GE

ვალდებულება პროფესიული კოლეჯებისათვის – ცნობილია რა ცვლილებებს დაამტკიცებს პარლამენტი

ცნობილია რა საკანონმდებლო ცვლილებებზე იმუშავებს პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში რიგი ცვლილებები შევა.

მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრება, რომ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება, ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.

პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი სხვა ცვლილებების ჩამონათვალი ასეთია:

– დაზუსტდება, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის საბაზო ან სრული ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევა;

– განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს;

– პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის გავლა უწევთ 2026 წლის პირველ იანვრამდე, მიეცემათ უფლება, საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2026 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრაფიკით. ამ პერიოდში ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულებად;

– განისაზღვრება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება, არ დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს;

– შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში კურსდამთავრებულებზე ერთობლივი დიპლომის ან/და დიპლომების გაცემისა.

ასევე იხილეთ:

დისტანციური განათლება კანონით დარეგულირდება – რა წერია სამთავრობო პროგრამაში პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური