უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ისევ არ დამტკიცებულა – რა სიახლე თქვა უნივერსიტეტებისთვის მიხეილ ჩხენკელმა

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი კვლავაც არ არის დამტკიცებული და მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების კონკრეტული მოდელის განსაზღვრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციის მართვის მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნის მიმართულებით.
ამის შესახებ დღეს, 1-ელ დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გახდა ცნობილი.
ამ მიმართულებით სიახლე იყო ის, რომ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF), რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის უნდა შეიქმნას, ჯამში 40 საგრანტო პროექტს დააფინანსებს.
„სამინისტრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q“-ის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს მუშაობას უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე. ამ პროექტის პირველ ეტაპზე საკონსულტაციო მომსახურების 40-წლიანი გამოცდილების მქონე ბელგიურმა კომპანია IBF-მა წარმოადგინა ზოგადი ხედვა უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმის შესახებ და გამოკვეთა შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის დანერგვის უპირატესობები.
„მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების კონკრეტული მოდელის განსაზღვრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციის მართვის მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნის მიმართულებით. ამასთან, პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. CIF-ის ფარგლებში ჯამურად დაფინანსდება დაახლოებით 40 საგრანტო პროექტი. 2022 წლის ბოლოს კი, გამოცხადდება პირველი საგრანტო კონკურსი‘‘, – განაცხადა “მინისტრის საათის” ფორმატში ანგარიშის წარდგენისას მიხეილ ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელის ანგარიშის პარლამენტისთვის მოხსენებას საათნახევარი დასჭირდა.
ასევე იხილეთ:
-
ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა დაწყებულია, როდის დაჯილდოვდებიან 2022 წელს სკოლადამთავრებულები? by ARIS.GE-განათლება
-
ეფექტური თვითრეფლექსია, სწავლა-სწავლების გაუმჯობესების უმოკლესი გზაა – რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა by ARIS.GE-განათლება
-
ამ შემთხვევაში, არასერტიფიცირებული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ადგილას კონკურსი გამოცხადდება – მინისტრის მოადგილე by ARIS.GE-განათლება