირეს, ნიშანი დაგაკლეს, ჩაგისაფრდნენ, უსამართლოდ დაგსაჯეს, არ დაგიჯერეს….. შენ სკოლაში იმისთის დადიხარ, რომ სირთულეების გადალახვა ისწავლო, არ დანებდე, შენს სასიკეთოდ შემოაბრუნო სიტუაცია, ეს შენ გჭირდება.

შენ შეგიძლია აწიო თამასა შენს კლასში და თქვა, რომ უნდა ისწავლო. იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვრო და არა საცოდავად; იმისთვის რომ ძლიერი იყო და არა სუსტი; იმისთვის, რომ ის ყველაფერი, რაც ახლა არ მოგწონს, უკეთესობისკენ შეცვალო.

თუ შენ დროს ისე გაანაწილებ რომ სწავლისთვისაც დაგრჩეს და გართობისთვისაც, დარწმუნდები რომ სწავლის ძირი მწარე არ არის.

სრულიად მარტო დადექი სარკესთან და მოუყევი შენ თავს გაკვეთილი, რომელიც ისე-რა ისწავლე. წარმოიდგინე, რომ დაფასთან დგახარ და ყველა შენ გიყურებს. ეს იგივეა, წარმოიდგინო, რომ ქუჩაში დგახარ და ყველა შენ გიყურებს. წარმოიდგინო, რომ სიტყვით გამოდიხარ და ყველა შენ გისმენს. და შეაფასე, მოგწონს ასეთი შენი თავი? ასეთი იქნები მერეც როცა მუშაობას დაიწყებ, როცა ოჯახს შექმნი, როცა .. როცა … როცა ….  ისწავლე ის გაკვეთილი მანამ, სანამ სარკეში შენი თავი არ მოგეწონება და დაინახავ განსხვავებას  ღირსეულ და გაძაღლებულ ცხოვრებას შორის.

შენს თაობაში დიდი კონკურენციაა. გაიმარჯვებენ ყველაზე მაგრები. გამოიყენე ყველა შანსი რომ არ იყო შესაცოდი, სხვისი მისახედი, რადგან ის სხვა ყოველთვის მოითხოვს რაღაცას, რაც შენ ღირსებას შეურაცხყოფს. შენ ხომ იმიტომ გეჩქარება გაზრდა, რომ თავისუფლება მოიპოვო.

ხო, კარგი რამეა თავისუფლება.. ჰოდა, ნუ გაუშვებ ამ შანსს ხელიდან. სანამ დრო გაქვს, ისწავლე, იმისთვის რომ იყო შენი თავის “უფალი”.

ასეთ მასწავლებელზე ოცნებობენ ბავშვები

ავტორი მეგი კავთუაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური