უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელი იცვლება – ახალი დეტალები მინისტრის ინიციატივის შესახებ
როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელის შეცვლას გეგმავს. მას შემდეგ, რაც აღნიშნულის თაობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რამდენიმე თვე გავიდა.
„სახელმწიფო უნივერსიტეტები არ უნდა ოპერირებდნენ როგორც კერძო უნივერსიტეტები. რაც მეტი დახმარება ექნება სახელმწიფოსგან სახელმწიფო უნივერსიტეტს, მით უკეთესი. ვაუჩერულ სისტემას აქვს თავისი პლუსები, მაგრამ აქვს ძალიან ბევრი მინუსი. ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ და სრულად უნდა გადავხედოთ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელს. მაგალითად, ერთ–ერთი მოდელი, რომელსაც აქტიურად ვიხილავთ არის სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსება“, – თქვა მინისტრმა.
ჩვენ დავინტერესდით, რა ეტაპზეა ინიციატივის განხორციელება იმის გათვალისწინებითაც, რომ საკითხზე მიხეილ ჩხენკელის უწყება მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს.
როგორც EDU.ARIS.GE-ის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევაზაძემ განუცხადა, ახალი მოდელის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს მეტი იმ მიმართულებების დაფინანსებაში, რომლის სწავლებაც უნივერსიტეტს შედარებით ან გაცილებით ძვირი უჯდება.
თევზაძის ინფორმაციით, კონკრეტულ მოდელზე ჯერ შეთანხმება არაა მიღწეული, თუმცა პრინციპი ისაა, რომ აპრიორში ეს სტუდენტისთვის სწავლის გაძვირებისკენ არაა მიმართული.
„ჩვენ ველოდებით მსოფლიო ბანკის დასკვნას, რომელიც მუშაობს ჩვენთან ერთად. პროექტს ჰქვია „ტექნიკური მხარდაჭერა უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსებასთან დაკავშირებით“. მაისის თვის ბოლოს დიდი ფორუმი იქნება, სადაც ამაზე ვიმსჯელებთ. ამის გარდა, კონკრეტულ მოდელებზე ვმუშაობთ და გვექნება განხილვები ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და შემდეგ კერძო უნივერსიტეტებთან. მთავარი იდეაა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაჩნდეს საბაზო დაფინანსება და არ გვქონდეს ისეთი ტიპის მხარდაჭერის პროგრამები, როგორც გვაქვს ახლა. (იგულისხმება ე.წ უფასო ფაკულტეტები. ავტ.) განათლება სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა თანხა ჯდება. ეს სტუდენტური ვაუჩერის ოდენობაც უნდა იყოს დამოკიდებული მიმართულებაზე. ეროვნული ჩარჩოს მიმართულებების მიხედვით, დღეს არსებული სახელმწიფოსგან დაფინანსება უნდა იყოს განსხვავებული. სწავლის გაძვირებაზე აქ არაა საუბარი. საუბარია იმაზე – უნივერსიტეტი რამდენს უნდა ხარჯავდეს სხვადასხვა სტუდენტის მომზადებაში“, – განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველადი დასკვნის თანახმად, უნივერსიტეტები შიდა რესურსების გადანაწილების საფუძველზე მნიშვნელოვნად მეტ თანხებს ხარჯავენ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულებით და საგრძნობლად მეტს ხარჯავენ სამედიცინო მიმართულებით.
„სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს მეტი ამ ფაკულტეტებზე. ამ მოდელზეა სუბარი და ამ პრინციპზე, თუმცა ჯერ ჩამოყალიბებულები და შეთანხმებულები არ ვართ“.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ე.წ. უფასო ფაკულტეტებს, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, წელს ჩვეულებრივად ისარგებლებენ მსურველები.
„წელს იქნება უმტკივნეულოდ, მაგრამ მომავალ წელზე ვფიქრობთ. წელს ვინც დარეგისტრირდა, რაც გამოცხადებული იყო შენარჩუნდება. სახელმწიფოსგან დაფინანსეული ფაკულტეტების შესახებ ინფორმაცია გასულ წელს გამოცხადდა აგვისტოში, წელს იქნება გაცილებით ადრე. წელს იმავე მიმართულებებს ვაფინანსებთ და უნივერსიტეტის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია დარგების შორის გადანაწილება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ალექსანდრე თევზაძე განმარტავს, რომ მუშაობა მიდის, რათა 2019-2020 სასწავლო წელს სტუდენტებმა დაფინანსების ამ ახალი მოდელის შესახებ გაცილებით ადრე იცოდნენ, რადგან გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდეთ.
„ჩვენ ვსაუბრობთ დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე, როცა სახელმწიფო დაუჭერს მხარს არა რომელიმე დარგს, არამედ უნივერსიტეტს შესთვაზებს მოდელს, სადაც იქნება საბაზო დაფინანსება. თვითონ უნივერსიტეტი დააფინანსებს ამის ფარგლებში, მხარს დაუჭერს რაღაც მიმართულებებს და რაღაცას არა. ეს დოკუმენტი მზად გვექნება მას მერე, რაც დავასრულებთ საჯარო განხილვებს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ალექსანდრე თევზაძემ.
„შესაძლოა, სწავლის გადასახადი ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული იყოს“ – მინისტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება