„უცხო ენაში გრამატიკა გამარტივდა… არ მგონია, წერილის ამოღება სწორი გადაწყვეტილება იყოს“ – სპეციალისტი ცვლილებებზე
როგორც რვა ნოემბერს გახდა ცნობილი, 2023 წლის აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამი საგნის ჩაბარება ცვლილებებით მოუწევთ. სიახლეებია ისტორიაში, მათემატიკასა და უცხოური ენის ტესტების ფორმატში. უცხოურ ენას გამოცდებზე რეგისტრირებული ყველა აბიტურიენტი აბარებს და ამდენად, ამ საგანში შესული ცვლილებები წლევანდელი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
რა შეიცვალა: უცხოური ენის ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის შევსება. ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველ დავალებას – წერილს. ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. 2023 წელს მოსმენის უნარი შემოწმდება მხოლოდ 1 დავალებით, რომლის სავარაუდო პასუხების რაოდენობა იქნება 4. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით. აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია. წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით.
პედაგოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი ნანა კიკალიშვილი ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლიდან, რომელსაც უმაღლესში ჩაბარების მსურველებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სიახლეებს EDU.ARIS.GE-სთან აფასებს და ამბობს, რომ ტესტებში განხორციელებული ცვლილებები არ არის დროული, რადგან აბიტურიენტთა დიდი ნაწილი უკვე მესამე თვეა ემზადება, ნაწილი კი უკვე მეორე წელია მეცადინეობს.
ნანა კიკალიშვილი: ეს იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტები მეილის წერაზე უკვე სერიოზულად მუშაობდნენ და დახვეწეს კიდევაც. ზოგიერთი სკოლის მასწავლებელიც ეხმარებოდა და ამუშავებდა საკუთარი სკოლის მოსწავლეებს ამ კუთხით, ცვლილების მიხედვით კი, სხვა სახის დავალებაზე მოუწევთ მუშაობა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რთული დავალებაა.
– ქალბატონო ნანა, ტესტში აღარ იქნება წერილი და აბიტურიენტებს დიალოგზე ექნებათ სამუშაო. ასევე, გრამატიკაში ღია დავალებები არჩევითბოლოიანით ჩანაცვლდა, დარჩა მხოლოდ ერთი მოსმენის დავალება… ამ ფონზე, ტესტის მაქსიმალური ქულა 10-ით შემცირდა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ტესტი გაიოლდა, თუ ეს ნაადრევი დასკვნა იქნება?
– არ მგონია, საქმიანი წერილის ამოღება სწორი გადაწყვეტილება იყოს, რადგან ევროპულ ქვეყნებში გამოცდებზე ეს აპრობირებულია და ვთვლი, რომ ყველა ზრდასრულმა უნდა შეძლოს საქმიანი წერილის დაწერა. რაც შეეხება გრამატიკას, ვფიქრობ გამარტივდა, რადგან მოსწავლეს უფრო მეტი საშუალება აქვს, სწორი პასუხი ჩასვას. მოსასმენი დავალებაც გამარტივდა და არც დავალების შემცირებაა კარგი გადაწყვეტილება, რადგან ენის შესწავლაში მნიშვნელოვანი ნაწილია მოსმენა და საუბარი.
– შესწავლა ახსენეთ, აბიტურიენტის ენის ცოდნის განვითარებისთვის რამდენად სასარგებლოა ამ ტიპის ცვლილებები?
– ენის ცოდნის განვითარებისთვის, არსებული ცვლილებები ნამდვილად არ არის სასარგებლო. მაშინ, როცა ინგლისური ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი ენაა, მიმაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ დონეზე გამარტივება და მხოლოდ დახურულ და არჩევითპასუხიანი დავალებების დატოვება.
– გარდა ზემოთ ხსენებულისა, წერით დავალებაში სავალდებულო სიტყვათა რაოდენობა გაიზარდა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ აბიტურიენტები უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ?
– ვფიქრობ, არსებული სიტყვათა რაოდენობა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ არგუმენტირებულად გადმოეცა საკუთარი აზრი. სიტყვათა რაოდენობა 20 სიტყვით გაიზარდა, ამან კი არ მგონია, აბიტურიენტს დავალების შესრულება გაურთულოს. მთავარია, სტრუქტურა არ შეცვლილა.
– როგორც რეპეტიტორს, მოგიწევთ აბიტურიენტებთან მუშაობის მეთოდიკის ცვლილება ამ სიახლეების შემდეგ?
– კი მოგვიწევს შეცვლა. დაგვჭირდება უფრო მეტი ნიმუშის მოძიება დიალოგებთან დაკავშირებით ან მოგვიწევს თავად შევადგინოთ დიალოგები. უმჯობესი იქნებოდა, ცვლილებებთან ერთად, ნიმუშების რაოდენობა გაეზარდათ.
– თქვენ რას შეცვლიდით უცხოური ენის გამოცდასა და ტესტში და რატომ?
– დახურული/არჩევით პასუხიანი დავალებების ნაცვლად, ღია კითხვებს შევიტანდი, თუნდაც წაკითხულის გააზრებაში ღია კითხვებს დავამატებდი, შესაძლებელია საუბრის დავალების დამატებაც.
ასევე იხილეთ:
ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024