GE

„ვინც იცის თავის საგანი არ უნდა გაუჭირდეს დაწერა“ – პედაგოგთა უცხო ენების გამოცდის შეფასებები

2019 წლის მასწავლებელთა გამოცდაზე პრაქტიკოსმა მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველებმა გამოცდა უცხო ენებში, ბიოლოგიასა და ისტ-ში ჩააბარეს. უცხო ენების გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები აღნიშნავენ, რომ საგამოცდო ტესტები რთული არ იყო, თუმცა მოსმენის დავალების დროს წარმოქმნილ ხარვეზებზე საუბრობენ.

,,რთული არ იყო არც ტექსტი, არც ტესტები და სხვა დავალებები. ერთადერთი მოსმენის დავალება გამირთულდა, არ ვიცი რისი ბრალი იყო აკუსტიკის თუ სხვა რამის, მაგრამ ისე მკაფიოდ არ ისმოდა ხმა, როგორც წარმოვიდგენდი, ამიტომ საკმაოდ გამიჭირდა. უკეთესი იქნებოდა თუ შემდეგ წლებში ინდივიდუალური მოსმენის საშუალებები იქნება ყურსასმენებით. პირველად გავედი გამოცდაზე და მცოდნე მასწავლებლებისთვის სირთულე არ უნდა იყოს”, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან ინგლისურის პედაგოგმა ნანა გორგიშელმა.

ნინო ნადარეიშვილი: ,,უფრო მაღალი კატეგორიის ინგლისურს ვასწავლი, ვიდრე ამ გამოცდაზე იყო, ამიტომ არაფერი არ გამჭირვებია. რაც შეეხება მოსმენის დავალებას, მხოლოდ ერთი კომპონენტი ვერ გავიგე, არ ისმოდა კარგად. სხვა ხარვეზი არ ყოფილა.”

ქეთი მამარდაშვილი: ,,ინგლისურის მოქმედი მასწავლებელი ვარ ერთ-ერთ კერძო სკოლაში, პარალელურად მაგისტრატურაზე ვსწავლობ, ისევ ინგლისურის ფილოლოგიაზე. ამ გამოცდაზე პირველად გამოვედი. არ იყო საერთოდ რთული, ვფიქრობ, ვისაც ბაკალავრზე მაინც უსწავლია და ისედაც ცდილობს რაღაც ახალი შეითვისოს, არ უნდა გასჭირვებოდა.”

175-ს სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული გერმანულის მასწავლებელი: ,,ადრე გამოვედი, შაქარი მაწუხებს და იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მარტივი იყო, ალბათ, მაინც ვნერვიულობდი. რაც დავწერე კარგად დავწერე. ვინც იცის თავის საგანი არ უნდა გაუჭირდეს დაწერა. ბევრი ახალგაზრდა აბარებდა და გულით ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდა კოლეგაა და მსურველი ჩვენი პროფესიაში მუშაობის.”

გამოცდას შედარებით რთულად აფასებს მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტი ლილე იობიძე: ,,მასწავლებლობის მსურველი ვარ და პირველად ვაბარებ. მარტივად არ მომეჩვენა. თემა იყო უნდა ამოწმებდეს თუ არა მასწავლებელს წელიწადში სამჯერ შესაბამისი სამსახური, აი ღია გაკვეთილებს რასაც ვეძახით. მე ამ მსჯელობას დავეთანხმე. დახურული შეკითხვები ისეთი იყო, რომ ბევრჯერ უნდა მიბრუნებოდი, უფრო უნარების შეკითხვებს გავდა, გამორიცხვის მეთოდით რომ უნდა მიხვდე პასუხს. მოსმენის დავალება ჩემთან კარგად ისმოდა, მაგრამ სწარაფად ლაპარაკობდა და უფრო მაგან შემიშალა ხელი.”

გამოცდაზე, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 83% – ზე მეტი პედაგოგი და პედაგოგობის მსურველი გამოცხადდა. 2019 წლის პედაგოგთა გამოცდები 21 ივლისს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდით დასრულდება. წელს მასწავლებელთა გამოცდაზე 31500-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, აქედან 10 000-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველია.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური