უნდა იბარებდეს თუ არა მშობელი შვილისგან გაკვეთილს? – რეკომენდაციები
ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი განსაკუთრებული, გამორჩეულად განათლებული, წარმატებული იყოს და ამის მისაღწევად ენერგიას არ იშურებს. შვილის საგაკვეთილო მომზადების პროცესის კონტროლი ბევრი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რიგ შემთხვევებში ამ საქმეს მკაცრად ვუდგებით, მუდმივად ვითხოვთ ნასწავლი გაკვეთილის ჩაბარებას. არიან მშობლები, ვინც მოსწავლეს ამ კუთხით აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევს.
რა როლი უნდა ჰქონდეს მშობელს შვილის სწავლის პროცესში, უნდა იბარებდეს თუ არა მისგან გაკვეთილს, როგორ უნდა ჩამოვუყალიბოთ მას სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება, მეცადინეობის ჩვევა, პასუხისმგებლობის გრძნობა, იმისთვის, რომ სწავლა მისთვის სასიამოვნო პროცესთან ასოცირდებოდეს, აღნიშნულის შესახებ ფსიქოლოგები, განათლების ექსპერტები და თავად მშობლები გვესაუბრებიან.
მაგდა სეფაშვილი მე-4 კლასელი მარიამის დედაა. ამბობს, რომ შვილისგან გაკვეთილს სისტემატიურად არ იბარებს, თუმცა ხანდახან, მარიამისთვის უცნობ დროს გაკვეთილს ჩაბარების სურვილს გამოთქვამს ხოლმე. ეს შეიძლება კვირაში ერთხელ ან ორკვირაში ერთხელ მოხდეს.
„ყველა გაკვეთილის ჩაბარება არ მიმაჩნია სწორად არც ბავშვისთვის და არც მშობლისთვის. თუმცა, ბავშვმა უნდა იცოდეს რომ როდესღაც მას შეამოწმებენ, მაგრამ ამისთვის დღე არ უნდა დააწესო. ბავშვმა არ უნდა იცოდეს ამ დღის შესახებ. მე შაბათ-კვირას ვცდილობ სულ შევამოწმო, თან ამ დღეებში ძირითადად სულ სახლში მეცადინეობს, სხვა დღეებში სკოლაში. გარდა ამისა, ბავშვისგან ფარულად, მას მასწავლებელთანაც ვამოწმებ“, – გვითხრა მაგდა სეფაშვილმა.
მაგდასგან განსხვავებული მიდგომა აქვს სალომე შარვაძეს. ის ბიჭის დედაა და მე-5 კლასელ დაჩის გარკვეულ საგნებში ყოველდღიურად ამოწმებს. მაგალითად უცხო ენებში, რაშიც იცის, რომ შვილს მისი დახმარება სჭირდება. მაგრამ ფიქრობს, რომ დაჩისგან გაკვეთილების ჩაბარება ალბათ მაქსიმუმ მე-7 კლასამდე შეიძლება, „ზედა კლასებში ამის გაკეთება ცოტა უხერხულია“.
„გარდა იმისა რომ ყოველდღიურად ვცდილობ გარკვეული საგნები ჩავიბარო, ყოველთვის ვკითხულობ – რა ნიშანი მიიღო, რამე ხომ არ დააკლდა. „მიშვებული“ ნამდვილად არ მყავს. გააჩნია, როგორ მიუდგები ამ საკითხს. თუ ეტყვი ბავშვს, რომ გინდა უფრო კარგად იცოდეს და „მოდი გადავიმეოროთ“, ისე კი არა, გამოწმებ „შენ ცუდად ისწავლიდი“ ამით ბავშვს ნაკლები პროტესტი გაუჩნდება ამ მეთოდისადმი“,- აღნიშნავს სალომე შარვაძე.
განათლების საკითხების სპეციალისტი ზურაბ ვახანია Aris.ge-განათლებასთან საუბრისას ხაზგასმით ამბობს, რომ ბავშვის სწავლა-განათლების საკითხში მშობლის აქტიური ჩართულობა აუცილებელიც კია.
„რაც უფრო მეტად გამოიჩენს მშობელი შვილის სწავლისადმი ინტერესს, მით უფრო ძლიერდება მოსწავლის მოტივაცია და უკეთესად სწავლობს, მაგრამ ეს ჩაბარება უნდა ხდებოდეს პედაგოგიკის წესების დაცვით. არავითარი დასჯა, არავითარი სიმკაცრე და ყვირილი არ შეიძლება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვი ბავშვია და ხანდახან ზრდასრულებმაც კი იციან მიფუჩეჩება რაღაცის. იქნებ ბავშვმა კარგად ისწავლა, ბოლო ნაწილი მიაფუჩეჩა, დაეზარა და გაიქცა ეზოში. ეს არის ბავშვისთვის ჩვეულებრივი საქციელი. მშობელმა შეამოწმა, დაასრულებინა ბოლომდე და რა არის ამაში ცუდი?! რაც უფრო მეტად გამოიჩენს მშობელი ინტერესს უკეთესია. ძალიან ცუდია, თუ ბავშვი სკოლაში ამზადებს გაკვეთილებს, სახლში მას არ ეკითხებიან, ან უარესი, ხანდახან თუ გაახსენდება მშობელს და ჩაიბარებს, ეს კომბინაცია თითქმის გარანტიაა, რომ თუ ბავშვს გამორჩეული მიდრეკილება არ აქვს სწავლისაკენ, ან თავს დაანებებს სწავლას, ან მხოლოდ მოვალეობისთვის ისწავლის“, – განაცხადა ზურაბ ვახანიამ.
ზურაბ ვახანიასგან გასხვავებით, განათლების საკითხებში ექსპერტი ია ბერსენაძე მიიჩნევს, რომ მშობელი შვილისგან გაკვეთილს არ უნდა იბარებდეს. ნდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ნიშანი, რომელსაც ბავშვი მიიღებს. გარდა ამისა, გაკვეთილის ჩაბარება უფრო ერთად რაღაცის კეთებას უნდა ჰგავდეს. ერთად ყოფნის სიამოვნება უნდა იყოს და უნდა ატარებდეს ორ თანასწორ სუბიექტს შორის აზრების გაცვლა-გამოცვლის ხასიათს.
„თუ მშობელი ხედავს, რომ ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა ჯერ არ აქვს გამომუშავებული, ასეთ დროს ამის გაღვივება უფრო მნიშვნელოვანია. ეს როგორც წესი მე-4-მე-6 კლასებში ხდება. მაღალ კლასებში გაკვეთილის ჩაბარება უბრალოდ არასერიოზულია. ფსიქოლოგიურადაც, ნებისმიერი გაკვეთილის ჩაბარება ბავშვისთვის დიდი სტრესია. პირველ რიგში, ბავშვი ფიქრობს, რომ მშობელი მას არ ენდობა. ეს იწვევს მასში გარკვეულ კომპლექსებს. ნიშანი არაფერს წყვეტს. საბოლოოდ, დათრგუნული ბავშვი 10-იანებით შეიძლება უფრო კომპლექსიანი გაიზარდოს, ვიდრე ლაღი ბავშვი, რომელსაც არ ჰყავდა მაღალი ნიშნები, სამაგიეროდ მისი ფსიქიკა უფრო შენახულია და არც ბავშვია დაკომპლექსებული. ეს ასევე დამოკიდებულია მშობელისა და შვილის ურთიერთობაზე. თუ ამას უფრო ავტორიტარული ხასიათი აქვს ბავშვის მდგომარეობას ეს უფრო ართულებს“, -აღნიშნა ია ბერსენაძემ.
რომელი მიდგომაა მეტად რეკომენდირებული Aris.ge-განათლების კითხვებს ბავშვთა ფსიქოლოგმა ლიკა ბუწაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ბავშვისთვის მეცადინეობის ჩვევის ჩამოყალიბება, მშობლის/აღმზრდელის მხრიდან მიზანმიმართულ ჩართულობას მოითხოვს.
„დაწყებით კლასებში სასურველია მეცადინეობის ჩვევის ჩამოყალიბება მშობლის/აღზრდელის მონაწილეობით მოხდეს, რაც გულისხმობს ბავშვის მოტივირებას სამეცადინოდ დაჯდომისთვის. მნიშვნელოვანია, მშობელი დააკვირდეს საკუთარი შვილის რესურსებს და დაეხმაროს მას უშუალოდ მისთვის სწავლის ეფექტური მეთოდების/სტრატეგიების ათვისება-გავარჯიშებაში. ამაში მოიაზრება იმის სწავლებაც, როგორ შეამოწმოს საკუთარი თავი – აითვისა თუ არა დავალება. საწყის ეტაპზე, რეკომენდებულია ეს პროცესი მშობლის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდეს. თუმცა შემდეგ, ნელ-ნელა მნიშვნელოვანია, ბავშვი მიეჩვიოს იმას, რომ თავად განსაზღვროს, რამდენად გაართვა თავი დავალებას. ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში და რა ხარისხით საჭიროებენ მშობლის დახმარებას. ბავშვის დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად, მშობელი/აღმზრდელი ნელ-ნელა აკლებს დახმარებას. მშობლის ჩართულობის შედეგად, საბოლოოდ ბავშვმა დამოუკიდებლად მეცადინეობა უნდა შეძლოს, უნდა მოახერხოს დროის სწორი განაწილება და საკუთარი რესურსის სწორად გამოყენება. ეს კი, თავის მხრივ, მეცადინეობის პროცესის წარმართვის ჩვევების არსებობას და, რაც მთავარია, სწავლის მოტივაციის ქონას საჭიროებს“, – ამბობს ლიკა ბუწაშვილი.
ფსიქოლოგი გვირჩევს: არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვი წინასწარ შევამზადოთ იმისათვის, რომ მივა სკოლაში, რა გარემო დახვდება, როგორ აისახება ეს მის ყოველდღიურ რუტინაზე – როდის მოვა სახლში, როდის დაიწყებს მეცადინეობას, მეცადინეობის შემდეგ რისთვის ექნება დრო გამოყოფილი და სხვ. ამგვარი შემზადების შემდეგ ბავშვი მეტად ბუნებრივად მიიღებს მის შეცვლილ ყოველდღურ რეტინას. ძალიან მნიშვნელოვანია, მეცადინეობის პროცესი იმგვარად დაიგეგმოს, რომ ბავშვი დასვენებული შეუდგეს მას და მეცადინეობას მოსდევდეს მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აქტივობა, ეზოში ჩასვლა, საყვარელი მულტფილმის ყურება და სხვ. ასევე, მნიშვნელოვანია, მეცადინეობის დრო იყოს ფიქსირებული. შეეცადეთ, არ “ევაჭროთ” ბავშვს, თუკი მოგთხოვთ მეცადინეობის პროცესის დროში გადავადებას. მნიშვნელოვანია, ბავშვისთვის მეცადინეობა არ ასოცირდებოდეს უსიამოვნო საქმესთან.
„მშობლის ჩართულობის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის გარემოში მასწავლებლის ფაქტორს – რამდენად წახალისდება ბავშვი ნასწავლის გამო, რამდენად დაინტერესდება სწავლის პროცესით და სხვ. გასათვალისწინებელია, რომ თუკი მშობლის/აღმზრდელის მიერ სწავლის პროცესი მხოლოდ აუცილებლობად, ვალდებულებად განიხილება და ბავშვის დაინტერესების, მოტვირების ნაცვლად, აქცენტი მხოლოდ “უნდა”-ზე კეთდება (“შენი ვალია ისწავლო”) და იმის ნაცვლად, რომ ბავშვს დაეხმაროს სწავლისადმი ინტერესის გაღვივებაში, მხოლოდ ამოწმებს, რამდენად შეასრულა ბავშვმა დავალება, დიდი ალბათობით, მშობლის ამგვარ ჩართულობას ბავშვი კონტროლის გამოხატულებად მიიჩნევს, სწავლისადმი დამოკიდებულება კი ვერ ჩამოუყალიბდება. ასევე, თუკი მშობლის/აღმზრდელის მხრიდან აქცენტი მარტოდმარტო “ათოსნობაზე” და სწავლის ვალდებულებაზე კეთდება, დიდი ალბათობით, ბავშვი მოგვიანებით, მოზარდობის პერიოდში შეეცდება პროტესტის ნიშნად სწავლაზე უარის თქმას ან გააგრძელებს სწავლას, თუმცა მისი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი უსიამოვნო აქტივობით იქნება დაკავებული, რაც ნეგატიურად აისახება მის ზოგად ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე”.
როგორ ავუხსნათ ბავშვს მათემატიკა ლეგოს მეშვეობით
კითხვები მოსწავლის მშობელს მასწავლებლისგან – მზად ხართ პასუხისთვის?
ქეთი არის© გიგოლაშვილი
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს