„წიგნიერებაში ყველაზე მეტად გვიჭირს“ – PISA 2018 და ქართველი მოსწავლეების გაუარესებული შედეგები
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შედეგები 2015 წლის შედეგებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია.
PISA 2018 ქვეყნების სია და საქართველოს პოზიციები, რომელსაც ყაზახეთი და აზერბაიჯანიც უსწრებს
როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, საქართველო ამ კვლევაში 2009 წლიდან მონაწილეობს (2012 წელს ამ ციკლში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია). ათწლიან ციკლს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მონაცემები გაუმჯობესებულია, თუმცა 2015 წელთან შედარებით, მაინც ნაკლებია.
„oecd-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალო მონაცემებს თუ შევადარებთ, ათწლიან მონაკვეთში გაუმჯობესება გვაქვს. დინამიკა ზრდადია, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ წიგნიერებაში ყველაზე მეტად გვიჭირს, მათემატიკაში კი ყველაზე კარგი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საერთო სურათი სახარბიელოა, თუმცა მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, გენდერული ბალანსი გოგონების სასარგებლოდ მეტყველებს, ბიჭებთან შედარებით გაცილებით კარგი შედეგები აჩვენეს.
PISA 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ.
PISA 2018-ის ტესტებში მიღებული ქულები (ანუ ის ერთეულები, რომლებშიც შეფასების შედეგები არის გამოსახული) ერთმანეთს ადარებს როგორც ქვეყნებს, ასევე PISA-ს წინა ციკლების შედეგებს.
PISA-ს შედეგების ინტერპრეტაციის გასამარტივებლად შეფასების სკალა დაყოფილია მიღწევის დონეებად.
PISA 2018-ში 79 მონაწილე ქვეყნიდან 70 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა ტესტი შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის მოსწავლეებმა – ქაღალდზე.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA-ს ძირითად მიზნებია იმის შეფასება, თუ:
- რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის;
- რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ და რამდენად ფლობენ მოსწავლეები ზოგად კომპეტენციებს: დამოუკიდებლად სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ს მიერ და მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველო კვლევაში 2009 წელს ჩაერთო იმ 10 ქვეყანასთან ერთად, რომლებიც შედარებით მოგვიანებით შეურთდნენ კვლევას – „PISA 2009 +“ პროექტის ფარგლებში. ჩვეულებრივ, თითოეულ ქვეყანაში კვლევაში მინიმუმ 150 სკოლა და ამ სკოლებიდან შემთხვევით შერჩეული 4500- დან 10000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
ამ კვლევას საფუძვლად უდევს წიგნიერების ზოგადი კონცეფცია – PISA ფოკუსირებულია მოზარდთა შესაძლებლობებზე, გამოიყენონ ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, იგი არ შემოიფარგლება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შინაარსობრივი საკითხებით და ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირებულად გამოყენებას აფასებს. მის სამიზნე ჯგუფს 15 წლის მოზარდები წარმოადგენენ.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება