უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების ალტერნატიული გზები განახლებულ სქემაში – მინისტრის განმარტება
„თქვენ უნდა გახდეთ სქემის ექსპერტები და ზეპირად უნდა შეგეძლოთ პასუხის გაცემა. თქვენზე კარგი მრჩეველი პედაგოგებს არ ეყოლება“, – ასე მიმართა განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის დირექტორთა საბჭოზე დირექტორებს მასწავლებელთა ახალ სქემაზე საუბრისას.
„რჩევები თქვენ უნდა მისცეთ მასწავლებლებს. როგორც კი პედაგოგი თქვენთან მოვა, ფასილიტატორი კი არა, ვინც არ უნდა დავუნიშნოთ, დირექტორმა თუ უთხრა, არ ვიცი მე ეგ რა არის, ჩათვალეთ, რომ ეს სქემა არის დისკრედიტირებული და კაპიკია მისი ფასი“, – აღნიშნა მინისტრმა.
სკოლის დირექტორთა საბჭოსთან პირველი სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი ორ ძირითად საკითხს, მასწავლებელთა ახალ სქემას და სკოლების კატეგორიებად დაყოფას მიუძღვნა.
„პირველი, რაზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც უკვე დავამტკიცეთ. ვიმსჯელეთ, ვიდავეთ, ვიხმალავეთ და შევთანხმდით. მოკლედ, არავის არავისთვის ძალა არ დაუტანებია. რაც მე ძალიან მიხარია, პრაქტიკულად, სახელმწიფო კომისიის 100%-მა მხარი დაუჭირა, ანუ ეს ხმალაობა კონსტრუქციული ბუნების იყო“.
ალექსანდრე ჯეჯელავამ დეტალურად განიხილა ის გზები, რომლითაც პრაქტიკოს პედაგოგს ახალი სქემის მიხედვით უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება შეეძლება. მინისტრის თქმით, ამჯერად პედაგოგებს უფრო მეტ ალტერნატივას სთავაზობენ:
„რა არის მთავარი ახალ სქემაში? მთავარია ის, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს მეტი ალტერნატივა გაუჩნდა, რომ გახდეს უფროსი მასწავლებელი. აქამდე ეს ალტერნატივა იყო ერთი, საგნის გამოცდის ჩაბარება, ბარიერის გადალახვა და შემდეგ იმ დარჩენილი აქტივობების შესრულება, რაც ეხებოდა დაკვირვებას, რაც შეეხებოდა ტრენინგს პროფესიული უნარების მიმართულებით. ეს ხაზი შენარჩუნებულია. არავის გაურთულდება. თუ მომართული იყო იმ სქემაზე, იმ ძველი სქემით გადალახავს ბარიერს.
ამას დავამატეთ 2 ალტერნატივა. პირველი ალტერნატივა არის პედაგოგიური უნარების გამოცდა, რომლიც 2016 წელს უკვე აღარ ყოფილა. დაბრუნდა პედაგოგიური უნარების გამოცდა. თუ მაღალი ქულით დაასრულებს მასწავლებელი პედაგოგიური უნარების გამოცდას, დაამატებს აქტივობებს, ამ შემთხვევაში ტრენინგი პროფესიულ უნარებში აღარ იქნება და იქნება საგანში და პირიქით, თუ საგანში ჩააბარებს გამოცდას, ტრენინგი პროფესიულ უნარებში იქნება. ორივე შემთხვევაში პედაგოგი გადის შიდა დაკვირვებას და გადალახავს ბარიერს. ანუ თუ არსებობენ მასწავლებლები, ვინც პედაგოგიურ უნარებში მიიღებენ მაღალ ქულებს, მათთვის გაიხსნება ახალი ვერტიკალი.
მესამე ვერტიკალი, რომელიც გაიხსნა, კომბინირებულია. ანუ ორივე გამოცდას, საგნისასაც და პედაგოგიური უნარებისასაც, მოეხსნა ბარიერი. მე ვფიქრობ, რომ ბარიერის და ჩაჭრილი მასწავლებლის კონცეფცია ფუნდამეტურად არასწორია. ჩაჭრილი და გაუბედურებული მასწავლებელი მასწავლებელი აღარ არის. ასე რომ ჩაჭრის მეთოდი აღარ არსებობს, ანუ მე შეიძლება გავიდე ორივე გამოცდაზე და მივიღო 0 ქულა და ამას ჰქვია, რომ გავედი გამოცდაზე და მივიღე 0 ქულა და არა – ჩავიჭერი! ეს, ჩემი აზრით, პრინციპულია და ამაში ორი აზრი არ არსებობს. ეს ჰუმანურობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და საღი აზრის თვალსაზრისითაც. ნაწილი „ხმალაობისა“ ამ ნაწილსაც შეეხებოდა, თუმცა ერთხმად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
მესამე ალტერნატივა არის, რომ სხვადასხვა წყაროს დახმარებით შევაგროვებ გამსვლელ ქულას. მე შეიძლება გავიდე საგნობრივ გამოცდაზე და მაქსიმალური 10 ქულიდან დავაგროვო 5, მერე გავიდე პედაგოგიური უნარების გამოცდაზე და მაქსიმალური 10 ქულიდან დავაგროვო 5 და ამ ორის ჯამიდან დავამატო ტრენინგი, შიდა სასკოლო დაკვირვება და გადავიდე შემდეგ ეტაპზე.
მესამე ვარიანტი ძალიან შრომატევადია. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დავწიეთ თამასა, მაგრამ სინამდვილეში არ დაგვიწევია იმიტომ, რომ ყველაზე მეტი მუშაობა ექნება მესამე ვარიანტს. იმდენი რამე იქნება გასაკეთებელი, რომ მარტივი და ადვილი, დაბალი თამასა, ეს ნამდვილად არ არის“.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თუ სქემაში დაწინაურება მეტ-ნაკლებად გამარტივდა, სტატუსის შენარჩუნება უფრო გართულდა.
„ამასთან ერთად, გამარტივების შთაბეჭდილება რომ არ დაგრჩეთ, რამდენადაც მაღალ კატეგორიაში გადასვლაში ვიყავი გამრავალფეროვნების მომხრე, სტატუსის შენარჩუნებაში საკმაოდ გართულებულია ცხოვრება. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ სამუდამო წოდება არ არის უფროსი მასწავლებელი. თუმცა სქემაში შემოდის სამუდამოდ დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი.
ვამბობთ, რომ სტატუსის შენარჩუნება საკმაოდ შრომატევადი საქმე იქნება. ადრეც გითხარით: „თუ არადა სახლში წახვალ“, – აღარ წერია სქემაში. ანუ მუქარის კომპონენტი სქემიდან ამოვიდა. ეს არ ნიშნავს, რომ არავინ წავა სახლში. წავა აუცილებლად, მათ შორის უფროსი მასწავლებელიც, მენტორიც, პრაქტიკოსიც, ახალგაზრდაც, პენსიონერიც, ვინც გაკვეთილს ვერ ჩაატარებს და თავის მოვალეობებს ვერ შეასრულებს.
ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლაში მუშაობა-არმუშაობა და პროფესიული განვითარება არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილება და ერთმანეთთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. ჩვენი შეთავაზება პედაგოგისთვის არის შემდეგი: რა გინდა, ჩვენო ძვირფასო და საყვარელო პედაგოგო? გინდა, რომ იმუშაო ბევრი? ძალიან ბევრი დამატებითი საქმე და უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის წოდება გექნება. ან შეგიძლია არ აირჩიო ეს რთული გზა. იქნები პრაქტიკოსი, უბატონოდ ხმას არავინ გაგცემს“.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პრაქტიკოსზე მეტი უპირატესობა, რასაკვირველია, უფრო მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელს ექნება ყველაფერში.
„ცხადია, როცა კონკურსის სახით რაღაც აირჩევა, უპირატესობა ექნება უფრო მაღალი საფეხურის მასწავლებელს. ცხადია, მეტი ანაზღაურება ექნება უფრო მაღალი საფეხურის მასწავლებელს. მოკლედ, ჩვენ ვამბობთ: არაფერს არ გერჩით, პატივისცემის და დაფასების მეტი არაფერი იქნება. იმასაც ხაზს ვუსვამ, რომ ქვეყნის წინსვლასთან ერთად საბაზო ხელფასი აუცილებლად, ყოველ მიზეზს გარეშე გაიზრდება. ოღონდ ნამდვილად უფრო ნელა, ვიდრე გაიზრდება ზედა საფეხურის ანაზღაურება.
ჩვენი შეთავაზებაა, რომ შენ შეიძლება იყო პრაქტიკოსი პედაგოგი და გაცილებით ნაკლები ვალდებულება და გაცილებით ნაკლები ანაზღაურება გექნება. შენ შეიძლება იყო წამყვანი, ან მენტორი და გაცილებით მეტი საქმე გექნება, ვიდრე შენს კოლეგა პრაქტიკოსს, მაგრამ გექნება უფრო მაღალი ანაზღაურება, უფრო მაღალი სტატუსი, უპირატესობა სხვადასხვა საკითხებში“.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სქემა იქნება მუდმივი, თუმცა დინამიური. ყოველწლიურად შევა ცვლილებები სქემაში, რომელიც დახვეწავს, განავითარებს, წინ წაიყვანს სქემას.
განახლებული სქემის დამტკიცებული დოკუმენტის ოფიციალურად გასაჯაროება, როგორც EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, მთავრობის მიერ მის დამტკიცებამდე ვერ მოხდება. მინისტრის მიერ დაანონსებული პრეზენტაცია კი ჯერ ჩანიშნული არ არის.
„სქემაში რაც არის წამყვანი მასწავლებელი, სკოლების სქემაში ეს იქნება წამყვანი სკოლა“
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება