GE

რა ფუნქციებითა და უფლებამოსილებით სარგებლობს რექტორთა საბჭო – საბჭოთა გადმონაშთი, თუ რეალურად მოქმედი ინსტიტუცია?

საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო-რექტორთა საბჭო, როგორც დებულებაში ვკითხულობთ, ესაა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა გაერთიანება, „რომელებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს აღმასრულებელ ხელისუფლების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად“.

პირველ ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. ზოგადი ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა დეტალების გარეშე. საბჭოს სხდომები, და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი, დოკუმენტური სახით, საჯარო არასდროს ყოფილა.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა ფუნქციები აქვს განსაზღვრული რექტორთა საბჭოს და როგორ ფასდება მისი, როგორც ინსტიტუციის მნიშვნელობა და შინაარსი.

ვიდრე ისტორიკოსისა და უცხოელი მკვლევარების პოზიციებს შემოგთავაზებთ, გეტყვით, რომ რექტორთა საბჭოს წევრობის უფლება მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს აქვთ და მის შემადგენლობაში შედიან შემდეგი უნივერსიტეტების რექტორები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. იხილეთ სახელმწიფო უნივერსიტეტები (სსიპ)

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. მოსაზრებათა გაცვლისა და შეთანხმების საფუძველზე იღებს ერთობლივ გადაწყვეტილებებს.

რექტორთა საბჭოს უფლებამოსილებაა:

  • რეკომენდაციების შემუშავება თანამედროვე უმაღლესი სკოლის განვითარებისთვის;
  • რეფორმის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და გატარება;
  • სპეციალისტების მომზადების სტრუქტურის განსაზღვრა;
  • სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისთვის პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • წინადადებების მომზადება უმაღლესი განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და უმაღლესი განათლების სისტემისთვის;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა;
  • პროფესორ-მასწავლებლებისა და დამხმარე სასწავლო პერსონალის პროფესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გადაწყვეტილების მიღება;
  • უნივერსიტეტებში სახელმწიფო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების ღონისძიებათა დაგეგმვა;
  • ევროგაერთიანების პროექტებში, აგრეთვე საერთაშორისო ფონდებში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის გადაწყვეტილებათა შემუშავება.

რექტორთა საბჭო საქართველოში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან ფუნქციონირებს (1996 წლიდან). მაშინ მსგავსი სისტემა არსებობდა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, თუმცა დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად, სისტემის ჩამოშლაც დაიწყო.

მკვლევრები, რომლების პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების ხარისხსა და სახელმწიფოს საჯარო-ადმინისტრაციული პოლიტიკის საკითხებს იკვლევენ, ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ძველ, ავტორიტარულ სისტემაში მოქმედ ინსტიტუციებს და მათ კვლავაც იგივე, უცვლელ ფუნქციებს უდგენენ, ავტომატურად აგრძელებენ იგივე პოლიტიკას. რაც მათი განმარტებით, გამოიხატება ინსტიტუციათა ავტონომიურობის-დამოუკიდებლობის შეზღუდვით და ხელისუფალთა მხრიდან მისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებით.

მსგავს დამოკიდებულებას იზიარებს ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის პრეზიდენტი, პროფესორი, ჩარლზ ფერბენქსი, რომელიც ასევე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მკვლევარია. 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ,,ავტორიტარიზმის მიზეზები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში’’, მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ მართვის სტილს ყოველთვის ექნება გარკვეული დაბრკოლებები იქ, სადაც ნარჩუნდება ძველი სახელმწიფო ინსტიტუციები, უცვლელი ფუნქციებითა და მართვის სტილით.

,,ქვეყნები, რომლებიც ამდენი ხნის მერეც იზიარებენ ერთსა და იმავე ინსტიტუტებს და ჩვევებს, იზიარებენ იმის გამო, რომ პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმის შესახებ მრავალი იდეა, უკვე მათი ინტელექტუალური ლანდშაფტის ნაწილია’’, – წერს ჩარლზ ფერბენქსი.

ისტორიკოსი, ნათია დეისაძე, რომელიც წლებია საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის პოლიტიკის საკითხებს იკვლევს, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ იმ ინსტიტუციათა დღემდე შენარჩუნება, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა ტოტალიტარული პოლიტიკის გატარების საშუალებას წარმოადგენდნენ, შემდგომ კი ავტორიტარული ხელისუფლების დასაყრდენს, სერიოზულ შეკითხებს უნდა ბადებდეს; მით უფრო, იმ ფონზე, როცა სხვა განვითარებული დემოკრატიის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მსგავსი სახელმწიფოს დაქვემდებარებული გაერთიანებები უკვე დეკონსტრუირებულია.

,,საბჭოთა 70 წლიანი ტოტალიტარული მმართველობის დროს, უნივერსიტეტები, ისევე, როგორც სხვა ინსტიტუციები სრულად ემორჩილებოდნენ ცენტრალიზებული მმართველობის პრინციპებს. უნივერსიტეტის რექტორები, რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონოდათ დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწვეტილებები, ვალდებულნი იყვნენ, გაეტარებინათ ვიწრო პარტიული პოლიტიკა, ან მოეწერათ ხელი საკუთარ განაჩენზე, დახვრეტასა თუ გადასახლებაზე. ამ მანკიერი პოლიტიკის ისტორიულ-სამართლებრივი საფუძვლები, სამწუხაროდ დღემდე გვაქვს და გვაქვს სწორედ იმ ინსტიტუციების გაზიარებით, რომლებიც სსრკ-ის დანგრევის შემდეგადაც შენარჩუნდა. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებმა, რომლებმაც უარი თქვეს მსგავსი ტიპის ინსტიტუციების შენარჩუნებაზე, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), დღეს დემოკრატიულნი არიან. ეს არაა ჰიპოთეზა, ყველა სამეცნიერო კვლევა, საერთაშორისო ანგარიში თუ სტატისტიკა ცხადყოფს, რომ თუ შევინარჩუნებთ მსგავს ინსტიტუციებს, და არ შევუცვლით ფორმას, უბრალოდ გავაგრძელებთ მათი მსგავსი, საბჭოთა მეთოდიკით მართვასა და დაქვემდებარებას, რადგან ძალაუფლების ხიბლი დღესაც დიდია”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ისტორიკოსი.

ჩვენგან სრულიად განსხვავებულია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაც. ითვლება, რომ სახელმწიფო სასწავლებლები არ უნდა ერთიანდებოდნენ სახელმწიფო დირექტივების ქვეშ, უნდა ინარჩუნებდნენ სრულ ავტონომიურობას და თავად გეგმავდნენ საკუთარ დღის წესრიგს. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოებს იქ ვერ შეხვდებით, თუმცა არსებობს ასოციაციები, გაერთიანებები, სადაც ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი ერთიანდება და სწორედ ეს ითვლება ავტონომიურობის პრინციპის დაცვად და თანასწორ მიდგომად. ისინი გვერდს არ უვლიან სახელმწიფო დირექტივებს, იცავენ სახელმწიფო რეგულაციებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ რექტორთა საბჭოს ბოლო სხდომა 1 ოქტომბერს გაიმართა, სხდომას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ხელმძღვანელობდა. რექტორებმა იმსჯელეს 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესის სააუდიტორიო სივრცეში განახლებასთან დაკავშირებით და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით გატარებული და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

ასევე იხილეთ:

350 დოლარად ნაყიდი დიპლომი – ,,პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ის მხოლოდ უნივერსიტეტებს არ უკავშირდება, ეს მთლიანად ქვეყნის კატასტროფაა“

დაკარგა თუ არა მნიშვნელობა დიპლომმა და უმაღლესმა განათლებამ და რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები?

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური