GE

ვის ჩაეთვლება გავლილად წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური – რა წერია ახალ თავდაცვის კოდექსში სამხედრო განათლებაზე

თავდაცვის კოდექსი, რომელსაც საქართველოს პარლამენტში თვეების განმავლობაში განიხილავდნენ და კანონმდებლებს შორის არაერთი ცხარე კამათისა თუ დისკუსიის საგანიც გახდა, დამტკიცდა და მრავლისმომცველი დოკუმენტი ოქტომბერში, საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით გამოქვეყნდა.

პარალელურად, EDU.ARIS.GE-მ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასეთი ჩანაწერი ამოიკითხა: ზოგადი განათლების ხელშეწყობა – “მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება; საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გაცნობა”.

ამ გარემოების გათვალისწინებით წარმოგიდგენთ თავდაცვის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ იმ განსაზღვრებებს, რაც სამხედრო განათლების მიმართულებით კოდექსის რეგულირების სფეროა და სავალდებულოდ შესასრულებელი.

როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი მშობლების თანხმობით შეიძლება გახდეს 17 წლის პირი (სკოლის დამთავრების ასაკი) და დადგენილია აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა და ამორიცხვის წესიც. მივყვეთ თანმიმდევრულად:

კოდექსი განმარტავს, რომ სამხედრო განათლების მიზანია, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება.

სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა (სათანადო კვალიფიკაციის მისაღებად საჭირო სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სწავლების მიზნებს, თემატიკას, მეთოდებს (მათ შორის, დისტანციური სწავლების გამოყენების შესაძლებლობას), შეფასების სისტემასა და სწავლების შედეგებს) შეიძლება გაიაროს: სამხედრო მოსამსახურემ; საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სამხედრო მოსამსახურე არ არის; უცხოელმა.

სამხედრო განათლების სახეებია:

საკარიერო სამხედრო განათლება და მოიცავს: ოფიცრის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს ოფიცრის კარიერული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს; სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს სერჟანტის კარიერული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს.

სპეციალური სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების სახეობის, გვარეობის, სპეციალობისა და საჭიროების მიხედვით განათლების მიღებას/მომზადებას.

საგანმანათლებლო ერთეულებია სამხედრო სასწავლებელი და სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეული (სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეული არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ან სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს).

როგორ ფუძნდება სამხედრო სასწავლებელი და ვინ შეიძლება იყოს მისი პერსონალი

სამხედრო სასწავლებლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების წესები.

სამხედრო სასწავლებლის პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე პირებითა და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს შეიძლება დაუწესდეთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.

სამხედრო სასწავლებლის დაფინანსება

სამხედრო სასწავლებლის დაფინანსების წყაროებია: სამინისტროსთვის (თავდაცვის სამინისტრო) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები; გრანტები; ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი

1. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადის უწყებრივი შერჩევის ეტაპს, რომლის პროცედურებსაც განსაზღვრავს სამხედრო სასწავლებელი.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის წინაპირობაა ამ კოდექსით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება.

3. აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში, აგრეთვე სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

4. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი მშობლების თანხმობით შეიძლება გახდეს 17 წლის პირი.

როგორია სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხული პირის სტატუსი

1. პირს, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. პირმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიაროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

2. იუნკრის შრომის ანაზღაურებისა და სტიპენდიის ოდენობები და მათი გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის (თავდაცვის მინისტრი) სამართლებრივი აქტით.

3. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტს მასთან გაფორმებული კონტრაქტით შეიძლება შეეზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისთვის დადგენილი უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

4. იმ შემთხვევაში, თუ: ა) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) იუნკერი სამხედრო სასწავლებლიდან გაირიცხება 100 სადისციპლინო ქულის ამოწურვის გამო, მინისტრი უფლებამოსილია, სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

5. მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც სამინისტრო აფორმებს მასთან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დღეს.

6. პირს, რომელსაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტისას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და რიგითის სამხედრო წოდებით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ იგი სამხედრო სასწავლებელში 12 თვე სწავლობდა.

7. მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

ინფორმაცია საერთაშორისო სწავლების თაობაზე იხილეთ თავდაცვის კოდექსის მეთერთმეტე თავში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური