GE

„ვეფხისტყაოსანი“ და „გმირთა ვარამი“ – ქართულში პირველი სესიის საკითხები ცნობილია

საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში 2026 წლის აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

პირველი გამომსვლელები EDU.ARIS.GE-სთან წერითი დავალების საკითხებს ასახელებენ. არაერთი გამოკითხული აბიტურიენტის ინფორმაციით: პროგრამული ნაწილიდან წერით დავალებად მოვიდა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, ხოლო არაპროგრამულიდან ლევან გოთუას “გმირთა ვარამი”.

გამოსაცდელების ინფორმაციით, ტექსტის რედაქტირება რთული არ ყოფილა და 14-მდე შეცდომა იპოვეს.

“პროგრამულში “ვეფხისტყაოსანი” მოვიდა – ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრა და არაპროგრამულში “გმირთა ვარამი”, – ამბობს აბიტურიენტი გორის საგამოცდო ცენტრიდან.

“გმირთა ვარამი” და “ვეფხისტყაოსანი” მოვიდა. მე “ვეფხისტყაოსანი” ავირჩიე. თემა ვწერე: “როგორ შეიძლება ტკივილმა დააპირისპიროს ორი სხვადასხვა ადამიანი და სახელმწიფო ერთმანეთს გარკვეული შუღლისთვის”. ძალიან მარტივი იყო. არაფერი არაა სანერვიულო. რედაქტირებაში ძირითადათ სტილური შეცდომები იყო”, – ამბობს კიდევ ერთი აბიტურიენტი გორის საგამოცდო ცენტრიდან მარიამ ნოზაძე.

თბილისის საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული აბიტურიენტები თეზისებს ასე იხსენებენ: “გონივრულ რჩევას მხოლოდ გონიერი ადამიანი მოისმენს და მიიღებს”; “მსგავსი ტკივილი აერთიანებს თუ არა დაპირიაპირებულ მხარეებს”.

“ვეფხისტყაოსანის” თეზისი რომ წავიკითხე მეორე ტექსტისთვის აღარც შემიხედავს. კარგი სამსჯელო თემა მოვიდა, პარალელებიც გავავლე სხვა ნაწარმოებიდან, მაგრამ ძირითადად მაინც “ვეფხისტყაოსნის”ირგვლივ დავწერე მაგალითებიც. რედაქტირებაში 13 შეცდომა ვიპოვე, რთული არ იყო, პუნქტუაციური შეცდომები იყო შესამჩნევად”, – ამბობს თბილისის 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.

“მე ვეფხისტყაოსანი” დავწერე. თეზისი ზუსტად როგორ ჟღერდა არ მახსოვს, მაგრამ იყო მეგობრობაზე, გონივრულ რჩევაზე, რომ გონივრული რჩევის მოცემა მხოლოდ გონიერ ადამიანს შეუძლია. არაპროგრამული აღარც წამიკითხავს, რადგან “ვეფხისტყაოსანი” მინდოდა ისედაც. მე მგონი, კარგად ვიმსჯელე. უკმაყოფილო არ ვარ, ადრე გამოვედი, რადგან არ იყო ჩემთვის რთული. თვალიც გადავავლე ბოლოს. სიტუაცია კარგია, მშვიდი. მე არ მინერვიულია. თუმცა, ვხედავდი, რომ ზოგი ისე ღელავდა, ხელები უკანკალებდა. მე მგონია, რომ ეს ნერვიულობა ზედმეტია, ხელს უშლის ადამიანს კარგად აზროვნებაში. შემდეგ გამოცდაზე კიდევ უფრო მშვიდად ვიქნები”, – ამბობს თბილისის 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ლუკა.

თეზისებს იხსენებენ ქუთაისელი აბიტურიენტებიც:

“გონივრული მოსმენა და რჩევა მხოლოდ გონიერ ადამიანი შეუძლია – ეს იყო თემის სახელი ,,ვეფხისტყაოსნიდან,, ტარიელის და ავთანდილის ურთიერთობაზე. ხოლო არაპროგრამულზე, “გმირთა ვარამი”, თეზისი იყო: “საერთო ტკივილი მოსისხლე მტებსაც აერთიანებს”, – გვითხრა ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

“ტექსტის რედაქტირებაში 12 შეცდომა ვიპოვე. ვაბარებ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე. იმედი მაქვს, მოვხვდები”, – ამბობს დიმიტრი ფუტკარაძე, აბიტურიენტი ხონიდან.

“ველოდებოდი ვეფხისტყაოსანს და ძალიან გამიხარდა, რომ მოვიდა. რედაქტირების დროს ვიპოვე 13 შეცდომა. ჩემი ნაწერით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, კარგად ვიმუშავე. თბილისში ვაბარებ, ფსიქოლოგი მინდა გავხდე”, – გვითხრა მარიამ წაქაძემ ქუთაისიდან.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური