GE

თუ უცხო ენის გამოცდაში უმაღლესი ქულა გინდა – „აბიტურიენტობისას 45-წუთიან მეცადინეობას 10 წუთიანი დასვენება მოსდევდა“

ეროვნული გამოცდები ახლოვდება და აბიტურიენტებში დაძაბულობა მალე პიკს მიაღწევს. საბედნიეროდ, ეს საგამოცდო ციებ-ცხელება წინა წლებში სხვებმაც გაიარეს. არაერთმა აბიტურიენტმა, საკუთარი მონდომების წყალობით, უმაღლესი ქულებიც მიიღო და ახლა მზად არიან საკუთარი გამოცდილება წლევანდელ აბიტურიენტებს გაუზიარონ. თქვენს გასამხნევებლად, ძვირფასო აბიტურიენტებო, EDU.ARIS.GEმ პუბლიკაციების ახალი სერია წამიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გასული წლების ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულების მქონე სტუდენტებს ვიპოვით და მათ პრაქტიკულ რჩევებსა და თქვენთვის საინტერესო მოსაზრებებს გაგიზიარებთ.

სერიის ფარგლებში, ჩვენი პირველი რესპონდენტი არის ოთო გულბანი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელმაც 2018 წელს, ეროვნულ გამოცდებზე უცხოურ ენაში მაქსიმალური, 90 ქულა მიიღო – მან ინგლისური ენა ჩააბარა. ოთო 2021-2022 წლებში აქტიურად მუშაობდა უცხოური უნივერსიტეტებისთვის აპლიკაციების მომზადებაზე, რამაც, საბოლოოდ, შედეგი გამოიღო და იგი ბელგიის საუკეთესო უნივერსიტეტში, KU Leuven-შიც კი ჩაირიცხა, სადაც სწავლას მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად გააგრძელებს.

– ოთო, პირველ რიგში, მოგვიყევი აბიტურიენტობისას შენი ყოველდღიური რუტინის შესახებ, რამდენ საათს უთმობდი მეცადინეობას და როგორ ანაწილებდი დროს?

– აბიტურიენტობის პერიოდში, ჩემი რუტინა, ალბათ ძალიან არ განსხვავდებოდა სხვა აბიტურიენტების რუტინისგან – დილით სკოლა, შემდეგ რეპეტიტორებთან სიარული. სახლში დაბრუნების შემდეგ, ცოტა ხანი ვისვენებდი და საღამოსკენ ისევ მომავალი გაკვეთილებისთვის ვიწყებდი მეცადინეობას.

ასეთი დატვირთული გრაფიკის პირობებში, მნიშვნელოვანია დროის სწორი მენეჯმენტი. იმისთვის, რომ მეცადინეობის ეფექტიანობა გამეზარდა, 45 წუთიანი მეცადინეობის სესიები მქონდა, რომელსაც შემდგომ 10 წუთიანი დასვენება მოსდევდა. საერთო ჯამში, სკოლა და რეპეტიტორები რომ არ ჩავთვალოთ, დღეში, დაახლოებით 2-2,5 საათი ვმეცადინეობდი.

– უცხო ენის გამოცდის რომელი საკითხისთვის მომზადებას დაუთმე ყველაზე მეტი დრო?

– ყველაზე მეტ დროს ესესთვის მზადებას ვუთმობდი. რადგან, მნიშვნელოვანია აბიტურიენტმა იცოდეს ესეს სტრუქტურა და მისი წერის წესები. ეს სწორედ ის საკითხებია, რომელიც ენის ფლობის ყველაზე მეტ ასპექტს აერთიანებს, რაც შეცდომის დაშვების შანსს ზრდის.
იმისთვის, რომ უკეთესი ესე დამეწერა ჯერ კარგად ვეცნობოდი ზოგადად ესეს სტრუქტურას, შემდგომ ვცდილობდი ჩემი ლექსიკონის გამდიდრებას ტავტოლოგიების თავიდან ასარიდებლად და ტექსტის უფრო დასახვეწად. გარდა ამისა, ვწერდი ხშირად, რასაც მასწავლებელიც მისწორებდა და ბევრი მცდელობის შემდეგ ესეს ხარისხიც უმჯობესდებოდა.

– შენი აზრით, რომელია უცხო ენაში ის საკითხი, რომელშიც ყველაზე მეტი უნდა იმეცადინონ აბიტურიენტებმა?

– მიუხედავად არსებული ობიექტური საზომებისა, საკითხების სირთულე ყველასთვის ინდივიდუალურია. აბიტურიენტმა კარგად უნდა გაიაზროს რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები და შესაბამისად დაიწყოს საკითხებზე მუშაობა. მე ინგლისურენოვან სამყაროსთან ბავშვობიდანვე მქონდა შეხება – ინგლისური მესმოდა ვიდეოებიდან და ვიდეო თამაშებიდან. ამით უცხო ენას მარტივად შევაჩვიე ყური. ეროვნული გამოცდის ერთ-ერთი რთული საკითხის, Listening-ის დაძლევაში სწორედ ეს დამეხმარა. აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ თუ მოსმენის დროს რამე სიტყვას ვერ გაიგებენ, მათზე ბევრი დრო აღარ დახარჯონ და მიჰყვნენ ხმის ჩანაწერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ჩამორჩნენ ჩანაწერს, საბოლოო ჯამში კი ვერც სხვა სიტყვები გაიგონ. ეს წესი მოქმედებს არამარტო ეროვნულ გამოცდებზე, არამედ ისეთ საერთაშორისო გამოცდებზეც, როგორიცაა IELTS და TOEFL.

– რას ფიქრობ ზოგადად გამოცდების წინა პერიოდზე? – ეს დრო აბიტურიენტმა მეცადინეობას უნდა დაუთმოს, თუ განტვირთვას და დამშვიდებას?

– გამოცდის წინა პერიოდში გადამეორება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს ცოდნისთვის თავის მოყრას და მის ერთ საერთო სურათში ჩაჯენას. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ გადაღლა. მე ინტენსიურად ვმეცადინეობდი გამოცდის წინა კვირას, მაგრამ უშუალოდ წინა დღეს საერთოდ არ მიმეცადინია და დრო განტვირთვას დავუთმე – სეირნობასა და მუსიკის მოსმენას.

– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მას შემდეგ რაც საგამოცდო ოთახში შეხვალ?

– საგამოცდო ოთახში შესვლა, რა თქმა უნდა ყველასთვის სანერვიულოა, ჭარბი ნერვიულობა კი აზროვნების პროცესს აფერხებს. საგამოცდო ოთახში შესული აბიტურიენტი, პირველ რიგში, დარწმუნებული უნდა იყოს თავის შესაძლებლობებში, რაც, თავის მხრივ, ნერვიულობის გაფანტვაში დაეხმარება. პირადად მე მქონია ცოტა უცნაური პრაქტიკა – საგამოცდო ოთახში შესული, სანამ გამოცდა დაიწყებოდა, წარმოვიდგენდი ჩემს თავს დიდ ბიბლიოთეკაში, სადაც საგანთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცოდნა ინახებოდა და მე მას ვკითხულობდი. ეს ერთგვარად მეხმარებოდა ჩემი ცოდნისთვის თავი მომეყარა და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი ჩემს შესაძლებლობებში. ამრიგად, აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ საგამოცდო ოთახში შესულ აბიტურიენტებს თავიანთი გზებით გაეფანტათ ნერვიულობა და მიჰყოლოდნენ იმ ინსტრუქციებს, რაც სხვა გამოცდილმა ადამიანებმა გაუზიარეს, იქნება ეს გამოცდის ნერვიულობის დაძლევა თუ სხვა რამ.

– სკოლის პროგრამით ნასწავლი ინგლისური საკმარისი იყო ამ შედეგის მისაღებად თუ კლასგარეშე საკითხავი ან რეპეტიტორი დაგჭირდა?

– ალბათ არსებობს გამონაკლისებიც, რომლებიც ცალკეული მასწავლებლების პროფესიონალიზმზე გადის, თუმცა, ვფიქრობ, არავის გაუკვირდება თუკი ვიტყვი, რომ ქართულ საჯარო სკოლებში განათლების დონე არცთუ ისე მაღალია, მათ შორის უცხო ენების შემთხვევაშიც. ვეჭვობ, კლასგარეშე დახმარების გარეშე ამ შედეგისთვის მიმეღწია. რაც შეეხება საკითხავს, მე რამდენიმე წიგნის დახმარებით ვმეცადინეობდი, ესენია:

  • „ერთიანი ეროვნული გამოცდები, ტესტები ინგლისურ ენაში“ – თეონა ბოხუა, 2021;
  • „Essay Writing” – თეონა ბოხუა;
  • „Reading and Vocabulary Development 3” – Patricia Ackert, Linda Lee;
  • “Destination B2; C1&C2” – Malcolm Mann, Steve Taylore-Knowles.

– ბოლოს, რას ურჩევდით წლევანდელ აბიტურიენტებს, იმისთვის, რომ უცხო ენაში გაოცდის შედეგი მაქსიმალურად გაზარდონ?

– წლევანდელ აბიტურიენტებს პირველ რიგში ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ. საკმარისი შრომით სრულიად შესაძლებელია სასურველი ქულის მიღება – გამოცდის სირთულე ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. იმუშავეთ თქვენს სისუსტეებზე და შეეცადეთ გამოასწოროთ იგი. უყურეთ ფილმებსა და ვიდეოებს ინგლისურ ენაზე ან ინგლისური სუბტიტრებით, ეს ძალიან დაგეხმარებათ ენასთან უფრო კომფორტულად იყოთ და შეიგრძნოთ. შეეცადეთ დაალაგოთ პრიორიტეტები – სამეცადინო დროის მენეჯმენტი და მისი სწორი გამოყენება წარმატების საწინდარია. გისურვებთ წარმატებას!

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ესაუბრა გოგა ნიჟარაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური