GE

„უფლებებიც უნდა ვიცოდეთ და მოვალეობებიც“ – სამოქალაქო განათლების გამოცდიდან გამოსულები საგნის სწავლების მნიშვნელობაზე საუბრობენ

2023 წლის ზაფხულის გამოცდების ფარგლებში, დღეს მასწავლებლის საგნის გამოცდა სამოქალაქო განათლებაშიც ჩატარდა. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ამ საგნის მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდები სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

როგორც მათ EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, საგამოცდო საკითხები რთული არ იყო და თუ პედაგოგს მოსწავლეების კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ამბიცია აქვს, ამ ტესტის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს.

„ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ და შესაბამისი საგნის გამოცდა და მასწავლებლის მომზადების პროგრამაც გავლილი მაქვს, თუმცა მაინც ვერ დავსაქმდი. გადავწყვიტე, ახლა სამოქალაქო განათლება ჩავაბარო და გავედი გამოცდაზე. თუ გვინდა, ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა და გვინდა ევროკავშირის წევრობა, იმ საკითხების ცოდნა, რასაც სამოქალაქო განათლების საგანი მოიცავს, მნიშვნელოვანია თითეული ჩვენგანისათვის. მომავალ თაობას გაცილებით მეტი ეცოდინება დემოკრატიაზე, ევროკავშირის ღირებულებებზე, ვიდრე წინა თაობებს და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვი“, – ამბობს სამოქალაქო განათლების მასწავლებლობის მსურველი ეკატერინე კლდიაშვილი.

სამოქალაქო განათლების სკოლებში სწავლის მნიშვნელობაზე საუბრობს კიდევ ერთი მასწავლებლობის მსურველი. ტატო ხურციძის თქმით, უფლებებისა და მოვალეობების მოსწავლეებისთვის ახსნა, მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, ქვეყნის განვითარების გარანტია, რასაც პროფესიონალი და მოტივირებული პედაგოგი სჭირდება.

„დილით რომ მოვედი გამოცდაზე, თვითონ პედაგოგები ისე განიცდიდნენ, მეც ნერვიულობა დამეწყო – დავწერდი თუ არა რამეს საერთოდ. მესმის, რომ მათთვის ამ გამოცდებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი მომავალი ამაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩემთვის, როგორც არასპეციალისტისთვის, არ იყო ძალიან რთული გამოცდა. თუ გვინდა დემოკრატიული, თავისუფალი და განვითარებული ქვეყანა, ჩვენი უფლებებიც უნდა ვიცოდეთ და მოვალეობებიც. ამ საგნის სწავლებას და მასწავლებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. განათლებული, აქტიური მოქალაქეები ქვეყნის სიძლიერის გარანტია. სკოლაში ამ საგნის სწავლებით განსაკუთრებულად უნდა გამახვილდეს ყურადღება ისეთ ღირებულებებზე, როგორებიცაა ღირსება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა და აღიარება, რაც დღევანდელ საზოგადოებაში განსაკუთრებით საჭირო და აქტუალურია. სამოქალაქო განათლება გზაა კარგი მოქალაქეობისკენ“, – აღნიშნა მასწავლებლობის მსურველმა.

ქუთაისში, მასწავლებლის გამოცდებისთვის 2700-ზე მეტი პედაგოგი/მასწავლებლობის მსურველია დარეგისტრირებული.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანა ჯიქიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური