„თუ ვინმე მეტყვის, როგორ შეიძლება პარალელურად სკოლების მშენებლობა და ბავშვების იქ ყოფნა, ჩვენ ამას გავაკეთებთ“
15 სექტემბერს, საქართველოს არაერთ სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი არ დაიწყება და მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა სხვა სკოლებში ან დისტანციურად მოუწევთ. ასეთი სკოლების ჩამონათვალსა და მოსწავლეთა ზუსტ ოდენობას, ვინც ახალ სასწავლო წელს მშობლიურ სკოლაში ვერ დაიწყებს, არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ვერც მისი ხელმძღვანელი ასახელებს და საზოგადოების ობიექტური პრეტენზიის პასუხად, მინისტრი მშობლებს თანადგომისაკენ მოუწოდებს:
“სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორებმა თავიანთი ვალდებულებები სრულად ვერ შეასრულეს და გვაქვს დაგვიანებები და ვადაგადაცილებები. მინდა მშობლებს, საზოგადოებას სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ სამინისტრო აქ იქნება ძალიან მკაცრი – ვალდებულებების მოთხოვნასა და საჯარიმო სანქციებში. მაგრამ ალბათ, მშობელსა და მასწავლებელს ნაკლებად აინტერესებს ეს საკითხი და მას უნდა, მისი შვილი დადიოდეს იმ სკოლაში, სადაც დაიწყო და ახლა ერთ-ორწლიანი წყვეტა აქვს. ასეთი სკოლა დაახლოებით გვაქვს ასის ფარგლებში, უფრო სწორად 200, სადაც დაიწყო რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ჩვენ ეს ბავშვები გადავანაწილეთ უახლოეს სკოლებში…”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა დღეს, 11 სექტემბერს.
მინისტრის განცხადებით, ერთის მხრივ, მას “სრულად ესმის ამ ადამიანების პრეტენზია” და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში, საუბარია მოსწავლეთა გადანაწილებასა და სკოლებისთვის რესურსებით უზრუნველყოფაზე, მაგრამ…
“მინდა, ვთხოვო საზოგადოებას, მეც მესმის, მეც მშობელი ვარ და ჩემთვისაც ეს არის პრობლემური, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ გვაქვს არანაირი… თუ ვინმე მეტყვის, როგორ შეიძლება პარალელურად სკოლების მშენებლობა და ბავშვების იქ ყოფნა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. რაღაცნაირად, ამ ისტორიულ საქმეში ერთმანეთის თანადგომა უნდა ვცადოთ და სამინისტრო კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ თითოეული მშობლის პრეტენზიის მომსმენია და ყველანაირად ვეცდებით, მოვაგვაროთ ეს პრობლემები. უბრალოდ, თანადგომა და მხარდაჭერა მინდა ვთხოვო საზოგადოებას ამ პროცესში”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრმა გასულ წელს გამოცხადებული 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის მიმდინარეობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში სკოლების ინფრასტრუქტურის პრობლემა მოგვარებული იქნება და შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრი: წლის ბოლომდე არ დარჩება მასწავლებელი, ვისაც ეს სიახლეები არ გაუხარდება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება