უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი რიგ უნივერსიტეტებში რესურსების შემცირებას გამოიწვევს – ფინანსთა მინისტრის მოადგილე
პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც 12 ნოემბერს მთავრობის მიერ გადამუშავებული 2022 წლის ბიუჯეტის პირველი განხილვა გაიმართა, უმრავლესობის დეპუტატი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი კოადგილე, გიორგი ამილახვარი, კიდევ ერთხელ შეეხო უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილების საკითხს და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუწოდა, რომ აუცილებელია იყოს ცნობილი, როდის გადადის უმაღლესი განათლება დაფინანსების ახალ მოდელზე.
საკუთარ გამოსვლაში გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგების ხელფასების ზრდა. კარგია, რომ განათლების სფერო პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და ზრდა მიმდინარეობს ბიუჯეტის. თუმცა, მისი თქმით, იმ მოდელით, რა მოდელითაც პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში იხარჯება ეს თანხები, შედეგი არ არის ისეთი, რისი მოლოდინიცაა და ვაფინანსებთ არა განათლებას, არამედ დიპლომებს. აუცილებელია ითქვას, თუ როდის მოხდება განათლების სისტემის დაფინანსების ცვლილება. მეცნიერების კუთხით, როგორ შეიძლება შეიცვალოს დაფინანსების მოდელი. ასევე, პროფესიული განათლების მიმართულებით, ხომ არ არის საჭირო პრიორიტეტული მიმართულებების გადასინჯვა და სხვანაირად დალაგება. აუცილებელია იყოს ცნობილი, როდის გადადის უმაღლესი განათლება დაფინანსების ახალ მოდელზე.
“უნდა გავხსნათ დისკუსია და ვიცოდეთ, გადადის თუ არა უმაღლესი განათლება დაფინანსების ახალ მოდელზე და ის ციფრი, რაც აქ [ბიუჯეტში] გვიწერია დაიხარჯება თუ არა იმ მოდელით. უნდა ვიცოდეთ როგორ და რა სისტემით იხარჯება”, – განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ.
მრავალსაფეხურიან კითხვას ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ასეთი პასუხი გასცა, საიდანაც გავიგეთ, რომ “უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მზადაა”:
“პროფესიული განათლების კუთხით პროფესიული უნარების სააგენტოც იმუშავებს და ისეთი პროფესიები უნდა დავაფინანსოთ, რომელიც მალე გადაიზრდება სამუშაო ძალაში, ეს არის ჩვენი მიზანი და საამისოდ უნარების სააგენტო უზრუნველყოფს პროექტების განხორციელებას და თუ რა ჯობია, ამას არა სამინისტრო, არამედ კერძო სექტორი გადაწყვეტს თავისი ჩართულობით.
“შედეგებზე ორიენტირებული მოდელების შემოღება, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებაში ძალიან მნიშვნელოვანია. უმაღლეს განათლებაში დაფინანსების ახალი მოდელი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მზადაა. რა თქმა უნდა, ყველა მოდელს, რომელიც არ უნდა შევარჩიოთ ეყოლება მოწინააღმდეგე, იქნება გარკვეული ნაკლოვანებები, რაც აქვს ამ მოდელს სხვასთან შედარებით, თუმცა, რაც დღეს უკვე შემუშავებულია, საკმაოდ კარგი მოდელია, თუმცა ეს მოდელი გამოიწვევს რიგ უნივერსიტეტებში გარკვეულწილად რესურსების შემცირებას, იმიტომ რომ უფრო მეტად შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ვისაც ნაკლები შედეგები აქვს, იქ შეიძლება გამოიწვიოს შემცირება. რაც, ალბათ, გადასადგმელი ნაბიჯია და გარკვეული კონკურენცია უნდა არსებობდეს უმაღლეს განათლებას შორის. ამიტომ, ალბათ, კომიტეტი, სამინისტრო და ჩვენი ჩართულობა იქნება, რომ რაც შეიძლება მალე გადავიდეთ ამ მოდელის ცვლილებაზე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განცხადებით, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში ვერ გადავალთ სრულად ახალ მოდელზე, ვინაიდან, ეს ეტაპობრივად, ახალი ნაკადების მიღების მიხედვით 4 წლის ინტერვალებით უნდა მოხდეს.
“თქვენ ბოლო ერთი წელია, რაც ამაზე საუბრობთ და მე 2016 წლიდან, ალბათ, ყოველწლიური ბიუჯეტის გამოტანის დროს მიწევს საუბარი, რომ ეს შესაცვლელია და მოდელი პროექტის დონეზე უკვე კარგა ხანია გამზადებულია და რაც არ უნდა მტკივნეული იყოს რიგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მალე უნდა შევძლოთ მისი დანერგვა”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, განათლებაში ფულადი რესურსების ზრდასთან ერთად, აუცილებელია ეფექტიანობის ზრდაც. მეცნიერებისგან განსხვავებით, უმაღლესი განათლების სისტემაში ბევრად წინ არის პროექტი წასული, კონკრეტული სქემა უკვე არსებობს და 2022 წლის სექტემბერში ბიუჯეტის ნაწილში გადასვლა შესაძლებელია, ამისთვის ბიუჯეტი მზად არის, თუმცა მეორე საკითხია რამდენად იქნებიან მზად უნივერსიტეტები.
“მოდელი რომ შეიცვლება, მერე შეგვეძლება ვისაუბროთ რომელი პროფესია რა უნდა ღირდეს, ბევრი სხვა რამ უნდა დაშენდეს თავად მოდელის ცვლილებაზე, თუმცა თავად მოდელის ცვლილება დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული, წლევანდელი თანხებითაც უნდა გავწვდეთ”, – განმარტა კაკაურიძემ.
სხდომაზე ისიც გახდა ცნობილი, რომ მოდელს უნივერსიტეტებთან ერთად სჭირდება დამუშავება და მსოფლიო ბანკი ამას სთავაზობს მთავრობას – “2022 წლის ნაკადისთვის შევძლებთ ახალ მოდელზე ვიმუშაოთ”, – დასძინა ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.
ასევე იხილეთ:
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- „როგორც ისტორიის პედაგოგი, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება