GE

დისტანციური განათლება კანონით დარეგულირდება – რა წერია სამთავრობო პროგრამაში პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე

8 თებერვალს საქართველს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარდგენილ სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

EDU.ARIS.GE პროგრამის განათლების ნაწილის გაზიარებას განაგრძობს და დღეს პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით მთავრობის გეგმას წარმოგიდგენთ.

რა წერია სამთავრობო პროგრამაში პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებაზე

უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  • მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომავალშიც ეტაპობრივად გაიზრდება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება.
  • გაგრძელდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრად განვითარებასა და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას.
  • საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულ შესაბამისობაში იქნება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (ENQA) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან.
  • შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია.
  • ხელი შეეწყობა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესს, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებასა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
  • გაიზრდება უცხოეთში განათლების მისაღებად სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობა.
  • ქვეყანაში მასწავლებლის რესურსის გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები.
  • ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა სწავლის ხელშეწყობის პროგრამები.
  • განხორციელდება სპეციალური პროგრამები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის. გაგრძელდება მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების ხელშემწყობი ღონისძიებები.
  • შემუშავდება დისტანციური განათლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო.
  • გაგრძელდება მუშაობა საქართველოს Erasmus+ პროგრამის ასოცირებული წევრობისთვის მოსამზადებლად.
  • გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, როგორც დოკუმენტშია განმარტებული, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება პროფესიული განათლების განვითარება, როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

“მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და პასუხობდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე”, – წერია სამთავრობო პროგრამაში სადაც განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ასეთ ჩამონათვალს ვკითხულობთ:

  • გაგრძელდება 4 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა, მათგან 2 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და 2 სასწავლო სახელოსნოს სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლომდე დასრულდება.
  • მშენებლობისა და ლოგისტიკის, ასევე ტურიზმისა და ღვინის სექტორების მიმართულებით განვითარდება დარგობრივი დახელოვნების („ექსელენს“) ცენტრები.
  • პროფესიული განათლების მიწოდებაში ჩაერთვებიან საჯარო სკოლები და პროფესიული განათლება მეტად ხელმისაწვდომი გახდება საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
  • გაიზრდება სამუშაოზე დაფუძნებული და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა, რის საფუძველზეც გაიზრდება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი; ასევე, გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბები.
  • მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომავალშიც ეტაპობრივად გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება და ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი.
  • კერძო სექტორის ჩართულობით დაინერგება საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელები და ამ ფორმით უნარების ეკოსისტემასა და პროფესიული განათლების მიწოდებაში ჩაერთვება კერძო სექტორი.
  • დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით გადაიხედება პროფესიული სტანდარტები და 2025 წლის ბოლომდე შემუშავდება/განახლდება ყველა პროფესიული სტანდარტი ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. შრომის ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით დაინერგება კერძო სექტორის მონაწილეობით შემუშავებული ახალი კვალიფიკაციები.
  • დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი, ასევე ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდებიან პროფესიული განათლების მასწავლებლები.
  • კოლეჯების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ამაღლდება კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაცია. გადაიხედება დაწესებულებების სტრუქტურა პროფესიული განათლების სისტემის პრიორიტეტების შესაბამისად.
  • პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, ამოქმედდება საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად.
  • პროფესიული განათლების მართვის პროცესის ხელშესაწყობად დაინერგება სხვადასხვა ელექტრონული სისტემა, რაც პროცესებს გახდის უფრო მეტად მოქნილსა და ავტომატიზებულს.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტებსა და ფრაქციებში უნდა გამოუცხადონ ნდობა, ხოლო პლენარულ სხდომაზე საკითხი 8 თებერვალს გავა. შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი – ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის ყრილობაზე წარადგინა.

ასევე იხილეთ:

„არ მგონია, ამ თვეს გასცდეს“ – გიორგი ამილახვარი დირექტორთა კონკურსის გამოცხადებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური