GE

ხელმიუწვდომელი “ხელმისაწვდომობა”-რა ხდება მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, იანვრიდან ახალი პროექტი “სკოლების ხელმისაწვდომობა” ამოქმედდა. პროგრამაში 190 საჯარო სკოლაა ჩართული და 9 000-ზე მეტ მოსწავლეს სასკოლო ავტობუსები მოემსახურებათ. სატრანსპორტო მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უზრუნველყოფენ.

6 მარტიდან პროექტში დამატებით 140 სკოლა ჩაერთვება. შედეგად 1 600 მოსწავლის ტრანსპორტირება განხორციელდება.

სასკოლო ავტობუსებით სოფლად მცხოვრები მოსწავლეები ისარგებლებენ, რომლებსაც ყოველდღიურად 10-20 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

გუდამაყრის ხეობაში ერთი სკოლაა. აქ მოსასვლელად ბავშვებს ფეხით კილომეტრების გავლა უწევთ. ამ მხრივ გვიჭირს. კარგი იქნება, რომ ტრანსპორტი გვყავდეს. ადრე რაიონის მუნიციპალიტეტმა ავტობუსი მოგვცა, თუ განრიგით ივლიდა ბავშვებსაც პრობლემა არ შექმნებოდათ, მაგრამ არ გაამართლა. ხეობა დაიცალა, ხალხი აღარ იყო და მგზავრი არ ჰყავდათ. საწვავს ვინ აანაზღაურებდა? ამიტომ ბავშვებს ძველებურად ფეხით სიარული უწევთ. თუ რაიმეს დაბეჭდვა გვინდა, მაშინ დუშეთში მივდივართ ან ფასანაურში.” – ამბობს ჩვენთან საუბარში გუდამაყრის სკოლის დირექტორი ჟუჟუნა წიკლაური.

ამ მხრივ მაღალმთიანი სოფლების სკოლების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. არადა, პირველ რიგში სწორედ ისინი საჭიროებენ ყველანაირ ხელშეწყობას, რომ სოფლები მოსახლეობისგან, ხოლო სკოლები მოსწავლეებისგან არ დაიცალოს. იმაზე გულსაკლავი სანახაობა რა უნდა იყოს, ვიდრე დადუმებული სკოლაა. თუმცა, ჩვენს რეალობაში ეს არც თუ ისე იშვიათი სანახავი გახდა. ამიტომ მოსწავლეთა მცირეკონტიგენტიანი სკოლები ყველანაირად ცდილობენ მოსწავლეების შენარჩუნებას, მაგრამ მათ ცდას სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი.

თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე მაღალმთიანი სოფლების ბევრ სკოლაში მოსწავლის მაჯისცემა შეწყდება.

გუდამაყრის ხეობა, შატილი, მესტიის სოფლები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. მოსახლეობა ბარად მიედინება, ხოლო ადგილზე დარჩენილები დაკისრებული მოვალეობას პირნათლად ასრულებენ.

გუდამაყრის სკოლაში 17 მოსწავლეა. ხეობა თითქმის დაიცალა. ფაქტობრივად, სკოლა აღარ სუნთქავს. სამი წელია, რაც პირველი კლასი არ გვყავს. ამჟამად, მე-8, მე-3, მე6, მე-9, მე-10 და მე11-12 კლასები გვყავს. მე8-კლასში 5 მოსწავლე გვყავს, დანრჩენებში თითო-ოროლა. ძალიან მძიმე პირობებია, უფროსი თაობა წავიდა და მომავალი თან წაიყვანეს. ქალაქის გარეუბნებში სახლები იყიდეს. აქაურობას ვინც შემოვრჩით, მათ წასასვლელი არსად გვაქვს. ჩვენი მოთხოვმის საფუძველზე ახლახანს განათლების სამინისტრომ 10 მერხი გადმოგვცა. გვაქვს ბიოლოგიის, ქიმის და ფიზიკის კაბინეტები. სკოლას ორი კომპიუტერი აქვს. გარემონტებას დაგვპირდნენ. 80-იანი წლების შემდეგ აქ არაფერი გაკეთებულა. ძირითადი პრობლემა მოსწავლეების მცირეკონტიგენტია.” – ამბობს ჟუჟუნა წიკლაური.

მოსწავლეთა მცირეკონტიგენტი შიდა მიგრაციასთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მოგვარება განათლების სამინისტროს არ ხელეწიფება, საჭიროა სახელმწიფოს ნება და ხელშეწყობა. თუმცა, ისეთი პრობლემის მოგვარება, როგორიც მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაა, სწრაფად უნდა მოხდეს.

შატილში მხოლოდ ერთი სკოლა მოქმედებს, რომელიც 2005 წელს გერმანელების დახმარებით გაიხსნა. ორ სართულიან ხის შენობაში სკოლა და საცხოვრებელია განთავსებული. პირველ სართულზე საკლასო ოთახებია, ხოლო მეორეზე ის მოსწავლეები ბინადრობენ, რომლებიც სკოლისგან კილომეტრების დაშორებით ცხოვრობენ. იმის გამო, რომ ფეხით მოსიარულეთათვის საკმაოდ სახიფათოა გზებია, თანაც ყოველდღიურად შორი მანძილის გავლა ბავშვებისთვის რთულია, ისინი სკოლაში კვირა საღამოს მიდიან და პარასკევს კვლავ შინ ბრუნდებიან. ასე გრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე. მათ კვებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

შატილის სკოლას სულ 12 მოსწავლე ჰყავს. ყველაზე მრავალრიცხოვანი მე-11 კლასია, სადაც 3 მოსწავლეა. რთული საცხოვრებელი პირობების გამო, იქაურობას ბევრი გაექცა. ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე შატილი გარესამყაროს მოწყვეტილია.

მზია ჭინჭარაული მეორე წელია, რაც შატილის სკოლის მოსწავლეებს ქიმიას ასწავლის. პროექტის, “ასწავლე საქართველოს” ფარგლებში შატილს სამი პედაგოგი სტუმრობს. ისინი სკოლის შენობაში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი პირობების გამო ცხოვრება რთულია, ჩვენი რესპოდენტი პროექტის მესვეურების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და ამბობს, ეს ერთ-ერთი ხელშემწყობია, რომ სკოლა მოსწავლეებისგან არ დაიცალოს.

“ხევსურეთი, პირაქეთახევსურეთი, შატილი, მუცო, მოსახლეობისგან დაიცალა. ამან სკილებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია. სკოლაში ინტერნეტი არ გვაქვს, რაც საშუალებას არ გვაძლევს, რომ გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანი, სახალისო გავხადოთ, ამა თუ იმ საკითხზე მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ. სკოლაში ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოწყობილია. არ არის ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ამ პროექტის გამო, რომ მუშაობის და პრაქტიკის საშუალება მოგვცა.” – ამბობს მზია ჭინჭარაული.

სვეტა ნიგურიანი, მესტიის რესურს-ცენტრის მოვალეობის შემსრულებელი: “რა თქმა უნდა, ზამთარში გადაადგილების პრობლემაა. კომპიუტერი ყველა სკოლაშია, მაგრამ ინტერნეტი ცუდად მოგვეწოდება. ყველა პრობლემის შესახებ სამისნიტროს ვამცნობთ და რეაგირებენ.”

პროექტის “სკოლის ხელმისაწვდომობა” ფარგლებში მინიტრი გიორგი მარგველაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების თოლენჯის, მელიასხევის და ჩეკურაანთგორის იმ მოსწავლეებს შეხვდა, რომელბიც სოფელ ხევსურეთსოფლის საჯარო სკოლაში სწავლობენ და ყოველდღე 10-20 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. მოსწავლეებს მარტიდან ავტობუსი მოემსახურებათ და საკმაოდ სახიფათო გზის გავლა ფეხით აღარ მოუწევთ. ეს პრობლემა თიანეთის 30 სოფლისათვის აღარ იარსებებს.

როგორც მოსახლეობა მიიჩნევს, სკოლის ხელმისაწვდომობა სოფლებიდან ახალგაზრდების გადინების პრობლემასაც გადაჭრის, მშობლები აღარ იქნებიან იძულებულნი შვილები დედაქალაქის ან რაიონული ცენტრების სკოლებში გადაიყვანონ,” – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს საიტზე.

სამინისტროს ეს ნაბიჯი მისასალმებელია. თუმცა, კარგი იქნება თუ ამ პრობლემას იმ სოფლების სკოლებსაც მოუგვარებენ, საიდანაც ახალგაზრდების გადინება აშკრად თვალშისაცემია.

იმედი ვიქონიოთ, ამ სოფლების სკოლებში ზარი ყოველ დილით დაირეკება და იქაურობა ბავშვების ჟრიამულით კვლავ აივსება.

სალომე არის© გოგოხია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური