GE

ვის ეხება მინიმალური ზღვარის არსებობა მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და არსებობს თუ არა შიდა ბარიერი

განათლების მინისტრის ბრძანებით, მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისთვის მასწავლებლის 2017 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულები განისაზღვრა.

მკითხველთა ერთი ნაწილი დაინტერესდა, ეხება თუ არა ეს ბარიერები მოქმედ მასწავლებლებსაც და არსებობს თუ არა შიდა ბარიერი.

EDU.ARIS.GE-ს ამ საკითხებზე მასწავლებლთა პროფესიული განვითარების მიმართულების მენეჯერმა ირინა სამსონიამ უპასუხა.

„განათლების მინისტრის 19 ივნისის ბრძანებაში საუბარია საგნის გამოცდაზე, რომელსაც აბარებენ მასწავლებლობის მსურველები და არა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაზე, რისი ვალდებულებაც აქვთ პრაქტიკოს მასწავლებლებს. მოგეხსენებათ, ორივე მათგანი ხორციელდება ტესტირების გზით, მაგრამ მათ შორის განსხვავება ის არის, რომ საგნობრივი, ისევე, როგორც პროფესიული, კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისას მასწავლებლებისთვის მოქმედებს ქულათა დაგროვების პრინციპი, რომელიც მკაფიოდ არის განსაზღვრული სქემით, ხოლო საგნის გამოცდის ტესტირებაში შენარჩუნებულია წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი ბარიერი, რომელიც ქულათა 60%-ზე მეტს შეადგენს ყველა საგანში, ამის საფუძველზე კი თითოეულ საგანში განსაზღვრულია ქულათა მინიმალური რაოდენობა, მაგალითად, ქართულ ენასა ლიტერატურაში 43 ქულა და მეტი, უცხოურ ენაში – 55 ქულა და მეტი და ა.შ. გარდა ამისა, საგნის გამოცდის ტესტები სხვადასხვა საგანში შედგება სხვადასხვა ნაწილებისგან და, შესაბამისად, განსაზღვრულია შიდა ბარიერები.

„მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი შედგება ორი ნაწილისგან, საიდანაც ერთში – აკადემიური უნარების ნაწილში – აპლიკანტმა აუცილებლად უნდა დააგროვოს 8 ქულა და მეტი (ანუ 40%-ზე მეტი), ხოლო უცხოური ენების გამოცდა შედგება 4 ნაწილისგან, რომელთაგან თითოეულში აპლიკანტმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედზე მეტი და ა.შ.

„კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ: აღნიშნული ბრძანება გამოცემულია მასწავლებლობის მსურველთათვის და ადგენს საგნის გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად ტესტში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების რაოდენობას თითოეულ საგანში. ის არ ეხება პრაქტიკოსი, ანუ მოქმედი მასწავლებლების მიერ საგნობრივი კომპეტენციების დადასტურებას, რომელიც კრედიტქულების დაგროვების პრინციპს ეფუძნება“, – განმარტავს ირინა სამსონია.

მასწავლებლის 2017 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულები განისაზღვრა

რომელ საგანზე რამდენი პედაგოგი დარეგისტრირდა – გამოცდები 2017

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური