“წერა-კითხვის უცოდინარი დირექტორი” და პედაგოგების მდუმარე აქცია ახალციხის სკოლაში
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის 1300-მდე მოსწავლეს ორშაბათი დღე განსხვავებულად დაეწყო. სასკოლო ოთახებში შესულმა პედაგოგებმა საშინაო დავალებების გამოკითხვისა და ახალი მასალის ახსნის ნაცვლად დუმილი არჩიეს. სკოლაში სასწავლო პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.
“მდუმარე აქციით” მასწავლებლები სკოლაში ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გაკვეთილებს იქამდე არ ჩაატარებენ ვიდრე სკოლას ინგა ვარდიძე უხელმძღვანელებს. პრობლემის მოსაგვარებლად პედაგოგები ახალციხეში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ჩასვლასაც ითხოვენ. Aris.ge-განათლება დაპირისპირებულ მხარეებს ესაუბრა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციაც მოიპოვა.
“სკოლის ყველა პედაგოგი გაფიცულია. შევდივართ საკლასო ოთახებში, ვსხედვართ, მაგრამ გაკვეთილებს არ ვატარებთ. დუმილის დღე გვაქვს. აქამდე კიდევ მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ამდენმა გულგრილობამ და უშედეგობამ იძულებულები გაგვხადა, პროტესტის ამ ფორმისთვის მიგვემართა. არ გვინდა ინგა ვარდიძე დირექტორად. ის “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ლობირებს. თავადაც ადიგენის საკრებულოს წევრია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. არ გვინდა სკოლაში ძველი 9 წელი დაბრუნდეს, ისევ შიშსა და სტრესში ვიყოთ. გარდა ამისა, პიროვნულადაც მიუღებელია. კონტაქტში შესვლა უჭირს. დიპლომატიაზე და კულტურაზე საუბარიც ზედმეტია. პედაგოგებს აშინებს – გაკვეთილზე თუ არ შეხვალთ ხელფასებს დაგაკლებთო. მისი ბიოგრაფია და cv-ი ნახეთ. წერა-კითხვის უცოდინარია. მისი დირექტორობა პედაგოგებისა და მოსწავლეების შეურაცყოფაა”-განუცხადა Aris.ge- განათლებას პედაგოგმა ნინო ბლუაშვილმა.
ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები დირექტორად ნანა დათაშვილის დანიშვნას ითხოვენ. სწორედ დათაშვილი ხელმძღვანელობდა სკოლას ბოლო 11 თვის მანძილზე. მას შემდეგ, რაც სკოლის ყოფილი დირექტორი, ვანო მერაბიშვილის დედა – ჟენია მერაბიშვილი თანამდებობიდან გაუშვეს.
“მე ავტომატურად, შიდა ბრძანების საფუძველზე დავინიშნე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მას შემდეგ რაც ქალბატონი ჟენია გაუშვეს. როგორც მისი მოადგილე მოვალეობას ვასრულებდი 11 თვის მანძილზე. დირექტორის ხელფასი 1400 ლარია, მე კი 400 ლარს ვიღებდი. აბსოლუტურად ენთუზიაზმზე ვიმუშავე. თუმცა პედაგოგებთან ერთად ყველაფრის შეცვლა მოვახერხე. რაც მთავარია, სკოლაში თავისუფალი აზრი და სიტყვა დაბრუნდა. შიში აღარ იყო და ყველანი მაქსიმალურად ბავშვების განათლებაზე ვიყავით ორიენტირებულები. თუ მცვლიდნენ რატომ მამუშავეს ამდენი თვე? 60 დღის ვადაში შეეძლოთ ახალი მოეყვანათ და დაენიშნათ. მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ ინგა ვარდიძე სერთიფიცირებული დირექტორიაო. ეს აბსურდია. სერთიფიცირებული დირექტორების სკოლაში შეყვანის ეტაპი ჯერ არ დაწყებულა. თან ჩვენს სკოლაშიც ბევრმა გაიარა სერთიფიცირება რაღა სხვა რაიონიდან ჩამოჰყავთ. არც სკოლა იცნობს ამ ქალს და არც ის იცნობს სკოლას. იძახის “თვენახევარი დამაცადეთო” რას აპირებს ამ თვენახევარში ან მერე არავინ ვიცით. 11 მარტს მიმართა შესაბამის უწყებას მეხუთე სკოლაში დამნიშნეთ დირექტორად და 12 -ში დაინიშნა კიდეც. არც ერთი პედაგოგი მის მიღებას არ აპირებს. არ დავემორჩილებით და სანამ ის იქნება ჩვენ გაკვეთილებს არ ჩავატარებთ,”-განუცხადა aris.ge-განათლებას დირექტორის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ნანა დათაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახალი დირექტორი პედაგოგებს ხელფასებით დაკლებით ემუქრება და აცხადებს, რომ არ ჩატარებულ საათებს ხელფასებიდან გამოუქვითავს.
Aris.ge- განათლება ინგა ვარდიძესაც დაუკავშირდა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ რამდენიმე პედაგოგი სიტუაციას ხელოვნურად ამწვავებს.
“პედაგოგების პროტესტი უსაფუძვლოა. მათ თავიანთი კანდიდატი სჭირდებათ. მათ კანდიდატი კი სერთიფიცირებული არაა. რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიას – დაამახინჯეს, რაღაცეები მოჭრეს. ხელოვნურად ქმნიან ამ სიტუაციას. რაც შეეხება იმას რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ – არ მესმის პოლიტიკას რა ნიშანი და ადგილი უკავია. არ ვიცი ამდენ ბრალდებას რა ვუპასუხო. ვესაუბრე პედაგოგებს ცალ-ცალკე. ბირთვი აწყობს ამ აქციებს და ხელს უშლიან მასწავლებლებს აზრი თავად ჩამოაყალიბონ,”-აცხადებს ინგა ვარდიძე.
Aris. Ge-განათლების კითხვაზე, როგორ აპირებს ის სიტუაციის დარეგულირებას და სასწავლო პროცესის აღდგენას? – მეხუთე სკოლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა მოიმიზეზა, რომ კითხვა ვერ გაიგო და მობილური ტელეფონი გათიშა. მოგვიანებით კი aris.ge-განათლების ზარებს აღარ უპასუხა.
განათლების სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა და გაკვეთილს მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი არ ატარებს.
გარდა ამისა, სამინისტრო ხაზგასმით განმარტავს, რომ ვარდიძე დირექტორი არ არის. იგი მოვალობის შემსრულებელია. ახალ დირექტორს კი სკოლის სამეურვეო საბჭო სურვილისამებრ დანიშნავს.
“მოგეხსენებათ, რომ სამინისტრომ დანიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რადგან სკოლას ამ დრომდე დირექტორი არ ჰყავდა. ნანა დათაშვილი შიდა ბრძანებით იყო დანიშნული ყოფილი დირექტორის მიერ, მისი არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. დათაშვილი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში რეგისტრირებული იყო, როგორც დირექტორის მოადგილე, რაც მას ავალდებულებდა დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობა შეეთავსებინა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია ამ ეტაპზე ვაკანტური იყო. გამომდინარე აქედან, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინისტრმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ინგა ვარდიძე დანიშნა,”- განუცხადეს Aris.ge-განათლებას სამინისტროში.
რაც შეეხება პედაგოგების მოთხოვნას, მინისტრის ახალციხეში ჩასვლის შესახებ, სანიკიძის უწყებაში განმარტავენ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქმის კურსშია და პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობს.
ეკა არის© წივწივაძე
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება