ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა
თეთრი კარვები, ბიოლოგიის, ბოტანიკის, გეოგრაფიის, ასტრონომიის და კიდევ ბევრი მეცნიერების კუთხე, სადაც მოფუსფუსე მოსწავლეები, მათი ხელმძღვანელები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დამთვალიერებლებს საკუთარ მეცნიერულ ნამუშევარს წარუდგენდნენ.
ასეთი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე სამეცნიერო პიკნიკი განახლებული პროგრამით, რომელიც 26 სექტემბერს ვაკის პარკში გაიმართა.
ილიაუნის რექტორის მოადგილე ნინო დვალაძე ამბობს, რომ ეს გამოფენა მეცნიერების პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ქვეყანაში, რომელიც მოიცავს არამხოლოდ უნივერსიტეტებს და სკოლებს, ასევე საგანმანათლებლო და არასაგანმანათლებლო ორგანიზაციებს.
„გამოფენაზე ყოველწლიურად ვამატებდით რაღაც ახალ კომპონენტს. წელს დავამატეთ გამოგონებების კომპონენტი. ერთის მხრივ, ჩვენი მეცნიერული კონკურსის გამარჯვებულები გამოვიდნენ ამ ღონისძიებაზე თავიანთი სიახლეებით და გამოგონებებით. ისე ნებისმიერ სხვა გამომგონებელს მივეცით საშუალება თავისი გამოგონებები გამოეტანათ. წელს 65 კარავია წარმოდგენილი, აბსოლუტურად განსხვავებული აქტივობებით. 11საათიდან 6-საათამდე მიმდინარეობს ღონისძიება. 15 ათასამდე დამთვალიერებელს ველოდებით, შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით.
გვყავს უცხოელი პარტნიორები. განსაკუთრებით აქტიურად ისინი სასცენო შოუებში ჩაერთვნენ.
„დოქტორ მოლეკულა“ უკვე მეორე წელია ისრაელიდან შემოგვიერთდა, იმისთვის რომ ფანტასტიკური შოუ წარმოუდგინოს ბავშვებს. შარშან ეს იყო ყველაზე პოპულარული აქტივობა პიკნიკზე“, – აღნიშნავს Aris.ge-განათლებასთან ნინო დვალაძე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თქმით, სხვადასხვა ტიპის გამოგონებებია წარმოდგენილი. არის დიზაინის მიმართულებით ისეთი გამოგონება, როგორიცაა მაისურები, ტანისამოსი, რომელიც შეღებილია სპეციალური საღებავით და ტემპერატურის შესაბამისად იცვლის ფერს. ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებითაც არის გამოგონება.
ილიაუნის ლაბორატორიაში აწყობილი გამოგონება წარმოადგინა საკუთარ ჯგუფთან ერთად ნოდარ ჭუმბაძემ.
„ჩვენ გამოვიგონეთ სამაშველო დრონი. დამსვენებელი, რომელიც ზღვაში ცურავს, შეიძლება დაიღალოს, ფეხი დაეჭიმოს, ან დასვენება მოუნდეს. მას ხელზე ეკეთება სამაჯური, რომელზეც ერთი ღილაკი იქნება. დააჭერს ხელს, სიგნალი გამოეგზავნება დრონს და ის ავტომატურად ჩაუგდებს სამაშველო კამერას. ეს დრონი განთავსებული იქნება სანაპირო ზოლზე, პულტით მართვა არ სჭირდება. ფილმს ვუყურებდით და მოგვივიდა ასეთი იდეა. 2 კვირაზე ნაკლებ დროში ავაწყვეთ“, – აღნიშნა ნოდარ ჭუმბაძემ.
გამოფენაზე რეგიონის სკოლებიდანაც იყვნენ წარმომადგენლები. ზესტაფონის მეშვიდე საჯარო სკოლა და სკოლა „ანაბასისი“ გაერთიანდა და ერთობლივად წარმოადგინეს საკუთარ მკვლევართა კლუბებში ჩატარებული ცდები.
„ორივე სკოლაშია მკვლევართა კლუბი, რომლებიც მეგობრობენ და დღესაც ამიტომ ერთ კარავში გადავწყვიტეთ გამოფენის მოწყობა. ბავშვებს ის ცდები აქვთ წამოღებული, რომლებზეც მთელი წლის მანძილზე იმუშავეს. რომელი ცდაც ყველაზე მეტად საინტერესო იყო, ის წამოიღეს. გონიერი პლასტელინი დაამზადეს. რომელიც ხელზე არ ეკვრის, შეიძლება პატარებმა ამით ხელის მასაჟიც გაიკეთონ. მზადდება წებოსგან, რომელიც სამეურნეო მაღაზიებში იყიდება და ნატრიუმის ტეტრაბორატისაგან, რომელიც აფთიაქებშია.
სიგარეტის ფერფლით შაქრის წვას აკეთებენ, რომელიც კატალიზატორის როლს ასრულებს. ვფიქრობთ, რომ ასეთი პიკნიკი ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები ექსპერიმენტის ჩატარების ტექნიკას სწავლობენ. პრეზენტაციის უნარს იძენენ, ძალიან სიამოვნებთ, მნახველები რომ ჰყავს მათ ცდას. პატარა მკვლვარებად ყალიბდებიან და ვფიქრობ, მომავალში ეს უნარები ძალიან გამოადგებათ“, – განაცხადა სკოლა „ანაბასისის“ დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ინკლუზიური განათლების კარავიც წარმოადგინა.
„ჩვენი დღევანდელი გამოფენის თემაა სენსორული ინტეგრაციის დარღვევა. გვაქვს სხვადასხვა თვალსაჩინოებები, რომლიც საინტერესო იქნება როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. გვაქვს სენსორული მაგიდა, სადაც კინეტიკური ქვიშით ვხატავთ, ვთავაზობთ ფოსფორით ხატვას. გვაქვს სენოსორული ხალიჩა. სენსორული ინტეგრაციის დარღვევა ხშირად გვხვდება ადამიანებში და გამოსწორებადია. მკურნალობით და ვარჯიშით შეიძლება მისი დარეგულირება. ჩვენ იმ აქტივობებს ვთავაზობთ, რითაც ხდება რეაბილიტაციის პროცესი“, -ამბობს ილიას უნივერსიტეტის სპეციალური განათლების მაგისტრატურის სტუდენტი, ეკა ღვინიაშვილი, რომელიც ასევე 43-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელიცაა.
გამოფენა კონკურსის ხასიათს ატარებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დვალაძე აღნიშნავს, 16 ფინალისტი გუნდია და აქედან ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც იტალიაში გამგზავრება, ევროპის ერთ-ერთ მასშტაბური მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე. მისი თქმით, სხვა პრიზებიცაა, რომელსაც 5 საუკეთესო გუნდს შესთავაზებენ. ესაა ერთი წელი საოფისე სამუშაო სივრცეუნივერსიტეტში, სადაც შეეძლებათ თავიანთი გამოგონებები განავითარონ და კომპანიის სახით ჩამოაყალიბონ. დღეს ჟიური განიხილავს წარმოდგენილ პროექტებს და გამარჯვებულები 28 სექტემბერს დასახელდებიან.
ცისანა არის© შერგილაშვილი
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი