„უმაღლესი განათლების ძირითადი დაფინანსების მოდელი 2024 წლის ბოლომდე შემუშავდება“
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საბაზო (core) და შესრულებაზე დაფუძნებული (PBF) დაფინანსება ექნებათ. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოხსენებაშია საუბარი, რომელზეც EDU.ARIS.GE უკვე წერდა.
უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე და მისი შემუშავება-იმპლემენტაციის საკითხზე გიორგი ამილახვარი წერს, რომ აქტიურად გრძელდება პროგრამა „ინოვაცია, ინკლუზიურობა, ხარისხი“ – საქართველო I2Q (IBRD), რომელსაც, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროგრამის უმაღლესი განათლების კომპონენტი მოიცავს უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.
მინისტრის ინფორმაციით, მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე 2023-2024 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა და 2023 წელს დასრულდა მუშაობა შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელზე – შემუშავდა ინდიკატორების კატალოგი, რომელიც მორგებულია საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და იძლევა უნივერსიტეტებისათვის კონკრეტული შედეგების განსაზღვრისა და ამ შედეგების შეფასების შესაძლებლობას.
“2023 წელსვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჰოლისტური მიდგომით შემუშავებულიყო უმაღლესი განათლების საბაზო (core) დაფინანსების მოდელიც. შესაბამისად, დაიგეგმა კონკრეტული ამოცანები, რაც გულისხმობს: 1. უნივერსიტეტების ფინანსური სტრუქტურის და ხარჯების ანალიზს; 2. სწავლის სფეროების მიხედვით პროგრამების თვითღირებულების გაანგარიშებას სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების განსხვავებული მოცულობების დასადგენად; 3. საგრანტო დაფინანსების აკადემიურ შედეგებზე მიბმის პრინციპის განსაზღვრას.
“უმაღლესი განათლების ძირითადი დაფინანსების მოდელი 2024 წლის ბოლომდე შემუშავდება. ამასთან, დაგეგმილი ღონისძიებების რეალიზაცია დასრულდება 2025 წლის ბოლოს ინფორმაციის მართვისთვის მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნით, რომელიც მოემსახურება, როგორც საბაზო (core) დაფინანსების მოდელის, ასევე შესრულებაზე დაფუძნებული მოდელის (PBF) იმპლემენტაციას”, – აღნიშნავს საკუთარ მოხსენებაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
ასევე იხილეთ:
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება