GE

უახლესი კიბერტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესში – კსუ–ის მემორანდუმი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თანამედროვე კიბერტექნოლოგიური მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კომპანია „სისტემ კორპთან“ (SYSTEM CORP) მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ორგანიზაციები ერთობლივად განახორციელებენ უახლესი კიბერტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვას სასწავლო პროცესის განხორციელებაში. ისინი ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ თანამედროვე კომპიუტერული უმაღლესი საგანმანათლებლო და სასწავლო კურსების ერთობლივად მომზადებისა და განხორციელების მიმართულებით. უნივერსიტეტის ვიცე კანცლერი ნინო ჩუბინიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიასთან რამდენიმე თვეა თანამშრომლობენ და სურვილი აქვთ ამ ურთიერთობას უფრო დიდი მასშტაბები მიეცეს.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 6 თვეზე მეტია თანამშრომლობს „სისტემ კორპთან“.  ამ ორგანიზაციის ხელშეწყობით, სასწავლო კვლევით და ასევე მართვის მიმართულებით გარკვეულ ინიციატივებს ვახორციელებთ და გვინდა, ამ თანამშრომლობას  უფრო დიდი მასშტაბები მივცეთ და უკვე ოფიციალურად ვაფორმებთ ამ თანამშრომლობას. შეთანხმების ფარგლებში „სისტემ კორპი“ უნივერსიტეტის IT დეპარტამენტთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად, დაიწყებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ასევე სხვადასხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებას როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სასწავლო პროცესებში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზოგადოებას უახლოეს მომავალში შესთავაზებს  კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან პროგრამას. ინიციატივები დაიგეგმება არა მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე, არამედ ჯანდაცვის, მეღვინობის, საერთშორისო ურთიერთობების და ბიზნესის მიმართულებითაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება  უკვე დაწყებულია უნივერსიტეტის მართვაში და მალე  ამ ინიციატივას საკმაოდ ფართომასშტაბიანი სახე მიეცემა“, – აცხადებს ნინო ჩუბინიძე.

კოპანია „სისტემ-კორპის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლუკა ჩხეტიანი ამბობს, რომ სამეცნიერო პროგრამის გარდა, უკვე დაარსდა საკვირაო სკოლა, სადაც სტუდენტებს არაფორმალური განათლების მიღების საშუალება ექნებათ და წარმატების შემთხვევაში დასაქმდებიან კიდეც.

„კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტთან რამდენიმე თვეა ვთანამშრომლობთ და უკვე განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები. ეს გახლავთ მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვა უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში.  ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია მემორანდუმის გაფორმება ამ ორ დაწესებულებას შორის, რადგან უფრო დიდი ძალისხმევით განვახორციელებთ ახალ პროექტებს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ  ჩვენ დავიწყეთ ტექნოლოგიების საკვირაო სკოლა, სადაც მოხდება ხელოვნური ინტელექტის საწყისების და სხვა სისტემების შესწავლა, შესაბამისად, ამ კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჩვენივე კომპანიაში დავასაქმებთ სტუდენტებს“,-განაცხდა ლუკა ჩხეტიანმა EDU.ARIS.GE – სთან საუბარში.

როგორც მხარეებმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნეს, ერთობლივად იმუშავებენ ტექნოლოგიური მიმართულებით ინოვაციურ პროექტებზე, სტარტაპებზე და სხვა იდეებზე. ერთობლივად განახორციელებენ IT ტექნოლოგიების სასწავლო კურსებს უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისა და გარეშე პირთათვის. ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში გამოიყენებენ ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს და რესურსებს;  ითანამშრომლებენ პროექტების შემუშავებაზე ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო კონკურსების ფარგლებში. მხარეები გამოიყენებენ ერთმანეთის საერთაშორისო კავშირებს მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა – კახაბერ კორძაიამ და „სისტემ კორპის“ დირექტორმა ლუკა ჩხეტიანმა მოაწერეს ხელი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური