GE

ვაზის აფხაზური და აჭარული ჯიშების კვლევის შედეგები – CIU-ში სამეცნიერო ღონისძიება გაიმართა

9 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კამპუსში, CIU-სა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი პროექტების ფარგლებში, ვაზის აფხაზური და აჭარული ჯიშების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ გახსნა. აუდიტორიას მიესალმა რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი. უნივერსიტეტში ვაზის ქართული გენოფონდის კვლევაზე ისაუბრა დეკანის მოადგილემ სამეცნიერო მიმართულებით, პროფესორმა დავით მაღრაძემ.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კვლევების პრეზენტაცია:

ანა ცეცხლაძე – „ვაზის აჭარული ჯიშების ამპელოგრაფიული, აგრონომიულ-ენოლოგიური შესწავლა ქობულეთის აგრო-ეკოლოგიურ პირობებში (MR-25-622)“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია კიკვაძე);

ალექსანდრე შამუგია – „ვაზის აფხაზური ჯიშების ამპელოგრაფიული დახასიათება და მათი აგრონომიული და ენოლოგიური პოტენციალის შეფასება (MR-25-155)“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი დავით მაღრაძე).

ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო უწყებებისა და დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მიერ მიღწეულ შედეგებს და აღნიშნა, რომ რეგიონული ჯიშების კვლევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს:

„მინდა აღვნიშნო, რომ საოცრად კარგ პრეზენტაციას დავესწარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეალურად ჩანს ის შედეგები, რომლებსაც უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით მიაღწია. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილია იმ საერთო საქმეში, რასაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მისი სახელისა და ადგილის დამკვიდრება ჰქვია. პრეზენტაციები, რომლებიც აჭარისა და აფხაზეთის ვაზის ჯიშებსა და მათგან დამზადებულ ღვინოებს ეძღვნებოდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სიძლიერე მისი რეგიონების მრავალფეროვნებაშია. თითოეულ კუთხეს საკუთარი ვაზის ჯიშები აქვს და სწორედ ეს მრავალფეროვნება ავსებს და ამდიდრებს ქართულ მეღვინეობას. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ავტორმა შესანიშნავად ისაუბრა იმ სამომავლო ამოცანებზე, რომლებიც მას, როგორც მკვლევარს, ნათლად აქვს გააზრებული და ჩამოყალიბებული“.

CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ აღნიშნა უნივერსიტეტის მზაობა, ხელი შეუწყოს სამეცნიერო ინოვაციებსა და დარგის განვითარებას:

„დღევანდელი შეხვედრა ნათლად წარმოაჩენდა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კვლევებს, ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებას. მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს ინოვაციურ პროექტებს და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას“.

კვლევის ავტორმა, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დოქტორანტმა, ალექსანდრე შამუგიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მხარდამჭერ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა:

„დღევანდელი საპრეზენტაციო დღე აფხაზური ვაზის ჯიშების შესწავლას ეძღვნებოდა, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. საბედნიეროდ, ერთ-ერთი გრანტიორი მეც აღმოვჩნდი. ჩემი საკვლევი თემა აფხაზეთის მევენახეობა-მეღვინეობა გახლდათ. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი კუთხის მევენახეობა-მეღვინეობა საფუძვლიანად გამომეკვლია. მადლობას ვუხდი ამ შესაძლებლობისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს ქალბატონ ოლანი გოცირიძის ხელმძღვანელობით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ ყურადღება გამახვილა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში სააგენტოს ჩართულობაზე:

„ჩვენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და მინდა აღვნიშნო, რომ ეს უნივერსიტეტი ნამდვილად საამაყოა მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. უნივერსიტეტი უზარმაზარ საქმეს აკეთებს, რადგან ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და გააჩნია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს. აქ იმართება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების დაცვები და მიხარია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო, თავის კურატორ სამინისტროსთან ერთად, ამ პროცესის თანამონაწილეა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დარგში არსებული პრობლემები მოგვარდეს და სექტორი კვალიფიციური, ღირსეული კადრებით იყოს წარმოდგენილი“.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ბოლქვაძემ მივიწყებული ვაზის ჯიშების აღდგენის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბედნიერი ვარ, რომ აგრარული სფეროს მიმართულებით, ამ შესანიშნავ უნივერსიტეტში, ჩემი რეგიონის წარმომადგენლები სწავლობენ და დღეს იმ მივიწყებული და დაკარგული ვაზის ჯიშების შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომლებსაც კოლექციებში იშვიათად თუ შევხვდებით. მეამაყება, რომ როგორც აფხაზეთის, ისე ჩვენი კუთხის წარმომადგენელმა, ანა ცეცხლაძემ, ამ ჯიშების შესწავლა გადაწყვიტა. ვფიქრობ, ერთი ახალი ჯიშის შესწავლა და აღორძინება ერთი ეკლესიის აშენების ტოლფასია. მინდა, წარმატებები ვუსურვო როგორც უნივერსიტეტს, ისე მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს და აქ მოღვაწე ადამიანებს, რომლებმაც მიზნად ასეთი კარგი სპეციალისტების აღზრდა დაისახეს“.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბაგრატ რაზმაძემ ახალგაზრდა მეცნიერთა მიღწევები და ჩატარებული კვლევების მაღალი დონე შეაფასა:

„დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორი წარმატებული სტუდენტის მოხსენება მოვისმინეთ. მათ სამაგისტრო პროექტების ფარგლებში გაიმარჯვეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ მაგისტრანტთა კონკურსში. შესაბამისად, მათ ჩაატარეს ერთწლიანი კვლევა და შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს, რის საფუძველზეც მაგისტრის ხარისხი მიენიჭათ. ვუსურვებ მათ წარმატებას და ველოდებით მათი კვლევების გაგრძელებას მომდევნო ეტაპზე“.

ღონისძიება თემატური დისკუსიითა და კვლევების ფარგლებში დამზადებული ექსპერიმენტული ღვინოების დეგუსტაციით დასრულდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური