სქემის მთავარი პრობლემა ვაკანტური ადგილები – „არ მინდა სისტემა, სადაც პროფესიული განვითარება ერთმანეთის ხელის შეშლას გვასწავლის“
პროფესიული განვითარების ახალი სქემით დადგენილი პედაგოგის წინსვლის პრინციპს და სკოლების მიერ წინსვლის მსურველი მასწავლებლის ახალი ფუნქციების შესაბამისი ვაკანტური ადგილების გამოცხადების თემას ეხმიანება წამყვანი პედაგოგი, ეთო ქუთათელაძე რომელიც EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ პირადად ის აღარ აპირებს წინსვლას – მენტორობისთვის ბრძოლას, რადგან ვაკანტური ადგილების არსებობა პროფესიული წინსვლის მიზნის მისაღწევად მისთვის მიუღებელია.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლე გეგმის დანერგვის ესპერტი, ასევე შეფასებისა და ხარისის მართვის ექსპერტი და პროფესიული განათლების ტრენერი მიიჩნევს, რომ არსებული სქემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის შემდეგში: წინასწარ განისაზღვრება ვაკანტური ადგილების, ანუ სტატუსის მიმღები მასწავლებლების კონკრეტული რაოდენობა.
“ვფიქრობ, ეს პრინციპი უნდა შეიცვალოს და სტატუსის მინიჭება არ უნდა იყოს დამოკიდებული წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობაზე.
უფრო სამართლიანი და კონკურენტული იქნება ისეთი სისტემის შექმნა, სადაც ყველა მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი შედეგებით მოიპოვოს შესაბამისი სტატუსი. ამისთვის შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები ქულების ან კრედიტების დაგროვება, პროფესიული განვითარების აქტივობები, შესაბამისი დავალებების შესრულება, პრაქტიკული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეფასება და სხვა აუცილებელი კომპონენტები.
ამ შემთხვევაში მთავარი არ იქნება ის, თუ რამდენი ვაკანტური ადგილი არსებობს, არამედ ის, თუ კონკრეტული მასწავლებელი საბოლოოდ რა შედეგს აჩვენებს და რამდენად აკმაყოფილებს დადგენილ პროფესიულ კრიტერიუმებს.
შესაბამისად, შეიძლება ერთ რეგიონში სტატუსი მოიპოვოს მხოლოდ ერთმა მასწავლებელმა, ხოლო სხვა შემთხვევაში ოცმა ან უფრო მეტმა. რაოდენობა წინასწარ არ უნდა იყოს განსაზღვრული. სტატუსის მიღების შესაძლებლობა უნდა განაპირობოს მასწავლებლის რეალურმა შედეგმა და არა ვაკანტური ადგილების რაოდენობამ. ასეთი მიდგომა, ჩემი აზრით, უფრო მეტად შეუწყობს ხელს მასწავლებლებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, პროფესიულ განვითარებას და მოტივაციის ზრდას, რადგან თითოეული მათგანი ეცდება, საკუთარი საქმიანობითა და შედეგებით მაქსიმალურად მაღალი შეფასება დაიმსახუროს”, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან წამყვანი მასწავლებელი.
აქვე უცვლელად გთავაზობთ ეთო ქუთათელაძის წერილს აღნიშნულ საკითხზე (15 ოქტომბერი):
“სკოლაში მუშაობა რომ დავიწყე, დაახლოებით ორი წლის შემდეგ გავედი საგნობრივ და პროფესიულ უნარების გამოცდაზე. მაშინ ეს გამოცდები ახალი შემოსული იყო და სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა. არც კრედიტების დაგროვება არსებობდა. ან აბარებდი, ან ვერ აბარებდი.
როდესაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა გაჩნდა, მეორე წელსვე გადავწყვიტე მეც მეცადა. გავაკეთე კვლევა, ჩავატარე სამი სამოდელო გაკვეთილი, მოვამზადე ხუთი გაკვეთილის გეგმა გარე დაკვირვებისთვის, მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში, დავწერე სტატია საერთაშორისო გამოცემისთვის, ვთანამშრომლობდი კოლეგებთან, შევქმენი არაერთი სასკოლო რესურსი.
მაშინ, როდესაც შეფასების რუბრიკების არსებობაც კი ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, ჩემ საგანში თავად შევქმენი ჩეკლისტები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები. დავესწარი უამრავ ტრენინგს, როგორც საგნობრივი, ისე ტექნოლოგიური კომპეტენციების გასავითარებლად.
მოკლედ, დიდი შრომა, დრო და ენერგია დამჭირდა იმ სტატუსის მოსაპოვებლად. და ეს ყველაფერი იმიტომ კი არა, რომ ვინმესთვის რაღაცის დამტკიცება მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ პროფესიული განვითარება ყოველთვის მართლა მაინტერესებდა.
მას შემდეგ არაერთ პროექტში ვიყავი ჩართული. ვმუშაობდი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის საგნობრივ ექსპერტად, განათლების ხარისხის შეფასების ეროვნული ცენტრის ესთეტიკის მიმართულების ექსპერტად, დღემდე ვითვლები ამ პოზიციაზე. ვმუშაობდი პროფესიული განვითარების მიმართულებით ტრენერად და ვარ სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თანაავტორი.
დღემდე, თუ სადმე ტრენინგი, კონფერენცია ან პროფესიული განვითარების შესაძლებლობაა, თავპირისმტვრევით მივდივარ. მინდა ვისწავლო, გავიზარდო, რაღაც ახალი გავაკეთო. ჩემი თავი არასოდეს დამიზოგავს. არც ახლა მეზარება შრომა. შემიძლია გავათენო ღამეები, ვიკვლიო, ვწერო, ვაკეთო. უბრალოდ, ეს ყველაფერი ჩემთვის ყოველთვის განვითარების სურვილიდან მოდიოდა და არა სტატუსისთვის ქულების დასაგროვებლად.
ამიტომ, როდესაც ახალი სქემის ფარგლებში სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა გაჩნდა, ვიფიქრე: რატომაც არა? აქაც ვცდი, აქაც ვისწავლი, აქაც ვიშრომებ. დავწერ ხედვის დოკუმენტს, შევაჯამებ ჩემს გამოცდილებას, კიდევ ერთხელ დავფიქრდები ჩემს პრაქტიკაზე და კიდევ ერთხელ ვეცდები, პროფესიულად წინ წავიდე.
და ახლა აღმოვაჩინე, რომ სწავლა-სწავლების მიმართულებით ვაკე-საბურთლოს რაიონში თურმე მხოლოდ ექვსი ვაკანტური ადგილია.
და აქ უკვე მართლა მიჩნდება კითხვა: რას ნიშნავს ეს „ვაკანტური ადგილი“?
ანუ მე მთელი წლის განმავლობაში უნდა ვიშრომო, ვიწვალო, დავწერო დოკუმენტები, შევქმნა რესურსები, ვიფიქრო, ვიკვლიო, გავაკეთო ყველაფერი, რაც მოთხოვნილია და წლის ბოლოს შეიძლება მითხრან: „სამწუხაროდ, ვერ დაგაკმაყოფილეთ, სხვამ უფრო კარგად შეასრულა“.
და ვინ და როგორ უნდა დამიმტკიცოს, რომ სხვა „მჯობია“?
რა კრიტერიუმით განისაზღვრება ეს? რა არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ადამიანი იმსახურებს და არ იმსახურებს?
თუ საქმე მხოლოდ მცირე სახელფასო მატებას ეხება, რატომ უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული ადგილების რაოდენობა? რატომ უნდა იქცეს მასწავლებლის პროფესიული განვითარება ერთმანეთთან შეჯიბრებად?
მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ისედაც ძალიან დაძაბულ, სტრესულ და ხშირად არაკოლეგიალურ გარემოში გვიწევს მუშაობა.
რატომ უნდა გვაიძულებდეს სისტემა, ერთმანეთი კონკურენტებად აღვიქვათ?
რატომ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ერთმანეთს დოკუმენტები დავუმალოთ, გამოცდილება არ გავუზიაროთ, რაღაცები ერთმანეთისგან დავმალოთ და დახმარების ნაცვლად ერთმანეთის გადასწრება ვიფიქროთ?
მე ყოველთვის მჯეროდა, რომ კარგი განათლების სისტემა თანამშრომლობაზე დგას. რომ გამოცდილი მასწავლებელი ახალბედას უნდა ეხმარებოდეს. რომ კოლეგის წარმატება საკუთარ მარცხად არ უნდა აღიქმებოდეს. რომ პროფესიული განვითარება ერთმანეთის დამარცხებას კი არა, ერთმანეთის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს.
ამიტომ, ამ ეტაპზე, როგორც ყველაზე ადამიანურ ადამიანს, აღარ მინდა ამ დიდ სპექტაკლში მონაწილეობა.
16 წელია სკოლაში ვმუშაობ.
ამ 16 წლის განმავლობაში იმდენი არასაჭირო რამ მოუთხოვიათ, იმდენი სისტემა დაწყებულა, შუა გზაზე მიტოვებულა, შეცვლილა, გადაკეთებულა და თავიდან დაწყებულა, რომ ვინ მოთვლის. ბევრჯერ გვიკეთებია ის, რასაც რამდენიმე წლის შემდეგ საერთოდ აღარავინ კითხულობდა.
მაგრამ ასეთი რამ, ასეთი ფორმით, ჯერ ნამდვილად არ მახსოვს.
ყველაზე მეტად კი ის მაფიქრებს, რომ სისტემა, რომელიც თითქოს პროფესიული განვითარებისკენ უნდა გვიბიძგებდეს, საბოლოოდ ადამიანურ ურთიერთობებს გვართმევს.
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მრცხვენია კიდეც, რამდენად მორჩილ ფარას ვემსგავსებით. რამდენ სისულელეს უნდა ავყვეთ, გავყვეთ და გადავყვეთ ჩვენ, მასწავლებლებმა, რომლებიც ყოველდღე ბავშვებს ვასწავლით კრიტიკულ აზროვნებას, საკუთარი აზრის გამოხატვას, ღირსებას, პასუხისმგებლობას და სამართლიანობას.
და ბოლოს, როდესაც რაღაც ვერ მუშაობს, თითი მაინც ჩვენკენ მოემართება.
მასწავლებლებისკენ.
როგორც დამნაშავეებისკენ.
არადა, მასწავლებლების უმრავლესობა ყოველდღიურად აკეთებს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე მისგან ფორმალურად მოითხოვენ.
მე არ ვამბობ, რომ განვითარება არ მინდა. პირიქით. განვითარება ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მინდა. არც შრომის მეშინია. არც კონკურენციის.
მაგრამ არ მინდა ისეთი კონკურენცია, სადაც კოლეგის წინსვლა ჩემს უკან დახევას ნიშნავს.
არ მინდა სისტემა, სადაც პროფესიული განვითარება ერთმანეთისთვის ხელის შეშლას გვასწავლის.
არ მინდა კიდევ ერთი დოკუმენტის დაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც რაოდენობის ადგილას მოვხვდე.
მე მინდა სისტემა, სადაც ვინც შრომობს, სწავლობს, ვითარდება და რეალურად ქმნის რაღაცას, ამის აღიარების შესაძლებლობა აქვს.
და მინდა, რომ ეს შესაძლებლობა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე არ იყოს დამოკიდებული.
ალბათ, სწორედ ამიტომ ვწერ ამას.
არა იმიტომ, რომ შრომა დამეზარა. არა იმიტომ, რომ განვითარება აღარ მინდა. არამედ იმიტომ, რომ 16 წლის შემდეგ პირველად გამიჩნდა განცდა, რომ რაღაც პროცესში მონაწილეობა უკვე აღარ ნიშნავს პროფესიულ განვითარებას და პირიქით, შეიძლება საკუთარი ადამიანურობის დაკარგვას ნიშნავდეს.
და ამაში მონაწილეობა აღარ მინდა”.
ასევე იხილეთ:
-
რას მიაქცევს ყურადღებას შეფასების კომისია და როგორ დავწეროთ მასწავლებლის წინსვლისთვის სავალდებულო ხედვა – ინსტრუქციები ტრენერისგან
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
by ARIS.GE-განათლება