უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და პირობები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ დღეიდან დარეგისტრირდნენ.
რეგისტრაცია ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით უნდა გაიაროთ 30 ივლისის 11:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე.
გამოცდა 8 სექტემბერს ჩატარდება.
ვის ეხება გამოცდა: გამოცდაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება:
- იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით
- იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 – 2023-2024 სასწავლო წლებში სწავლობდნენ უკრაინის, ხოლო 2023-2024 სასწავლო წელს სწავლობდნენ ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
NAEC აქვეყნებს სარეგისტრაციო ბმულს და რეგისტრაციის გავლისთვის საჭირო მოკლე ინსტრუქციასაც, რომლის მიხედვითაც:
- რეგისტრაციისას ყველა ველის შევსება სავალდებულოა
- ასევე სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა
- განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას
პირებს, რომლებიც ატვირთავენ არასრულყოფილ განაცხადს, უფლება აქვთ, 18 აგვისტოს 18:00 საათამდე რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი გაასწორონ.
ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები
წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან). ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
ტესტირების ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.
გამოცდაში მონაწილეობის საფასური 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 15 აგვისტოს 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების ვადები და დეტალური განრიგი – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის – ინსტრუქცია 2025-2026 სასწავლო წლისთვის
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი