GE

უფლებები და მოვალეობები – რამდენი კრედიტ-ქულით შეფასდება ფასილიტატორი მასწავლებლის სამწლიანი შრომა?!

მასწავლებელთა პროფესიული განითარების ცენტრმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში სკოლების ფასილიტატორების შერჩევის კრიტერიუმები დაამტკიცა. შესაბამის ბრძანებაში უკვე ჩამოთვლილია ის პირობები, რასაც ფასილიტატორობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს. რიგ სკოლებში ფასილიტატორების არჩევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა როგორც ცენტრში აცხადებენ, პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. იმისთვის, რომ პედაგოგი ფასილიტატორი გახდეს ის შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკაყოფილებდეს:

  • უნდა ჰქონდეს საგნობრივი ცოდნა
  • უნდა შეეძლოს თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების გამოყენება
  • მუდმივად უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე
  • გააჩნდეს მაღალი პროფესიული მოტივაცია
  • ჰქონდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი

ბრძანება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

ფასილიტაცია პედაგოგს დამატებით აქტივობად ეთვლება და  ამაში მას სამი კრედიტ- ქულა ენიჭება. დეტალებზე Aris.ge-განათლებას უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი ირინა სამსონია ესაუბრა:

– ქალბატონო ირინა,   რა იქნება ფასილიტატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობა?

– ფასილიტატორის ძირითადი ფუნქცია არის საკუთარი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, მათი დახმარება სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით განხორციელებაში. მას შეუძლია დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციების სახით.

– რამდენი ფასილიტატორი შეიძლება ჰყავდეს ერთ სკოლას?

– ეს დამოკიდებულია სკოლაში მასწავლებლების რაოდენობაზე, ასევე მის საჭიროებებზე და, რა თქმა უნდა, ადამიანურ რესურსებზე. სწორედ ამიტომ, მათ გარკვეული თავისუფლება მივეცით ამ თვალსაზრისით და შევთავაზეთ, რომ ყოველ 12-დან 25 მასწავლებელზე აირჩიონ ერთი ფასილიტატორი. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლას, თუ საჭიროდ მიიჩნევს და თუ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები, შეუძლია ყოველ 12 მასწავლებელზე აირჩიოს 1 ფასილიტატორი. მას ასევე შეუძლია ყოველ 15, 20 ან 24 მასწავლებელზე აირჩიოს ასევე თითო ფასილიტატორი.

– როგორ ხდება სკოლის მიერ ფასილიტატორის შერჩევა?

ფასილიტატორს ირჩევს სკოლის პედაგოგიური საბჭო ხმათა უმრავლესობით იმ კანიდიდატებიდან, რომლებსაც წარადგენენ კათედრები. პედაგოგიური საბჭო გასაზღვრავს ასევე ფასილიტატორების რაოდენობას სკოლაში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უკვე დაამტკიცა ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს პედაგოგიურმა საბჭომ ფასილიტატორის არჩევისას. ეს კრიტერიუმები ეყრდნობა და ითვალისწინებს მასწავლებლის პროფესიულ და პიროვნულ მახასიათებლებს. ის, რომ ფასილიტატორი კვალიფიციური მასწავლებელი უნდა იყოს, რომელიც მაღალ დონეზე ფლობს საგნობრივი ცოდნას და მისი სწავლების მეთოდიკას, რაც აისახება კიდეც მისი მოსწავლეების შედეგებზე, ასევე მუდმივად ზრუნავს როგორც საკუთარ, ისე თავისი კოლეგების და, ზოგადად, სკოლის პროფესიულ გაძლიერებაზე, ცხადია, სრულიად ბუნებრივი მოთხოვნაა. მაგრამ ასევე საყურადღებოა მისი პიროვნული თვისებებიც. რადგანაც ფასილიტატორის საქმიანობა მთლიანად ურთიერთთანამშრომლობაზეა აგებული, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ის იყოს სამართლიანი, კომუნიკაბელური და კოლეგიალური ადამიანი, რომელსაც აქვს გუნდური მუშაობისა და  სკოლაში კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს შექმნის უნარებიც.

– ქალბატონო ირინა, ენიჭება თუ არა ფასილიტატორ მასწავლებელს დამატებითი კრედიტ-ქულები?

– სქემის მიხედვით, ფასილიტატორი აირჩევა სამწლიანი ვადით, რაშიც მას მიენიჭება 3 კრედიტქულა. უფრო რომ დავაზუსტოთ, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ფასილიტატორს გაწეული საქმიანობისთვის ენიჭება 1 კრედიტქულა.

– რა არის გარანტია იმისა, რომ სკოლის დირექცია ფასილიტატორის არჩევისას არ იქნება მიკერძოებული და შერჩევა ობიექტური იქნება?

– მოდით, დავაზუსტოთ. ფასილიტატორს ირჩევს არა დირექცია, არამედ სკოლის პედაგოგიური საბჭო, რაც თავისთავად ამცირებს მიკერძოების რისკს. გარდა ამისა, ფასილიტატორობა არ გულისხმობს რაიმე სახის მატერიალური ან სხვა სახის პრივილეგიებით სარგებლობას სკოლაში. ამიტომ, რეალურად არ არსებობს საფუძველი, რომ ამ მხრივი არაჯანსაღი პროცესების წარიმართოს სკოლაში. ყველაზე დიდი სარგებელი, რასაც ფასილიტატორი იღებს, არის ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მას სთავაზობს ტრენინგების სპეციალურ კურსს, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს მის პროფესიულ ზრდას.

– ამ ეტაპზე რამდენ სკოლაშია შერჩეული ფასილიტატორი და რამდენს არ ჰყავს ჯერ კიდევ?

– საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე სკოლამ ვერ მოახერხა ფასილიტატორის შერჩევა. პროცესის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი შემთხვევები მინიმალური იქნება.

– მაღალმთიან რეგიონებში ფასილიტატორების შერჩევისას რა სირთულეებს აწყდებით?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერჯერობით რაიმე სირთულეების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ფასილიტატორის შერჩევის ალტერნატიული გზები რეკომენდაციის სახით შეთავაზებულია სქემის გზამკვლევში, რომელიც უკვე დაურიგდა საქართველოს ყველა სკოლას. როგორც ჩანს, სკოლების უმრავლესობამ შეძლო დათავად გაართვა თავი ამ საქმეს.

– ფასილიტატორობა გულისხმობს თუ არა ხელფასის მომატებას? თუ კი რამდენით თუ არა რატომ არა?

– ამ ეტაპზე ფასილიტატორობისთვის მასწავლებელი არ იღებს დამატებით ანაზღაურებას. თუმცა სახელმწიფო მას სთავაზობს პროფესიული განვითარების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. მას ეძლევა საშუალება კიდევ უფრო გაიღრმავოს თავისი კვალიფიკაცია ზოგად პროფესიულ უნარებში, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის, კერძოდ კი გაკვეთილის შეფასებაში შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მის პროფესიულ ზრდას. ყოველივე ეს კი მას დაეხმარება, პროფესიული განვითარებისა და, შესაბამისად, კრედიტქულების უფრო სწრაფად დაგროვების გზით უფრო სწრაფად შეძლოს კარიერული წინსვლა, რაც, მოგეხსენებათ, პირდაპირ არის დაკავშირებული ანაზღაურების ზრდასთან.

– ბრძანებაში წერია: ფასილიტატორის არჩევისას უპირატესობა მიენიჭება ,,განსხვავებულ საგნობრივ კათედრას“– გთხოვთ განგვიმარტოთ ეს ფრაზა.

– ჩემი აზრით, ამ ჩანაწრის შინაარსი ძალიან მარტივია. როდესაც სკოლა ირჩევს ორ ან მეტ ფასილიტატორს, ბუნებრივია, სასურველია, რომ ისინი იყვნენ სხვადასხვა საგნის ან საგნობრივი ჯგუფის კათედრის წარმომადგენლები. ეს ხელს შეუწყობს შიდა სასკოლო შეფასების პროცესების უფრო იოლად, ხარვეზების გარეშე წარმართვას.

– თავად ფასილიტატორს ფასილიტაციას ვინ გაუწევს,  სანამ უშუალოდ შეუდგებიან საქმიანობას  გაივლიან თუ არა შესაბამის ტრენინგებს და რას მოიცავს მათი ტრენინგ კურსი?

ფასილიტატორს პროფესიულ დახმარებას გაუწევს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ყველა ფასილიტატორი გაივლის გადამზადებას. მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები სქემის დანერგავსთან დაკავშირებულ ყველა თემაზე. მათ შორისაა: მასწავლებლის დახმარება თვითშეფასებასა და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში, მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება, განამვითარებელი შეფასების ფორმები და ა.შ. გარდა ამისა, მათ ჩაუტარდებათ კონსულტაციები გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. ფასილიტატორებს ტრენინგებს ჩაუტარებენ და კონსულტაციებს გაუწევენ ცენტრის კვალიფიციურ ტრენერ-კონსულტანტები.

ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა

60 821 პედაგოგიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 151-მა მიიღო – სქემაში გადანაწილების შედეგი

პედაგოგთა მოვალეობები გარე დაკვირვებისას – რა? როგორ? რატომ?

მასწავლებლების კატეგორიებად დაყოფის პოლიტიკის პრობლემები

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ეკა არის© წივწივაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი