„წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები 2018 წლიდან გაიზრდება“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიული განვითარების მოტივაციის ამაღლების მიზნით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება სქემაში ჩართული წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი.
ამის შესახებ მინისტრმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბიუროკრატიულ პროცედურები, იმისათვის, რომ მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ.
“განათლების პროცესში უმთავრეს როლს პედაგოგი ასრულებს, მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შევქმნით რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებაზე. ამავდროულად უწყვეტ რეჟიმში და კომპლექსურად განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი. დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმები რომელთა მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება“,- განაცხადა ჩხენკელმა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მასწავლებელთა დანამატების ან სახელფასო მატება გათვალისწინებული არ არის. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახსრებით გეგმავს მისი უწყება მასწავლებელთა სქემაში ჩართული პედაგოგებისთვის დანამატების გაზრდას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მატება სულ 225 მასწავლებელს შეეხება.
ზაფხულის გამოცდის შემდეგ არსებული მონაცემებით, სტატუსების მიხედვით მასწავლებელთა გადანაწილება ასეთია:
პრაქტიკოსი– 44 570
უფროსი-18 809
წამყვანი-216
მენტორი -9
ამჟამად მასწავლებელთა სტატუსის შესაბამისი დანამატები და ხელზე ასაღები ოდენობა ასეთია:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარი.
ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარი.
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარი.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება