GE

„წაკითხულის გააზრება უფრო რთული იყო, ვიდრე თემის ნაწილი“ – 2019 წლის სამაგისტრო გამოცდები დაიწყო

17 ივლისს 2019 წლის ეროვნულ გამოცდებში მაგისტრობის მსურველები ჩაერთვნენ. აპლიკანტებმა გამოცდაზე B ტიპის ტესტის წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩააბარეს. დღეს ისინი ტესტებს ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ ნაწილში დაწერენ.

გამოცდიდან გამოსული მაგისტრობის მსურველებმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას გამოცდაში მოსული საკითხები საკმაოდ რთულად შეაფასეს. ძირითადად აპლიკანტებს წაკითხულის გააზრების დავალება გაუჭირდათ.

175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტი, ნინო კევლიშვილი: ,,საშუალო სირთულის გამოცდა იყო. უფრო მეტად წაკითხულის გააზრება გამიჭირდა, საკმაოდ რთული ტექსტები იყო, ერთი იყო ენის წარმოშობის შესახებ, ასევე იყო ემოციურ ინტელექტზე. თემა იყო ლიტერატურულ მაღაზიებში უნდა იყოს თუ არა კაფეები. ერთი მაგისტრატურა უკვე დამთავრებულ მაქვს, ეს მეორეა. ეროვნული გამოცდები პირველად ჩავაბარე.”

ივა ლორთქიფანიძე: ,,საგამოცდო ცენტრში იყო ძალიან კარგი სიტუაცია, ყურადღების მხრივ. სიგრილეც იყო. ერთი მომენტი ის გამიჭირდა რომ შესვენება არ გვქონია გამოცდებს შორის, ანუ ტესტის პირველი ნაწილიდან ეგრევე მეორეზე გადავედით. ტექსტები მოვიდა თუ როგორ ასწავლიან ბავშვებს მეტყველებას და წერას, ასევე პირველყოფილი ადამიანების სალაპარაკო ენის წარმოშობის შესახებ, მესამე არ მახსოვს კარგად. თემა იყო ჩემთვის ძალიან მარტივი, შეიძლება თუ არა წიგნის მაღაზიებში იყოს ლიტერატურული კაფეები. ჯამში წაკითხულის გააზრება უფრო რთული იყო, ვიდრე თემის ნაწილი. პირველი მცდელობაა მაგისტრატურაზე ჩაბარების და წარმატების იმედი მაქვს.”

ანრი პოპიაშვილი: ,,ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე და მაგისტრატურასაც იგივე მიმართულებით ვაპირებ. არ იყო რთული გამოცდა, მაგრამ ვფიქრობ მისაღებ გამოცდაზე რთული მაინც იყო. წაკითხულის გააზრებაში იყო ისეთი ტექსტები, რომლებიც ბევრჯერ მოითხოვდა შემდეგ მიბრუნებას კითხვებზე პასუხის დროს და მაგას მიჰქონდა ბევრი დრო.”

ანა გობეჯაშვილი: ,,არ იყო რთული გამოცდა, ტექსტებიც მარტივად გასაგები იყო. თემები მოვიდა  – უნდა იყოს თუ არა წიგნის მაღაზიებში კაფე ან სუვენირები უნდა იყიდებოდეს თუ არა. მეორე იყო სტუდენტების აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად ადმინისტრაციამ გაატარა გარკვეული ღონისძიებები და სასურველი შედეგი ვერ მიიღო ამ ქმედებების შედეგად და ამაზე უნდა გვემსჯელა. არქიტექტურაზე ვაბარებ და წარმატების იმედი ნამდვილად მაქვს.”

ნინო გობრონიძე: ,,რთული იყო იმ მხრივ რომ მთელი ოთხი წელი შეხება არ მქონდა ამ საკითხებთან. უფრო მეტად გამიძნელდა ანალიტიკური მსჯელობა. საერთო ჯამში არ იყო რთული გამოცდა.”

კვეიძე გიორგი, ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აპლიკანტი: “თავისუფალი თემის დაწერას არც ვაპირებდი და შესაბამისად არც გადამიხედავს. რაც შეეხება ტექსტს, თუ კარგად გაიაზრებდი პასუხებიდან გამომდინარე ნახევარს მაინც გააკეთებდი. მოცემული იყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ღონისძიება, რამაც კარგი შედეგი არ დადო და ეს უნდა გაგვეკრიტიკებინა. მე პირადად ხვალ მათემატიკური ნაწილის იმედი უფრო მაქვს.”

ლაშა სანიკიძე: “წინა წლების სამაგისტრო გამოცდის ტესტების მიხედვით ვმეცადინეობდი და შემიძლია ვთქვა რომ იმავე დონის სირთულის იყო როგორიც გასულ წელს. თავისუფალი თემა უნდა დაგვეწერა იმის შესახებ თუ რამდენად მიზანშეწონილია წიგნების მაღაზიაში დამატებით გავხსნათ კაფე ან ზოომაღაზია. საკმაოდ ადვილი იყო ვნახოთ ხვალ რა იქნება.”

გამოცდაზე დარეგისტრირებული მაგისტრობის მსურველების 87%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა. დღეს მეორე სესიაზე ისინი გამოცდას ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩააბარებენ.

მოამზადეს ანუკი წიწილაშვილმა და ჟუკა ბანძელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური