ვისთვის როგორ
ფატი წერეთელი, ბლოგერი
ზუსტად ორი წლის წინ ჩემი პატარა მამიდაშვილები მესტუმრნენ. უმცროსი მაშინ სკოლაშიც არ დადიოდა. უცებ მოვიხედე და ვხედავ, 5 წლის ანა ნოუთბუქიდან შედის ინტერნეტში, კრეფს www.youtube.com-ს, შემდეგ ეძებს „ტომი და ჯერის“, ირჩევს ერთ-ერთ მულტფილმს, რთავს და უყურებს. ამ ყველაფერს გაოცებული ვუყურებდი, ყოველთვის მეგონა, რომ ასეთი რაღაც ვიღაცამ უნდა გასწავლოს, და თუ უკვე ვიღაცამ ასწავლა ეს ყველაფერი ანას, დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს ნოუთბუქი პირველად ნახა – ტრადიციული მაუსის ნაცვლად ნოუთბუქის touchpad მაუსის გამოყენება ზრდასულ ხალხს უჭირს, 5 წლის ბავშვს კი არც უკითხავს ჩემთვის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ შემთხვევაში. რა იყო ეს ყველაფერი? ციფრული სამყაროს მკვიდრსა და ციფრულ სამყაროში იმიგრანტს შორის წარმოშობილი, უკვე გაცვეთილი, ტიპიური კონფლიქტი.
2001 წელს მარკ პრენსკიმ ნაშრომში „ციფრული სამყაროს მკვიდრი, ციფრული სამყაროს იმიგრანტები“ შემოიღო ტერმინი digital native – ციფრული სამყაროს მკვიდრი , რაც ასახავს მსოფლიო მოსახლეობის სწორედ იმ ნაწილს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრება დაკავშირებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიების „უნებურ“ გამოყენებასთან.
დღეს ახალ ტექნოლოგიების ფლობა ზოგისთვის გამოწვევაა, ზოგისთვის კი სუნთქვასავით ჩვეული. ეს სხვავაობა კი თვალსაჩინოა ისეთ დაწესებულებებში, როგორიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა.
საგანმანათლებლო ორგანიზაციების, განსაკუთრებთ სკოლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს დღესდღეობით წარმოადგენს სკოლაშიც იმგვარი გარემოს შექმნა, როგორიც დღევანდელი ბავშვების ბუნებრივი გარემოა – მაქსიმალურად მოახდინონ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროცესში. თუმცა, შარშან ანა სკოლაში წავიდა და საკლასო ოთახში ისეთივე დაფა, ცარცი, მერხები და სკამები დახვდა, როგორიც მე თავის დროზე. თუმცა ინფრასტრუქტურა პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა, უფრო დიდი საფიქრელია, თუ როგორ ეწყობა ციფრული სამყაროს იმიგრანტი მასწავლებელი ამავე სამყაროს მკვიდრ მოსწავლეებს.
სწორედ აღწერილი სიტუაცია გახდა იმის მიზეზი, რომ სკოლებში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების რესურსისა და მათი გამოყენებადობის შესწავლამ დამაინტერესა. თუმცა ამ მიზნით ჩვენ ჯგუფს გამორჩეული და მაღალრეიტინგული სკოლის შესწავლა ნაკლებად რეალისტურად მოეჩვენა – ჩვენი მიზანი თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის შესწავლა იყო. სწორედ ამ მიზეზით შევარჩიეთ თბილისის 126-ე საჯარო სკოლა.
თუ სიტუაციას შევაფასებთ ობიექტურად და არ გავითვალისწინებთ არსებულ უამრავ გარემოებას, როგორიცაა მაგალითად მწირი ბიუჯეტი, სკოლის მდგომარეობა არ მოგვეჩვენება დამაკმაყოფილებელი, თუმცა ყველა გარემო ფაქტორის გათვალისწინებით მდგომარების შეფასებისას საკმაოდ კარგი სურათი იქმნება.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასწავლებლებს აქვთ სურვილი, სასწავლო პროცესში გამოიყენონ ინფორმაციულ საკომუნიკაციო რესურსი. სკოლაში არის 2 კომპიუტერული ლაბორატორია და ერთი კაბინეტი – რესურსცენტრი, რომელიც აღჭურვილია პროექტორით. რესურსცენტრი ძირითადად დაკავებულია, და მასწავლებლები ერთმანეთთან და ინფორმატიკის მასწავლებელთან შეთანხმებით ატარებენ აქ გაკვეთილს. მასწავლებლებთან ჩაღრმავებული ინტერვიუების დროს გამოვლინდა მათი სურვილი და ინტერესი, რომ არსებული მწირი რესურსი მიზანმიმართულად გამოიყენონ სასწავლო პროცესში.
მინდა ყურადღება გავამახვილო ციფრული სამყაროს მკვიდრ და ციფრული სამყაროს იმიგრანტებს შორის კონფლიქტზე, რომელიც შევნიშნე. უპირველეს ყოვლსა, აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების გაკვეთილზე დასწრებისას, საკმარისი იყო მასწავლებელს ყურადღება მოექცია ჩვენთვის, მოსწავლეები მომენტალურად ხსნიდნენ თამაშს დ თამაშობდნენ, ხოლო როგორც კი მასწავლებელი მიუბრუნდებოდა მათ, ისინი მყისიერად ჩაკეცავდნენ ან გათიშავდნენ თამაშს და დავალების შესრულებას განაგრძობდნენ. საკვირველი ისაა, რომ დავალების შესრულება მაინც მოასწრეს – შესაძლოა დავალების სირთულე და შესრულების დრო უნდა შეფასდეს სწორედ ამ მოსწავლეებთან მიმართებაში, თუმცა იმავე დავალებას, როგორიცაა მაგალითად, ინტერნეტში მასალის მოძიება, ზოგიერთი მასწავლებელი მეტ დროს ანდომებდა. შუა ხნის მასწავლებლებისათვის კომპიუტერთან დაჯდომა რაღაც გამოწვევის დაძლევას უფრო ჰგავდა, ვიდრე იმ აქტივობას, რომელსაც ბავშვები ყოველდღიურად აკეთებენ და რაც მათთვის ჩვეულზე ჩვეული და მარტივია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აშკარად იგრძნობოდა მასწავლებლების არც თუ ბუნებრივი დამოკიდებულება კომპიუტერის მიმართ, ჩანდა მათი სურვილი და მონდომება, გამოეყენებინათ ეს რესურსი საგანმანათლებლო პროცესში.
თბილისის 126-ე სკოლაში ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შესაძლებელია მწირი რესურსიც მიზნობრივად გამოიყენო და შეეცადო მისი საშუალებით გახვიდე შედეგზე. ამისათვის პირველ რიგში კი მასწავლებლების მონდომება და მოტივირებაა საჭირო.
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი