GE

ვართ თუ არა ინგლისურის ცოდნის დონით ბოლოდან მესამე ადგილზე? -პედაგოგთა მოსაზრებები და სწავლა/სწავლების პრობლემები

“ჩვენთან სიტუაცია ისეთი საგანგაშო არაა, როგორც რიცხვები ამბობენ“, – ასე იმედიანად იწყებს EDU.ARIS.GE-სთან საუბარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურის პედაგოგი ხატია ნამიჭეიშვილი, თუმცა შემდეგ იმ პრობლემების ჩამოთვლით აგრძელებს, რომელთა წინაშეც ჩვენი სკოლები თუ უნივერსიტეტები დგას და რაც ინგლისურის სწავლ/სწავლების ხარისხს უკან წევს. ხარისხი კი არც ისე  სახარბიელოა – რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული საერთაშორისო კვლევის თანახმად, საქართველო ინგლისურის დონით ევროპაში ბოლოდან მესამე ადგილზეა. ინგლისურის პედაგოგთა ნაწილი კვლევის შედეგების სიზუსტეს ეჭვქვეშ აყენებს. მათგან განსხვავებით, ხატია გაყალბებას გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კვლევის ჩატარებისას არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომლებიც ამ შემთხვევაში შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩათ:

„კვლევის შედეგები, რა თქმა უნდა, რეალურია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ბევრი ისეთი დეტალია გასათვალისწინებელი, როგორიც მსგავსი ტიპის კვლევის ჩატარების დროს ყურადღების მიღმა რჩებათ. მაგალითად, თბილისის მაცხოვრებელთა რა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში, რომელ სექტორში დასაქმებულები გამოიკითხნენ, რა იყო მათი პროცენტული წილი. სკოლის ასაკის ბავშვებთან გასათვალისწინებელია, რამდენი პროცენტი იყო საჯარო და რამდენი კერძო სკოლის მოსწავლე. ანუ, რეალური სურათის დასანახად, შემთხვევით შერჩეული რესპონდენტების გამოკითხვა საკმარისი არაა. სხვადასხვა ჯგუფის რესპონდენტების პროცენტული წილი ერთი და იგივე უნდა იყოს.

ჩვენთან სიტუაცია ისეთი საგანგაშო არაა, როგორც რიცხვები მეტყველებენ, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით რომ ძალიან მაღალ დონეზე ვართ“, – გვეუბნება თსუ-ის ინგლისურის პედაგოგი.

ხატია ინგლისურის სწავლა/სწავლების პროცესში არსებულ იმ ძირითად შეცდომებსა და ხარვეზებზე საუბრობს, რაც ქვეყანაში ინგლისურის დაბალ დონეს განსაზღვრავს:

1. სახელმძღვანელოები არ შეესაბამება გარეკანზე მითითებულ დონეს:

B1  და B2 აწერია ბევრ სახელმძღვანელოს, მაგრამ დონის შესაბამისი არაა. წიგნი არის თუ არა იმ დონის, რაც გარედან აწერია, დგინდება იმის მიხედვით, რამდენად ექნება შესაძლებლობა სტუდენტს, ამ წიგნის დასწრულების შემდეგ, დაძლიოს ინგლისურის საერთაშორის გამოცდები – ILTS, კემბრიჯის გამოცდები და მსგავსი.

რეალურად, წიგნების დიდი ნაწილი არაა იმ დონის, რაც აწერია, მაგრამ ჩვენთან იშოვება წიგნები, რომლებიც ამ დონის მიღწევაში დაგვეხმარება. მეორე პრობლემა მასწავლებლების დამოკიდებულებაა. ამბობენ, რომ გადიან B2 დონეს ამ წიგნით და მათი მიზანი ხდება ამ წიგნის სწავლება და არა აღნიშნული დონის მიღწევა. წიგნი აღიქმება არა როგორც რესურსი, არამედ როგორც სასწავლო მასალა. ზოგადად, ერთი წიგნით შედეგს ვერ მივიღებთ. თუნდაც მოსმენა და საუბარი წიგნიდან არ ისწავლება, იქ მხოლოდ  ინსტრუქციაა.

2. სტუდენტები თვლიან, რომ უნივერსიტეტში ინგლისურს ვერ ისწავლიან:

არიან სტუდენტები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ინგლისურის სწავლა და არსებობს ნაწილი, რომელთათვისაც ეს გარეშე და დამატებითი საგანია, მაგრამ ეს მხოლოდ ენას არ ეხება. სტუდენტების გარკვეული ჯგუფი მხოლოდ ზღვრის გადალახვაზეა ორიენტირებული. ზოგადად, სტუდენტებს წარმოდგენა აქვთ რომ უნივერსიტეტში ენას ვერ ისწავლიან. ეს მომდინარეობს სკოლიდან. მიჩვეულნი არიან არა ჯგუფში და კლასთან მეცადინეობას, არამედ კერძო მასწავლებლებთან და შესაბამისად, ჯგუფში მუშაობას ძალიან სკეპტიკურად უყურებენ. ასეთ დროს, თუ მასწავლებელი არაა ძალიან მოტივირებული და ყოველ დღე სტუდენტს არ აჩვენებს, რომ შედეგი მიღწევადია, ახალგაზრდების მუშაობის ხარისხიც დაბალი იქნება.

3.დაბალია მასწავლებლების მოტივაცია და რეგიონებში არ არიან კვალიფიციური პედაგოგები:

მასწავლებლები კი თავის მხრივ რეპეტიტორების იმედად არიან, ისევე როგორც სტუდენტები. დამოკიდებულება ასეთია – თუ სტუდენტი ინგლისურის სწავლას გადაწყვეტს, მივა რეპეტიტორთან.

ეს სტატისტიკური მაჩვენებელი არაა შემთხვევითი. ჩვენი სწავლების მეთოდები, ისევე როგორც მასწავლებლების კვალიფიკაცია, არაა თანხვედრაში საერთო ევროპულ სტანდართან. მასწავლებლების მოტივაცია არის პროგრამის დაფარვა და უშუალოდ შედეგის შემოწმების სურვილი ნაკლებად აქვთ. ვფიქრობ, განათლების სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ეს არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ მასწავლებლის პირად მოტივაციაზე. დღეს თუ მასწავლებელი მოტივირებულია, მასთან მოსწავლე კარგად ისწავლის. თუ არაა მოტივირებული – ვერ ისწავლის. ეს ამ დონეზე ნებაყოფლობითი არ უნდა იყოს. ამისთვის აუცილებელია მასწავლებლების გადამზადება, მაგრამ ეს ტრენინგები არ უნდა ტარდებოდეს მხოლოდ სახელად. საჭიროა მოწმდებოდეს მისი ეფექტურობა.

მქონია შეხება რეგიონების პედაგოგებთან და ვიცი, რომ მათი კვალიფიკაცია ვერანაირ კრიტიკაას ვერ უძლებს, მაგრამ ეს მასწავლებლის ბრალიც არაა. თბილისში მცხოვრები პედაგოგებიც არ  ფიქრობენ ხოლმე თვითგანვითარებაზე და იქ, სადაც განვითარების ნაკლები შანსია, რაღაც საოცარი პირადი მოტივაცია სჭირდება მასწავლებელს იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ადევნოს თვალ-ყური.

პერიოდულად, ბრიტანეთის საგამოცდო ცენტრში ვმუშაობ და უშუალოდ ვესწრები, მეთვალყურეობას ვუწევ საერთაშორისო გამოცდებს (ILTC, კემბრიჯის გამოცდები და სხვ) და მთავარი, რასაც ვამჩნევ არის ის, რომ პედაგოგები მოსწავლეებთან მუშაობისას ორიენტირებულნი არიან ბევრი სავარჯიშოს გაკეთებაზე. აქცენტი კი გრამატიკაზე კეთდება. ეს ისეთივე შეცდომაა, როგორც გრამატიკის უგულებელყოფა. ენის სწავლა/სწავლების დროს ყველაფერი ერთნაირად მნიშვნელოვანია”, – ამბობს ხატია ნამიჭეიშვილი.

საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისურის პედაგოგი გიგა ჯოჯიშვილიც ასევე მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგების სანდოობის შეფასება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კვლევის ჩატარების მექანიზმებს გაეცნობა:

„სანამ კვლევის შედეგებს განვიხილავთ, საჭიროა ვიცოდეთ რა ინდოკატორებით იქნა განსაზღვრული ინგლისური ენის ცოდნის დონე ჩვენს ქვეყანაში, ვინ იყო გამოკითხული ჯგუფი, კვლევის ჩატარებისას რა მიიღეს მხედველობაში, მხოლოდ სკოლაში სწავლების დონე თუ ქვეყნაში არსებული სწავლის სისტემა? პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ახალგაზრდებში ინგლისურის ცოდნის დონით. პოლონეთში ცხოვრების პერიოდში, ჩემი ძირითადი პრობლემა იყო მოსახლეობასთან კომინიკაციური ბარიერების არსებობა, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა არ იცოდა ენა, იგივე სიტუაცია დამხვდა ჩეხეთში. ჩვენ არ ვიცით კვლევისას რა მეთოდოლოგია გამოიყენეს და ამიტომ რთულია შევაფასო მათი შედეგების ნამდვილობა”, – ამბობს პედაგოგი.

მიუხედავად იმისა, რომ მთლად ბოლოდან მესამე ადგილისთვის არ „ვემეტებით“ ინგლისურის სწავლების პრობლემებზე მაინც ვრცლად საუბრობს.

საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, რიგ საკითხებში გიგა ჯოჯიშვილი ხატიასგან განსხვავებულ დასკვნებს აკეთებს, თუმცა ძირითად პრობლემებად ისიც იმავეს ასახელებს. ესაა:  სახელმძღვანელოები, სწავლა/ სწავლების მეთოდები და არაკვალიფიციური პედაგოგები

„წიგნები ნამდვილად არასაკმარისია, საჭიროა დამატებითი მასალის გამოყენება. ბავშვების ძირითადი პრობლემაა გრამატიკის ნაკლებობა, რაც ყოველი წლის ბოლოს უფრო და უფრო ამტკიცებს ჩემს მოსაზრებას. სკოლაში და ერთიანი ეროვნული გამოცდების მზადებისას ნაკლები ყურადღება ეთმობა გრამატიკის მნიშვნელობას, ძირითადი აქცენტი გადააქვთ ლექსიკა და კითხვითი უნარების გაუმჯობესებაზე, რაც არასწორი მიდგომაა. წიგნები უფრო მეტად მრავალფეროვანი უნდა იყოს, უნდა დაიტვირთოს წერითისა და ზეპირმეტყველების დავალებებით, რაც მოსწავლის მსჯელობის უნარს დახვეწს და აქტიური უნარ-ჩვევების პრაქტიკით გადალახავს კომუნიკაციურ ბარიერებს ადვილად.

ახლა კი, უნივერსიტეტში მოსული სტუდენტების მოტივაცია ინგლისურის სწავლის მიმართ საკმაოდ დიდია, მაგრამ საბაზისო ცოდნის არ ქონის გამო მათ უჭირთ მასალის დაძლევა. უჭირთ ინფორმაციის კონსტრუირება, შემოქმედებითად მსჯელობა. ჩემი გადმოსახედიდან, ნებისმიერი ენა არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც მუდმივად სჭირდება ინფორმაციით კვება, როგორც ადამიანს არსებობისთვის წყალი და საკვები. შემსწავლებების მიდგომა ენის მიმართ არასწორია, რადგან მათ მიაჩნიათ სკოლაში ან მასწავლებელთან კვირაში 4 საათი მათ ცოდნას გაარღრმავებს, შედეგი ზუსტად საკუთარ თავთან მუშაობის წყალობით იდება, ყოველდღე საჭიროა მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა, მათი გაკვეთილზე განხილვა და მსჯელობა. ამ ყველაფრის მიღწევა კი არაკვალიფიციური პედაგოგების გარემოში რთულია.

საკუთარი კოლეგების შეფასება არც ისე სასიამოვნოა,  მაგრამ რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, განათლების მხრივ მთელი რიგი პრობლემებია მოსაგვარებელი, რომელიც პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებით უნდა დაიწყოს. დღესდღეობით ძალიან ბევრი მასწავლებელი ვიცი, რომლებმაც ენა სამთვიანი გადამზადების პროგრამით ისწავლეს, ინგლისური ენის გამოცდაში მინიმალური ზღვარი გადალახეს და დაიწყეს ინგლისურის პედაგოგად მუშაობა სკოლებში. საჭიროა მინიმუმ B2-C1 დონის საგამოცდო ტესტების შედგენა მასწავლებლებისთვის, რომლებიც მათ უნარებს მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასებს, დაიხვეწოს წერითი დავალებების შეფასების კრიტერიუმები და მოთხოვნები. საუბრის გამოცდა ადამიანთან უნდა ჩაბარდეს, რათა აპლიკანტმა შეძლოს კომუნიკაციის ადვილად დამყარება“, – ამბობს ჯოჯიშვილი

საკითხს შედარებით მსუბუქად უყურებს 118-ე საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი ეკატერინე ფრიდონაშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ სკოლის სახელმძღვანელოები არაა საკმარისი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად:

“სკოლის სახელმძღვანელოები ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებს, რომ მიიღონ ის ცოდნა რაც ესაჭიროებათ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ამიტომ, დამატებითი მასალის შეტანა გვიწევს. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი, რთული სათქმელია. არის ნაწილი მოსწავლეების, რომლებიც მოტივირებულები არიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა შეიძინონ სკოლაში, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ კერძოდ მეცადინეობა უკეთეს შედეგს აძლევთ. ვერ ვიტყვი, რომ მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც შესამჩნევი ყოფილა მოსწავლის მხრიდან ისეთი დამოკიდებულება რომ რეპეტიტორი უკეთ ასწავლის და ამის გამო უყურადღებობა გამოეჩინა გაკვეთილზე.

ალბათ, არასწორი იქნება განვსაჯო კოლეგები, თუმცაღა არიან ძალიან კარგი, კარგი და შედარებით სუსტი (ვგულისხმობ ნაკლებად მცოდნე) პედაგოგები. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ალბათ, გარკვეული ზომები უნდა მიიღოს სამინისტრომ“, – ამბობს ეკატერინე ფრიდონაშვილი.

საქართველო ინგლისური ენის ცოდნით, ევროპაში ბოლოდან მესამე ადგილზეა

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური